ნიკოლოზ მეტრეველი – “ქართული ოცნება” და “ევროპული საქართველო” გაერთიანდებიან – ჭუჭყიან პოლიტიკაში ყველაფერია შესაძლებელი”

ნიკოლოზ მეტრეველი - "ქართული ოცნება" და "ევროპული საქართველო" გაერთიანდებიან - ჭუჭყიან პოლიტიკაში ყველაფერია შესაძლებელი"რატომ ვეღარ არჩევენ ერთმანეთისგან “ოცნებას” და “ევროპულ საქართველოს”, რატომ თქვა უარი ბოკერიას გუნდმა სააკაშვილთან ერთად ყოფნაზე, შეძლებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა სუფთა ადამიანების მიზიდვას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების ცენტრის” დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი ესაუბრება.
– რამდენიმე კვირის წინ კახა კალაძემ თქვა, რომ ისინი ითანამშრომლებენ “ევროპულ საქართველოსთან”, რადგან ის არ არის ისეთი მარგინალური ძალა, როგორც ნაციონალური მოძრაობა. ამ დღეებში ამ ორმა პარტიამ პარლამენტში ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. დაიწყო თუ არა მათი თანამშრომლობა?
– “ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” თანამშრომლობა დაწყებულია. ჩემი აზრით ეს თანამშრომლობა მომავალში სულ უფრო მეტად მრავალმხრივი იქნება. რაც რამოდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: 1. “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო საკუთარი პარტიული იდეოლოგიის შემუშავება. 2. პარტიას არ გააჩნია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტატეგიული გრძელვადიანი გეგმა. საუბრები ტურიზმზე, სოფლის მეურნობაზე და 100 ახალი საწარმოს გახსნაზე სტატეგიული გეგმა არ არის. 3. მან არ და ვერ შეიმუშავა საქართველოს საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი დროში გათვლილი სტრატეგიული პროგრამა. საუბრები ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და საქართველოს ევროპულ არჩევანზე სტრატეგიული პროგრამა არ არის. 4. მმართველი პარტია და შესაბამისად სახელმწიფო სტრუქტურები ყველა დონეზე უმწვავეს საკადრო დეფიციტს განიცდიან. მაგალითისათვის ამ პარტიის პარლამენტის წევრებს შეგვიძლია გადავხედოთ. 5. “ქართული ოცნების” პრობლემაა პარტიის შიგნით არაფორმალური ფრაქციულობა და სუსტი გუნდური დისწიპლინა.
“ქართული ოცნება” მზარდი მასშტაბებით კარგავს ამომრჩეველთა მხარდაჭერას. ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს ყველაზე მარტივი გზა აერჩიათ ამ პრობლემების გადასაჭრელად – “ევროპულ საქართველოსთან” ალიანსირებით.
– “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის სხდომაზე გამოთქვა საყვედური, რომ ამომრჩეველმა უკვე აღარ იცის, სად მთავრდება “ევროპული საქართველო” და სად იწყება “ოცნება”. “ევროპული საქართველოს” გამო “ოცნებაში” რაიმე უთანხმოება ხომ არ არის მოსალოდნელი?

– მე ვფიქრობ, რომ ამომრჩეველი ჯერ კიდევ ხედავს ამ განსხვავებას, მაგრამ თუ ამ პარტიების ალიანსირება განსაკუთრებით საკადრო სფეროში არ შენელდება, ამომრჩეველი თავის ვერდიქტს აუცილებლად გამოიტანს.
თავისთავად პარტიათა ალიანსი და კოლიციური მთავრობები ნორმალური და მისაღები ფორმაა პოლიტიკაში, რასაც მე პირადად მივესალმები, ოღონდაც როდესაც ალიანსი იქმნება ისეთ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის ლიდერებიც ძალიან სერიოზულ, ჯერ კიდევ გამოუძიებელ დანაშაულებებში არიან ეჭვმიტანილნი, ამას ელექტორატის დაკარგვა და პარტიის საბოლოო რღვევაც მოჰყვება.
– ბევრი ვარაუდობს რომ “ევროპული საქართველო” ბოლოს მაინც ნაციონალების წიაღში დაბრუნდება. ამაზე რას ფიქრობთ?
– “ევროპული საქართველოს” უდაოდ გამჭრიახი ლიდერები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ სააკაშვილთან ასოცირება მათთვის პოლიტიკურად წამგებიანია მოცემულ ეტაპზე. მათაც, “ოცნების” ლიდერებივით, გადაწყვიტეს, ხელისუფლებაში დარჩენის მარტივი და მომგებიანი გზები აერჩიათ “ოცნებასთან” გარიგებით. ეს სრულებით არ გამორიცხავს მომავალში მათ კვლავაც გაერთიანებას. ჭუჭყიან პოლიტიკაში ყველაფერია შესაძლებელი.
– როგორია ამ სიტუაციაში ნაციონალური მოძრაობის პერსპექტივები?
– მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი მყარი ელექტორატი გააჩნია და ეს უდაო ფაქტია. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა ეს პოლიტიკური ძალა ახალი, სუფთა წარსულის მქონე ადამიანების მოზიდვას რაც ძალიან რთული იქნება.
ასევე ნაციონალურმა მოძრაობამ სწრაფად და ეფექტურად უნდა გადაჭრას ფინანსური პრობლემები ამ პრობლემის არსებობა აშკარად სახეზეა. მე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ერთპიროვნული დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ.
– ბოლო დროს აშკარაა, რომ “ოცნების” დეპუტატები ივანიშვილის დასაცავად ხმას არ იღებენ და თითქოს მისგან დისტანცირებას ცდილობენ. ამაზე რას ფიქრობთ. უღალატებენ თუ არა?
– “ოცნების” დეპუტატების დაცვა ბიძინა ივანიშვილის არაფერში სჭირდება, პირიქით ამ ადამიანს ანალიზის შესაშური უნარი გააჩნია და კარგად ხედავს, თუ რას დაემსგავსა დღეს “ოცნება” და საით მიდის.
ამ ტიპის და მასშტაბის ადამიანებს აქვთ უნარი და, რაც მთავარია, რესურსები, რომ ახალი გზები და პარტნიორები აირჩიონ. მექსიკა და კარლოს სლიმი ამის შესანიშნავი მაგალითია. პარტიები და პოლიტიკოსები იცვლებიან და არა – ამ ტიპის ადამიანების შესაძლებლობები.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა