The Times – აშშ და ევროპის ოცამდე ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება

The Times - აშშ და ევროპის ოცამდე ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადებაამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ოცამდე ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება, – წერს გაზეთი The Times. გაზეთის ინფორმაციის თანახმად, ეს პროცესი ორშაბათიდან დაიწყება.

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭომ წუხელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსი დიპლომატების გაძევების რეკომენდაციით მიმართა დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში სკრიპალებზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. ტრამპი საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს.

გაზეთი წერს, რომ წუხელ ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დაითანხმა საფრანგეთი, გერმანია, ლიტვა და ირლანდია გადაედგათ ეს ნაბიჯი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გამოაშკარავებული რუსული ჯაშუშური ქსელის დასაზიანებლად.
„რუსეთისგან მომდინარე საფრთხე არ ცნობს საზღვრებს და ვფიქრობ, ნათელია, რომ რუსეთი უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, როგორც ევროპელები. მართებულია, რომ ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.

დიპლომატების საკუთარი ქვეყნებიდან გაძევების პროცესში მონაწილეობას: საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ირლანდია, ჰოლანდია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია და კიდევ ცხრა ქვეყანა მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.