რა თანხა ასესხა დავით საგანელიძემ ძმას

რა თანხა ასესხა დავით საგანელიძემ ძმასსაპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 31 იანვარს შეავსო.

დოკუმენტით ირკვევა, რომ საგანელიძე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ბათუმში, საცხოვრებელ კომპლექს “მაგნოლიაში”, 126 კვ.მ. ფართის მშენებარე ბინას ფლობს, რომელიც მან 2016 წელს შეიძინა და მასში 7. 000 დოლარი გადაიხადა. საგანელიძის საკუთრებაშია 2008 წელს შეძენილი 250,5 კვ.მ. ფართის ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე,  N78-ში (მე-3 სადარბაზო, N2) რომელშიც 200.000 ლარია გადახდილი; ამავე წელს არის შეძენილი, ამავე მისამართზე, N 9 ბინა _ ფართით 413,5 კვ.მ. რომელშიც საგანელიძეს 250.000 ლარი გადაუხდია.

2013 წელს, 4. 000 ლარად შეძენილი აქვს 66. 75 კვ.მ მშენებარე ფართი  ბათუმში, საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლიაში“; 2003 წელს 25.000 ლარად საგანელიძეს  160 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლი აქვს ნაყიდი ონში, სოფელ წმენდაურში.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის საკუთრებაშია 1997 წელს 50. 000 ლარად შეძენილი 300 კვ.მ. ფართის აგარაკი  მცხეთაში, სოფელ არმაზში.

საგანელიძე ასევე ფლობს სამ ავტოფარეხს _ 14 -14 კვ. ფართებით ჭავჭავაძის გამზირზე #78-ში, რომლებიც 5.000-5.000 ლარად აქვს შეძენილი 2008 წელს და 79,88 კვ.მ. ფართის ავტოფარეხს თბილისში, ატენის ქუჩაზე, რომლის შეძენის თარიღად 2009 წელია მითითებული და მასში 8.000 ლარია გადახდილი.

დავით საგანელიძე  8.792 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთს ფლობს ონის რაიონის სოფელ წმენდაურში, რომელშიც 2011 წელს 10.000 ლარი გადაუხდია;  მის მფლობელობაშია მცხეთაში, სოფელ არმაზში, 1.200კვ.მ. მიწის ფართი, რომელშიც 15.000 ლარია გადახდილი.

საგანელიძე საცხოვრებელ ბინას ფლობს თურქეთში, კარჩიჯაკში _  65 კვ.მ. ფართის ბინაში მას  82.000 ევრო აქვს გადახდილი და როგორც დეკლარაციაშია მითითებული, ნასყიდობა თურქული ბანკის კრედიტით არის გახორციელებული.

საგანელიძე ასევე ფლობს ავტომანქანა „ლინკოლნ-ნავიგატორს”, რომელიც 2003 წელს არის გამოშვებული და მასში 2007 წელს 12.000 დოლარი გადაუხდია.

დეკლარაციის შევსების დროს, საგანელიძე „ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 6.550 ლარს ფლობდა; “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშებზე 10.150 დოლარს და  1.900 ევროს; “პროკრედიტ ბანკის” ანგარიშზე კი _ 9.500 დოლარი ჰქონდა.

ამავე პერიოდში, ნაღდი ფულის სახით,  35.000 ლარი და 22.000 დოლარი ჰქონდა; მის მეუღლეს_  სოფიო ფარცხალაძეს კი _ 29.000 ლარი და 15.000 დოლარი. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ეს თანხა მას და მის მეუღლეს რეგისტრირებული შემოსავლებიდან ჰქონდათ.
დეკლარაციით ასევე ირკვევა, რომ საგანელიძემ 2017 წელს ხელფასის სახით 336 000  ლარი მიიღო.

დეკლარაციის თანახმად, დავით საგანელიძეს სესხებიც ჰქონია _ 255 000 ლარის ღირებულების იპოთეკური სესხი, რომლის გასავალში წინა წელს 15 022,7 ლარი უწერია;  მეორე სესხიც იპოთეკურია 210 200 ლარის ოდენობით და 2017 წელს 12 330,9 ლარი გადაიხადა. ასევე იპოთეკურია მესამე სესხი _ 150 300 დოლარის ოდენობით, რომელშიც წინა წელს 7 958,1 დოლარია გადახდილი.

ზემოთ აღნიშნული სამივე სესხი საგანელიძეს „თი ბი სი ბანკში“ აქვს აღებული  ერთ დღეს _ 2012 წლის 29 თებერვალს და სამივე სესხის დასრულების ვადად 2024 წელია მითითებული.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს მეოთხე სესხი 2016 წელს აქვს აღებული _  იპოთეკური საკრედიტო ხაზი 90.000 დოლარის ოდენობით და გასულ წელს 9.492,45 დოლარია გადახდილი.

2015 წელს, მის მეუღლეს სოფიო ფარცხალაძეს ხელშეკრულება აქვს დადებული მიწის ნაკვეთის ნასყიდობაზე სამომავლო გადახდის პირობით, თუმცა დეკლარაციაში არც თანხაა მითითებული და არც ის, თუ ვისგან და სად არის შეძენილი მიწის ნაკვეთი.

დეკლარაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ფარცხალაძეს არც თანხა აქვს გადახდილი და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ხელშეკრულება ნოტარიულად არის გაფორმებული.

2012 წელს, დავით საგანელიძეს მის ძმაზე _ გია საგანელიძეზე სესხი გაუცია და ეს ნოტარიულადაც დაუდასტურებია. 2012 წლის 1 მარტს, ნოტარიუს რუსუდან ფიფიასთან ორი ხელშეკრულება გაუფორმებია, რომლითაც ირკვევა რომ საგანელიძემ მის ძმას  465.000 ლარი და 150.000 დოლარი ასესხა  უსასყიდლოდ, სარგებლის გარეშე და განუსაზღვრელი ვადით.

ანალოგიური ხელშეკრულება, ისევ ნოტარიუს  ფიფიასთან, საგანელიძესა და მის ძმას შორის, დადებულია 2016 წლის 25 იანვარს _  ამჯერად, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა მის ძმას 200.000 დოლარი ასესხა.

რაც შეეხება გასავლებს _  საშემოსავლო გადასახადის სახით, საგანელძემ გასულ წელს  67.200 ლარი გადაიხადა, ქონების გადასახადში _ 5.516 ლარი; დაზღვევაში _ 3 432 ლარი; საქველმოქმედო მიზნებისთვის _ 42.750 ლარი.

ამავე მიზნებისთვის 58.500 ლარი აქვს გადახდილი მის მეუღლეს სოფიო ფარცხალაძეს.

გურიანიუსი