“ოცნება” ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადება?

ნიკოლოზ მჟავანაძე: “ხანძრების უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან”

"ოცნება" ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადება?რითი ჰგავს დღევანდელი პროცესები ვარდების რევოლუციის წინა პერიოდს, ვის სურს საქართველოში დესტაბილიზაცია, რატომ გახშირდა ხანძრები, ვინ ლობირებს “ევროპულ საქართველოს”? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

– თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ გახშირებული ხანძრების უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან. რის საფუძველზე აკეთებთ ასეთ დასკვნას?

– შევარდნაძის დროს მთელი საქართველო “ბუტკებად” და ბაზრობებად იყო ქცეული, მაგრამ მაშინ ერთი ხანძარიც კი არ გაჩენილა სავაჭრო ობიექტებში. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პერიოდში დენი მიდი-მოდიოდა და მოკლე ჩართვებისთვის ხელსაყრელი ნიადაგი იყო, მაგრამ არც ერთ ბაზრობაზე არ გაჩენილა ხანძარი. 2014 წლის მერე რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ობიექტი დაიწვა.

ამდენი ხანძარი საეჭვოა, თან როგორც კი სადმე ალი ავარდება, იქ უმალ ჩნდება რუსთავი 2-ის მიკროფონი. სიუჟეტში ვიღაცები ყვირიან, რომ ხანძარი ივანიშვილმა გააჩინა.

რაში აწყობს ხელისუფლებას ხალხის განაწყენება? ხალხი “ქართული ოცნებით” ისედაც დიდად აღტკინებული არ არის, ქვეყანაში ისედაც უამრავი პრობლემაა. ასეთ ვითარებაში ხალხის გამწარება და კრიტიკული მასის გაზრდა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.

აშკარაა ისიც, რომ ეს ხანძრები ხელოვნურად არის გაჩენილი და ამის უკან ვიღაც დგას. ეს ვიღაც შეიძლება იყოს ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ან ნაციონალური მოძრაობა.

– ნაციონალურ მოძრაობას რაში აწყობს ეს ხანძრები?

– კრიტიკული მასის გასაზრდელად. ეს ის ძალაა, რომელმაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს ხურჩაში ავტობუსი ააფეთქა. ამ პარტიის ლიდერი სააკაშვილი ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრისას ეუბნებოდა, მუხტის ასაწევად ორსული ქალი მოკალითო. იგივე სააკაშვილი თავის მეგობარ სოფო ნიჟარაძეს არწმუნებდა, სისხლი დაიღვრებაო. გაიძახოდა, ქინძი ვიყოო.

– ქინძი ხანძართან რა შუაშია?

– ქინძი არაფერ შუაშია, ნაციონალები არიან ყველა უბედურების სათავეში. ხურჩაში ავტობუსის ამფეთქებლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

– სააკაშვილი რატომ არ დაიჭირეს, რომელიც, როგორც თქვენ თქვით, საპროტესტო მუხტის ასაწევად ფეხმძიმე ქალის მოკვლას ითხოვდა?

– სააკაშვილი როგორ უნდა დაიჭირონ, როცა რომელიმე რიგითი ნაცის დაჭერასაც ამხელა ამბავი მოსდევს. ამ ადამიანის დაჭერა პოლიტიკური საკითხია. ახლა რაც შეეხება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს, ხანძრებში მათი მონაწილეობა არ უნდა გამოირიცხოს. მოსახლეობაში უკმაყოფილების მუხტის შეტანა მათ ინტერესებშიც არის.

– რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები გვიკიდებენ ცეცხლს?

– ყველას რატომღაც რუსეთზე ემართება ელეთ-მელეთი. არადა, ჩვენ მიმართ სხვა ქვეყნებსაც აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები. არც ერთ ჩვენ მეზობელთან არ არის დადგენილი საბოლოო საზღვარი. ამიტომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. დივერსია, შესაძლოა, ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურმა მოგვიწყოს.

ახლა ვიღაც გამოვარდება და იტყვის, დივერსია თუ არის, ეს უნიათო მთავრობა რატომ არ იძიებსო.

– რაღა ვიღაცა, მეც მაინტერესებს, დივერსია თუ არის, რატომ არ იძიებენ?

– არ არის ასეთი საქმის გამოძიება ადვილი. მაინტერესებდა, როგორი სტატისტიკაა დასავლეთში ხანძრების გამოძიებისა. არც იქ არის ამ მხრივ სახარბიელო სურათი. როდესაც ყველა ნივთმტკიცება ნადგურდება, ძალიან ძნელია იმის დადგენა, რისგან გაჩნდა ხანძარი.

როგორც ამბობენ, საქართველოშიც შემოვიდა რაღაც ფხვნილი, რომელსაც რომ დაყრი, ცოტა ხანში ალდება და ხანძარს აჩენს. ხანძრების გამოძიება დასავლეთშიც უჭირთ. ეს კარგად იციან სპეცსამსახურებმა და ამ ფორმით უწყობენ საქართველოს დივერსიას.

ბოლო წლებში საქართველოდან 800.000-მდე ადამიანი გავიდა. ამ ხანძრებმა უამრავი ადამიანი დატოვა ულუკმაპუროდ. საქართველოდან წასვლას ისინიც შეეცდებიან. ასე ნელ-ნელა იცლება საქართველო.

– გინდათ თქვათ, რომ ხანძრებს იმიტომ აჩენენ, რომ საქართველო მოსახლეობისგან დაიცალოს?

– საქართველო რომ ქართველებისგან დაიცალოს, ამაზე ბევრი ოცნებობს. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს სხვა მიზანიც აქვთ – უკმაყოფილო ხალხი ხელისუფლებას დაუპირისპირდეს. ადამიანები ისე არიან გამწარებული, რომ ისინი, შესაძლოა, ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ გამოიყენოს.

რუსთავი 2-მა, მაგალითად, ბეზ სუდა ი ბეზ სლედსტვია საქმე გახსნილად გამოაცხადა და ივანიშვილი დაადანაშაულა ხანძრების მოწყობაში.

– თქვენც ბეზ სუდა ი ბეზ სლედსტვია არ დაადანაშაულეთ ნაციონალები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ხანძრების მოწყობაში?

– მე არავინ არ დამიდანაშაულებია, მხოლოდ ეჭვი და ვარაუდი გამოვთქვი. რუსთავი 2-ზე ყურადღება მხოლოდ იმიტომ გავამახვილე, რომ ის ნაცების პროპაგანდისტული მანქანაა. და რადგან მათი მხრიდან ასეთი აზრის ჩამოყალიბება ხდება, ბუნებრივად მიჩნდება კითხვა, ამ ხანძრების უკან თავად ნაციონალები ხომ არ დგანან.

შექმნილი ვითარება ძალიან მაგონებს ვარდების რევოლუციის წინა პერიოდს. ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებთან – კობა ნარჩემაშვილთან და ლევან კენჭაძესთან. ისინი ყვებოდნენ, რომ ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრე საქართველოში საეჭვოდ დაიწყო დენის გამორთვა.

ვიღაც ტიპები სვანეთში, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს აფეთქებდნენ და მთელი საქართველო სიბნელეში იყო. ეს მაღალჩინოსნები იხსენებენ, რომ რამდენჯერმე ჰქონდათ მცდელობა, ჩაერთოთ დენი, მაგრამ მიიღეს მითითება – ნუ ჩაერევით ამ საქმეში.

იმ პერიოდში მოსახლეობამ არაერთხელ გადაკეტა რუსთაველი და საბურავებს ცეცხლი წაუკიდა. შსს-ს არც ამ აქციის დაშლის უფლება მისცეს. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიტიკული მასა გაზრდილიყო.

მთელი ის წლები სიბნელეში ვისხედით, მაგრამ როგორც კი ვარდების რევოლუცია მოხდა, ქვეყანაში დენის პრობლემა უცბად მოგვარდა. არადა, ნაციონალებს არც ახალი ჰესი აუშენებიათ და არც თბოსადგური.

იგივე ვითარებაა დღესაც. ახლა განსხვავება ისაა, რომ დენის ჩაქრობის ნაცვლად, ბაზრობებს წვავენ. ალბათ არც ისაა შემთხვევითი, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის თემა გააქტიურდა. ეს თემა ვარდების რევოლუციის წინა პერიოდშიც ძალიან აქტუალური იყო. მის მკვლელობაში შევარდნაძის ხელისუფლება რომ ყოფილიყო გარეული, ნაციონალები 9 წელი იყვნენ ხელისუფლების სათავეში და როგორმე გამოიძიებდნენ.

– იქნებ არც მათ აწყობდათ ამ საქმის გამოძიება?

– ამაში შევარდნაძის მთავრობა რომ ყოფილიყო გარეული, სააკაშვილი ამ საქმეს დიდი ზარ-ზეიმით გამოიძიებდა, ყოველ წინადადებაში შევარდნაძეს ახსენებდა და ამ შანსს გაუშვებდა ხელიდან? სანაიას თემა სულ სხვა მიზნით არის გააქტიურებული. ხელისუფლება უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ დივერსიებს. თორემ ამ ქმედებებმა შესაძლოა ბაზრობებიდან უკვე სტრატეგიულ ობიექტებზე გადაინაცვლოს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებული სურათი ძალიან წააგავს ვარდების რევოლუციის წინა პერიოდს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ქართული ოცნების” რიგებში უკვე გაჩნდა ბზარი.

– რა ბზარს გულისხმობთ?

– სოფლის მეურნეობის მინისტრი გააკრიტიკეს ფაროსანას გამო. “ოცნებამ” პრეტენზია გამოთქვა იმის გამო, რომ ეს უწყება მავნებლის დასამარცხებლად არაფერს არ აკეთებს.

– “ოცნება” ინფრასტრუქტურის მინისტრსაც დაუპირისპირდა. დეპუტატმა ოთარ დანელიამ მინისტრი ალავიძე მწვავედ გააკრიტიკა პარლამენტის სხდომაზე.

– მაგასაც დაუპირისპირდნენ და სოფლის მეურნეობასაც. გუნდი უკმაყოფილოა, რომ არც ერთი უწყება არ ებრძვის ფაროსანას სათანადოდ. ჩვენ ვნახეთ ისიც, რომ რაღაც ფლანგებზეც დაიწყო ბრძოლა.

– რა ფლანგებს გულისხმობთ?

– რაღაც გუნდები წარმოიქმნა მმართველ გუნდში. ასე მოხდა მოქალაქეთა კავშირის დროსაც. მაშინდელ მმართველ პარტიას ე.წ. რეფორმატორები გამოეყვნენ. მხედველობაში მყავს სააკაშვილი-ჟვანია-მაჭავარიანის გუნდი.

“ოცნებამ” ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ იგივე არ მოხდეს, რაც 2003 წელს მოხდა. თუ არაფერს არ იღონებენ, გაჩნდება ეჭვი, რომ მიმდინარეობს ხელისუფლების გადაბარება.

– თქვენ ვარდების რევოლუციის წინა პერიოდი ახსენეთ და მაშინაც აქტიურად საუბრობდნენ ხელისუფლების გადაბარებაზე. გამოკვეთილი იყო ნაციონალების ფლანგი. ახლაც ბევრს საუბრობენ გადაბარებაზე და გამოკვეთილი ძალაც არის – ბოკერიას ფლანგი. კახა კალაძემ პირდაპირ თქვა, რომ მასთან ითანამშრომლებს. მოხდება თუ არა “ევროპული საქართველოსთვის” ხელისუფლების გადაბარება?

– კალაძის განცხადებამ ეს ხმები გააღვივა. შესაძლოა, მმართველ გუნდს ძალიანაც არ მოსწონს ბოკერია და მისი გუნდი, მაგრამ იძულებულია, მათთან ითანამშრომლოს. ჩვენც ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ასეა და “ოცნებას” მათთან თანამშრომლობის სურვილი არა აქვს.

– სურვილი თუ არა აქვთ, რატომ თანამშრომლობენ?

– იმიტომ, რომ იძულებული არიან. უნდათ თუ არა, ეს უნდა გააკეთონ.

– რატომ უნდა გააკეთონ, ვინ აძალებს?

– ვინ და ამერიკა. ეს ამერიკა გვატენის ჩვენც და “ოცნებასაც” “ევროპულ საქართველოს”. დასავლეთიდან პირდაპირ მოდის დირექტივები, რომ ხელისუფლებამ ამ ოპოზიციურ ძალასთან ითანამშრომლოს.

აშშ-დან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებიც მხოლოდ “ევროპულ საქართველოს” ხვდებიან ოპოზიციიდან. ოპოზიციასთან შეხვედრა თუ უნდათ, შეხვდნენ ბურჯანაძის პარტიას, ან პატრიოტთა ალიანსს. ვთქვათ, ბურჯანაძეს იმიტომ იწუნებენ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციაა. პატრიოტთა ალიანსს რა სჭირს მათი დასაწუნი? საპარლამენტო პარტიაა, საკანონმდებლო ორგანოში 6 კაცი ჰყავთ და მათი ერთ-ერთი ლიდერი – ირმა ინაშვილი ვიცე-სპიკერია.

აქედან შემდეგი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ – დასავლეთი ნაცების გარდა სხვა ოპოზიციას არ ცნობს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლეთში რომ ჩადიან, იქ პირდაპირ ეუბნებიან – ნაციონალებს ხელი არ ახლოთო.

– ვის უთხრეს?

– თუნდაც ბიძინა ივანიშვილს. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა, როცა პრემიერი იყო. მას ნათლად უთხრეს, რომ ყოფილი ხელისუფლება ის ძალაა, რომელიც საქართველოში მთავარი ოპოზიცია უნდა იყოსო. სადაც ივანიშვილს შეუტიეს, იქ “ოცნების” სხვა ლიდერებსაც შეუტევდნენ.

“ევროპული საქართველოს” თუ ნაცების მიმართ ასეთი თბილი დამოკიდებულება არც მე მსიამოვნებს, მაგრამ რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ. მათ უკან დასავლეთი დგას.

– და ამის გამო 9 წელი უნდა შერჩეთ? ამ 9 წელზე ყველაზე ხშირად სწორედ “ოცნების” ლიდერები აპელირებენ.

– არ უნდა შერჩეს. “ქართული ოცნება” სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა. მესმის, რომ დასავლეთი ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ საქართველოში ამომრჩევლის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, რომ “ოცნების” დიდ ნაწილს ძალიან უნდა სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ დამნაშავე ნაცებს სერიოზული მფარველები ჰყავთ.