ნარმანია კალაძეს ჭკუას ასწავლის – “თბილისის გენგეგმა ყველას მოსაწონი ვერ იქნება”

ნარმანია კალაძეს ჭკუას ასწავლის - "თბილისის გენგეგმა ყველას მოსაწონი ვერ იქნება"ყველამ თავისი პოლიტიკური, პიროვნული ამბიცია თუ სხვა რაღაცები გვერდზე უნდა გადადოს, ვინაიდან ერთად დასხდომის დროა. შეუთანხმებელი არაფერი იქნება, უბრალოდ გენერალური გეგმა თავისი არსით ისეთი დოკუმენტია, რომ აბსოლუტურად უნივერსალურ და ყველასთვის მოსაწონ დოკუმეტს ვერ მივიღებთ.

ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც გენგემასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
ნარმანიას თქმით, კარგი იქნება, თუ გენგეგმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია და გენგემაზე მომუშავე ჯგუფი დასხდება და იმსჯელებს.
– მე მგონი, ახლა არის ის ეტაპი, როდესაც გენერალური გეგმის ჯგუფი და თბილისის მერია ერთად უნდა დასხდნენ. ცალ-ცალკე განხილვებით და ასე ვთქვათ ეთერებით ეს საკითხი ასე არ მოგვარდება. უბან-უბან უნდა გაიარონ წარმოდგენილი ზონირება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც საუბარი, რომ ახალი მერიის პროგრამა, ახალი გუნდის ხედვები შესაძლოა ოდნავ განსხვავებული იყოს, ვიდრე ჩემი პროგრამა და ჩემი ხედვები იყო. ამიტომ გენგეგმის, ასე ვთქვათ, კონცეპტუალური ქუდი და საკითხი, ასევე ახალი გუნდის, კახი კალაძის საარჩევნო პროგრამა ერთმანეთთან ჰარმონიზაციაში უნდა მოვიდეს. შესაბამისად, ითქვა კიდეც, რომ კარები ღიაა და ერთად გავიაროთ საკითხი. ახლა ყველამ თავისი პოლიტიკური, პიროვნული ამბიცია თუ სხვა რაღაცები გვერდზე უნდა გადადოს, ვინაიდან ერთად დასხდომის დროა. შეუთანხმებელი არაფერი იქნება, უბრალოდ გენერალური გეგმა თავისი არსით ისეთი დოკუმენტია, რომ აბსოლუტურად უნივერსალურ და ყველასთვის მოსაწონ დოკუმენტს ვერ მივიღებთ, – განაცხადა ნარმანიამ.

იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს მხარეებმა, ნარმანია არ გამორიცხავს, რომ საქმე სასამართლომდეც მივიდეს.

– ყველაზე ბოლო ინსტანცია ალბათ, სასამართლო იქნება, რადგან ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა და ხელშეკრულებაც. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ საქმე იქამდე არ მივა, რადგან ეს პირველ რიგში ავნებს ქალაქს, – განაცხადა ნარმანიამ.
ინტერპრესნიუსი