თამარ ბაგრატია ნინო თანდილაშვილს ზეწოლას აბრალებს – “დაჟინებით მოითხოვდა, პირველ მოადგილედ დამენიშნა ერთი პირი”

თამარ ბაგრატია ნინო თანდილაშვილს ზეწოლას აბრალებს - "დაჟინებით მოითხოვდა, პირველ მოადგილედ დამენიშნა ერთი პირი"გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, თამარ ბაგრატიას განცხადებით, მასზე ზეწოლას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ახორციელებდა. როგორც თამარ ბაგრატიამ გუშინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნინო თანდილაშვილი მისგან მოითხოვდა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული პირი დაენიშნა. მისივე ინფორმაციით, თანდილაშვილი ზეწოლას როგორც ”ვაიბერში”, ისე სატელეფონო ზარებით ახორციელებდა და მისთვის სასურველი კადრის დანიშვნისთვის კონკრეტული ვადაც მისცა.
– გუშინ დავტოვე გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა ჩემი სურვილის საფუძველზე. ამ განცხადებას და ასეთი სურვილის გაჩენას წინ უძღოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესები. კერძოდ, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდა ჩემზე ზეწოლას როგორც სატელეფონო საუბრებში, ასევე ”ვაიბერში” მიმოწერით, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დამენიშნა კონკრეტული პირი. მე არ ვთვლიდი, რომ ის ადამიანი, რომელზეც მიმითითებდნენ ასე ცალსახად და დაჟინებულად იყო, ის კადრი, რომელიც გაართმევდა თავს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობებს და იქნებოდა ეფექტური თანამშრომელი. მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა იმ გამოწვევებს, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოს გააჩნია. გარემოს ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელია ქვეყანაში ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგზე, პრევენციაზე და ა.შ. ულტიმატუმივით იყო, რომ მე 17:00 საათზე აუცილებლად უნდა მომეწერა ხელი ამ ადამიანის დანიშვნაზე. ეს ადამიანი დამიკავშირდა კიდეც, უკვე მოდიოდა სააგენტოში, რომ განცხადება დაეწერა. მე მას ვუთხარი, რომ დროებით გაჩერებულიყო, არ მოსულიყო, რადგან არ ვაპირებდი ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. მას შემდეგ, რაც დღე იწურებოდა და მეც კარგად გავაანალიზე სიტუაცია, ჩავთვალე, რომ უმჯობესი იყო მე დამეტოვებინა სააგენტოს უფროსის თანამდებობა. ჩემი აზრით, ასეთი ტიპის პირობებში, როდესაც მინისტრის მოადგილე ასეთი ტიპის ულტიმატუმებით საუბრობდა და ახდენდა ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ავარიდე საკითხის შემდგომ ესკალაციას თავი და გადავწყვიტე, რომ მე თვითონ დამეტოვებინა თანამდებობა. ეს ნაბიჯი არის ჩემი მხრიდან პროტესტი ასეთი ტიპის ფაქტზე. მე არ ვაპირებ სინდისთან კომპრომისებზე წასვლას და ჩემი გადაწყვეტილებები ვერ იქნება ისეთი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს, – განაცხადა გუშინ ბაგრატიამ.
მისივე თქმით, მიმოწერის გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ აპირებს. ”მიმოწერის გასაჯაროებას არ ვაპირებ ამ ეტაპზე. როგორც ვიცი ქალბატონი ნინო უარყოფს ამ მიმოწერას. თუ საჭირო გახდება, ნამდვილად მზად ვარ გავასაჯაროო მიმოწერა, ხოლო თუ ხელმისაწვდომი იქნება სატელეფონო ზარები, დამერწმუნეთ, ეს ნამდვილად უფრო რთული მოსასმენი იქნება”, – აღნიშნა ბაგრატიამ.
– მე არ მაქვს ფაქტი, თუ რატომ უნდა დანიშნულიყო მაინცდამაინც ეს კონკრეტული ადამიანი ამ თანამდებობაზე. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ის ხვდებოდა რეორგანიზაციაში და რჩებოდა თანამდებობის გარეშე. ეს არის ერთი ფაქტობრივი მიზეზი, თუმცა იდგა თუ არა სხვა უფრო სიღრმისული მიზეზები, ნამდვილად არ ვიცი.
არ მგონია, ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს ჩემს საქმიანობას და ჩემს გადაწყვეტილებებს. მინისტრთან კომუნიკაცია ვერ შევძელი. ვაპირებდი მასთან შეხვედრას საღამოს, მაგრამ შეხვედრამდე მივიღე ეს გადაწყვეტილება და შეხვედრა ვერ შედგა. არც კომუნიკაცია გვქონია, – განაცხადა ბაგრატიამ და დასძინა, რომ თანამდებობა მისმა მოადგილემაც დატოვა, რადგან ისიც არ ეთანხმებოდა სამინისტროს გადაწვეტილებას.
ამასთან, ბაგრატიამ პრესკონფერენციაზე განაცხდა, რომ მისთვის ცნობილი არ არის, დაინიშნა თუ არა თემურ მთივლიშვილი გარემოს ეროვნულ სააგენტოში რაიმე თანამდებობაზე. “არ არის გამორიცხული ის გახდეს სააგენტოს უფროსი”,- განაცხადა ბაგრატიამ.
რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ბაგრატია გარემოსდაცვითი საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

– რაც აღნიშნულ თანამდებობაზე ვიყავი, ერთი დღეც არ ვყოფილვარ შვებულებაში და ცოტას დავისვენებ გარკვეული პერიოდი. სად და როგორ გავაგრძელებ მუშაობას, ნამდვილად არ ვიცი. დარწმუნებული ვარ მუშაობას ისევ გარემოსდაცვითი მიმართულებით გავაგრძელებ. დღესაც ვხუმრობდი, რომ მაქვს ნაყიდი პატარა ნაკვეთი, სადაც ვენახის გაშენებას ვაპირებ, უკვე საგაზაფხულო სამუშაოები იწყება, ამიტომ წავალ და ჩემს პატარა წვლილს შევიტან მეღვინეობის განვითარებაში, – განაცხადა ბაგრატიამ.