ცხინვალი – ”ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს არ უნდა გადავცეთ!”

ცხინვალი - ”ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს არ უნდა გადავცეთ!”ოკუპირებულ ცხინვალში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო მიტინგზე შეიკრიბნენ, – იუწყება Sputnik-Ossetia.
მათივე ინფორმაციით, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუდენტები და უფროსკლასელები ითხოვენ, არ გადასცენ ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. სკოლის მოსწავლეები აქციაზე 1989 წლიდან 2008 წლამდე საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ფოტოებით მივიდნენ.
„სტუდენტებს მოჰქონდათ ტრანსფარანტები ლოზუნგებით: „საქართველო, დაგვიბრუნე ჩვენი შვილების ცხედრები“, „ევროკავშირო, არ დაუჭირო მხარი საქართველოს მიერ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ტერორს“, „საქართველო პასუხისმგებელია უგზო-უკვლოდ დაკარგულ 145 ოსზე“, – აღნიშნავს Sputnik-Ossetia.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ინტერპრესნიუსი