”ქართული ოცნების” დეპუტატ თემურ გორგაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა – დეპუტატი ბრალს არ აღიარებს

”ქართული ოცნების” დეპუტატ თემურ გორგაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - დეპუტატი ბრალს არ აღიარებსსაკრებულოს კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე საკრებულოს დეპუტატის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი სასამართლის 15 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობდა. თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და თემურ გორგაძეს პატიმრობა შეუფარდა.

აღკვეთის ღონისძიებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
როგორც ჟურნალისტებს გორგაძის ადვოკატმა გიორგი ქუმსიაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და სასამართლოს დღევანდელ გადაწვეტილებასაც არ ეთანხმება.
– რაც შეეხება სადავო თანხას, რომელზეც პროკურატურას აგებული აქვს ბრალდება, ეს თანხა მას არ გამოურთმევია და არანაირი შეხება ამ ფულთან არ ჰქონია. ელემენტარულად აღწერილიც არაა თანხა, რომელიც ამოიღეს, – განაცხადა ადვოკატმა.
თემურ გორგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. გამოძიება მას თავდაპირველად დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან მისი ნათესავის გათავისუფლების სანაცვლოდ, 7.000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

ინტერპრესნიუსი