შოთა მალაშხია: ”ვინც ხელი მოაწერა ნატოს წინააღმდეგ მიმართვას, ან ჩამორჩენილია, ან რუსეთიდან ფულს იღებს”

შოთა მალაშხია: ”ვინც ხელი მოაწერა ნატოს წინააღმდეგ მიმართვას, ან ჩამორჩენილია, ან რუსეთიდან ფულს იღებს"ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის ყოფილ თავმჯდომარე შოთა მალაშხიას, რომელიც ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერია
– პარლამენტი აპირებს, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღოს რეზოლუცია არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალის ციხეში მოკვლასთან დაკავშირებით. პროექტის თანახმად, ამ მკვლელობაში პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს ოკუპირებულ რეგიონებში უცხოელი დამკვირვებლების შეშვებას.
– მომხდარზე პასუხისმგებელი ნამდვილად რუსეთია, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები. ეჭვს იწვევს ის, რომ ამას აცხადებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება.
– რატომ? ეს ხელისუფლება ზედმეტად ლოიალურია რუსეთის მიმართ?
– ეს ხელისუფლება მოსვლისთანავე აბრალებდა 2008 წლის ომს საქართველოს. “ქართული ოცნება” ხალხს არჩევნების წინ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებასაც ჰპირდებოდა. ამ ხალხმა თავისი ცხოვრება რუსეთთან მიმართებაშიც კარგად მოიწყო – ზოგმა ღვინო გააძვრინა რუსეთში, ზოგმა – მწვანილი. ზურაბ აბაშიძეს, მაგალითად, ხელფასი დაენიშნა გრიგორი კარასინთან კონტაქტებისთვის.
ერთმა ჯგუფმა შეიქმნა კარგი პირობები და კეთილდღეობა იმ დროს, როცა ხდება სახელმწიფოს დამცრობა, ინსტიტუტების მოშლა და ხალხის მდგომარეობის გაუარესება. ირაკლი შიხიაშვილმა, რომელიც ვეტერანთა სამსახურს ხელმძღვანელობდა, ქართველი ვეტერანების სია გადასცა ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას. ეს ორგანიზაცია აორთქლდა. კოდორის ხეობაში სპეცოპერაციის მონაწილე 6 პირი მოკლეს. არაერთი პატრიოტი ციხეშია გამომწყვდეული.
ამ ყველაფრის ჩამდენ “ოცნებას” ახლა გაახსენდა, რომ რუსეთი ოკუპანტია? ხელისუფლება, რომელიც ომის დაწყებას საქართველოს აბრალებდა, თავისი განცხადებებით ხალხს დასცინის. როგორც იქნა, რეზოლუციაში ჩაიწერება, რომ ღვაწლმოსილი სამხედრო მოსამსახურის, ტატუნაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებელია ოკუპანტი.
– გატაცებები გახშირდა?
– 2012 წლიდან დაწყებული, ადამიანთა გატაცებები 5-ჯერ გაიზარდა. ამაზე არ მოგვისმენია პარლამენტის რეაგირება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისია რას აკეთებს, კაციშვილმა არ იცის.
– ამ საკითხებზე უფრო შერიგების უწყება აქტიურობს.
– ამ უწყებას პარლამენტში წარდგენილი აქვს პროექტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შერბილების შესახებ. პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. ამ კანონის შერბილება დაუშვებელია.
– აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ახლაც საუბრობენ მისი შერბილების აუცილებლობაზე.
– ამას მოითხოვენ რუსეთი და გაზპრომის მეწილე ბიძინა ივანიშვილი. დანარჩენები ხელისუფლებაში მისი მონები არიან. ამ კაცს რომ საქართველოსთვის კარგი არ უნდა, მისი ახლანდელი მოქმედებებით დასტურდება. მამა-მარჩენალის დავალებით გადათხრილია თბილისის დიდი ნაწილი, იქმნება სეისმური საშიშროება. დასავლეთ საქართველოში მან ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანა ხალხი.
ამ კაცს და მის ქვეშევდრომებს ედარდებათ ცხინვალში მოკლული სამხედრო? ვაჭრობის სფეროს მუშაკებს პატივს ვცემ. ვაჭრობა ღირსეული საქმეა, მაგრამ პროფესიონალი სამხედრო ვაჭრობით არ უნდა დაკავდეს. არჩილ ტატუნაშვილი ოჯახს ვაჭრობით არჩენდა. სახელმწიფოს ღვაწლმოსილი სამხედროების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს. მათ მომზადებასა და სწავლაზე თანხებია დახარჯული. ისინი პროფილით უნდა მუშაობდნენ.
– ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლებამ გაბედა პასუხისმგებლობის დაკისრება რუსეთისათვის.
– “ქართული ოცნება” იძულებულია, ეს გააკეთოს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ელჩმა, რომელსაც ვადა ეწურება, ხელისუფლებას უთხრა, რომ თუ ქვეყანაში მეტი დემოკრატია არ იქნა, მას პრობლემები შეექმნება. პრობლემები ხელისუფლებას უკვე ზომაზე მეტი აქვს. ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი ხელყოფილია. კორუფციამ თითქმის ყველა სფერო მოიცვა. სასამართლოს გამო მმართველი ჯგუფი ერთანეთსაც დაეტაკა. პროკურატურაში, შსს-სა და დაზვერვაში რა ხდება, ღმერთმა უწყის.
მათი პატრონი პუტინი ისე სამარცხვინოდ წარსდგა საკუთარი პარლამენტის წინაშე, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს გაუტოლდა. ფულის შოვნაზე ორიენტირებული “ოცნება” ხვდება, რომ რუსეთს სანქციებისა და სხვა მიზეზების გამო დიდი კრიზისი ეწყება. “ქართული ოცნება” თავის გადარჩენაზე ფიქრობს. ასეთ ხელისუფლებას მეომრის ბედი რატომ დააინტერესებს? ევროკავშირის დამკვირვებლების შეშვება ოკუპირებულ რეგიონებში აქამდე არ უნდა მოეთხოვათ? გაუგებარია, რას აკეთებს პარლამენტი. ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც მოითხოვდა საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას. ეს არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა.
ყოველთვის ვამბობდი, რომ “ქართულ ოცნებას” აუფეთქდებოდა სიტუაცია. ახლა ამას ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება. ეს მხოლოდ ჩემი განწყობა არ არის. მელიას რომ სცემ და ცემის კულტივირებას მოახდენ, ამით რამე გვეშველება? პროვოკაციებით და ძალადობით “ქართული ოცნება” უფრო მეტად გამოითხრის ძირს.
– ამ მძიმე სიტუაციაში რას უნდა მივაწეროთ ინტელიგენციის ნაწილის, კულტურის მოღვაწეების ღია წერილი, სადაც ნატოში გაწევრიანების საფრთხეზეა საუბარი?
– ესაა მარაზმატიკების დაწერილი მარაზმატული წერილი. ეტყობა, ამ ხალხმა იფიქრა, ეს ხელისუფლებას სჭირდებაო და ასიამოვნა მმართველებს. ნატოში შესვლა ჩვენთვის რუსეთისგან თავდაცვას ნიშნავს. გარკვეული ხნის განმავლობაში ნატოს მეხუთე მუხლი ვერ გავრცელდება ოკუპირებულ რეგიონებზე. ევროკავშირში რომ გავწევრიანდეთ, იმ შემთხვევაშიც იურიდიულად უზრუნველყოფილი იქნება ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ფაქტობრივად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი პირველ ეტაპზე ევროკავშირში ვერ შემოვლენ. იგივეა ნატო. ადრე ეს ხალხი გაიძახოდა, ნატო არაფერს ნიშნავს, არ გვინდაო. ახლა აუჩემებიათ, ოკუპირებული ტერიტორიებით შევიდეთ ამ ორგანიზაციშიო. თურმე, ეს ანგარისგასაწევი ალიანსი ყოფილა. ნატოსთან ერთად რომ დეოკუპაციას უფრო მალე მივაღწევთ, ამას ახსნა რად უნდა!
– ეს ხალხი საზოგადოებაზე გავლენას ახდენს?
– როგორც საქართველო ვერ მოექცევა რუსეთის ორბიტაზე, ისე ეს ადამიანებიც ვერ იმოქმედებენ საზოგადოებაზე. საერთაშორისო კონტექსტიც იმას მიანიშნებს, რომ რუსეთი წარსულია. თუ სამაგალითოა რუსეთი, რუსეთუმეებზე სამკურნალოდ იქ იარონ და თავიანთი ოჯახის წევრები იქ გაუშვან სასწავლებლად. ამ წერილის ხელმომწერებიდან ზოგი მენტალურადაა ჩამორჩენილი (ასაკს მნიშვნელობა არ აქვს), ზოგი კი ხელფასს რუსეთიდან იღებს. ჩემთვის ორივე კატეგორია ერთნაირია და ორივე – მიუღებელი.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა