ყოფილი პროკურორი მილენა მითაიშვილი ყოფილ ქმარს, რივერა ბენდელიანს, ძალადობაში ადანაშაულებს

ყოფილი პროკურორი მილენა მითაიშვილი ყოფილ ქმარს, რივერა ბენდელიანს, ძალადობაში ადანაშაულებსყოფილი პროკურორი მილენა მითაიშვილი, რომელიც ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. საქმე მითაიშვილის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებას ეხება, სადაც ყოფილი პროკურორი, ყოფილ ქმარს რივერა ბენდელიანს ძალადობაში ადანაშაულებს.
რივერა ბენდელიანი პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა და ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება, მისი დაკავების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რივერა ბენდელიანის ადვოკატმა ინგა არახამიამ განუცხადა, ბენდელიანი მზადაა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის და გამოძიებას ჩვენების მიცემა დისტანციური წესით შესთავაზა, თუმცა გამომძიებლებმა მას საქართველოში ჩამოსვლა მოსთხოვეს.
– რივერა ბენდელიანი ნასამართლევია და პრობაციის ბიუროს აღრიცხვაზე იმყოფება. მან ქვეყანა ოფიციალური ნებართვით დატოვა. სხვადასხვა ფაქტებზე გამოძიება რომ მიმდინარეობს, მათზე იქიდან აძლევს ჩვენებებს. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი გამოძიებისთვის ხელმისაწვდომია. მილენა მითაიშვილის განცხადებების საფუძველზე, რომ თითქოს რივერა ბენდელიანი არის მოძალადე, ცემდა მას და ა.შ. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოძიება დაიწყო. გამოძიების ეტაპზევე მიმართა რივერა ბენდელიანმა სამართალდამცველებს, რომ ამ საქმეზე დაეკითხათ, სკაიპითაც ჩაერთო და პროკურატურამ უთხრა: „შენ გაქვს გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია, ჩამოდი და მოგვაწოდეო“. ამაზე უპასუხა, რომ ამ ინფორმაციის მიწოდება ამ ჩართვის დროსაც შეუძლია. ამის მიუხედავად, პროკურატურა მის ჩამოსვლას ითხოვდა და ეს საუბარი შეწყდა. ამის შემდეგ უკვე პროკურატურამ ივარაუდა, რომ რივერა ბენდელიანი თავს არიდებს მართლმსაჯულებს და პასუხისგებაში მისცა, – განაცხადა არახამიამ და აქვე დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პასუხისგებაში მიცემის მოტივი არ არსებობდა, ვინაიდან გამოძიებაში დევს განცხადებები, რომ ბენდელიანი დაკითხვას თავად ითხოვდა.
ადვოკატის თქმით, დღეს სასამართლო ბენდელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ბრალდებულის დაუსწრებლად იმსჯელებს.

ინტერპრესნიუსი

ძიძების სკანდალში გახვეული პროკურორი მილენა მითაიშვილი გადადგა – ძიძები ამბობენ, რომ პროკურორი მათ აშანტაჟებდა და გადასახადს არ უხდიდა