თინა ხიდაშელი – “ორი ოსი ჩემ მკლავზე იდგა და ხელს მიჭერდა, სანამ მესამე თითებს მიწვავდა – მიხვდებით, ეს დღეს რატომ გამახსენდა”

თინა ხიდაშელმა ფეისბუქში დაწერა:

“ეს ჩემი 2008 წლის ომის წიგნიდან ამონარიდია. ნაწამები ქართველი სამხედროების ჩვენებებიდან, მიხვდებით დღეს რატომ გამახსენდა:

“გონების დაკარგვამდე გვცემდნენ; გვირტყავდნენ ჩაქუჩებითა და კონდახებით. განსაკუთრებით ხელების, თითებისა და იდაყვის შეერთების ადგილას მირტყავდნენ. ”

“ნიკაპზე, ცხვირზე, შუბლზე და მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე ჩაქუჩი მაქვს არაერთხელ მოხვედრილი. მარჯვენა ხელზე თითები ჩაქუჩით მაქვს დამტვრეული, დამიზიანდა შუა თითის და საჩვენებელი თითის სახსარიც;”

“მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი სანთებელით დაგვიწვეს, იმ მიზნით, რომ იარაღი ხელში არასდროს აღარ აგვეღო. მახსოვს, ორი ოსი ჩემ მკლავზე იდგა და ხელს მიჭერდა, სანამ მესამე თითებს მიწვავდა. მითხრეს – იმ შემთხვევაშიც, თუ გაგიშვეს შენ თითებს ოსების წინააღმდეგ სასროლად ვეღარ გამოიყენებო.“

„საშინლად გვაწამეს. დაახლოებით ხუთი-ექვსი კაცი შემოვიდა ოთახში. ყველა ფორმიანი იყო. სახსრებში
გვირტყავდნენ. რამდენიმე ჩვენგანს თითები დაგვიწვეს.
მეც დამიწვეს თითი. ჯერ მარცხენა ხელის საჩვენებელ
თითს მიწვავდნენ. მაგრამ მერე შეჩერდნენ და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი დამიწვეს. ერთ სამხედროს ჩემ თითზე ფეხი ედო ზემოდან, მეორეს ანთებული სანთებელა ეჭირა და მესამე კიდევ ავტომატით თავზე მადგა და გავინძრეოდი თუ არა, კონდახს მირტყავდა.
დაახლოებით 1 წუთი ეჭირათ სანთებელა თითთან. კანმა
სუნი რომ აუშვა, მერე გაჩერდნენ. თითი იმ დონემდე მქონდა დამწვარი, რომ უკვე ძვალი მიჩანდა.”