ზალკალიანი – ”ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება”

ზალკალიანი - ”ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება”საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრის დროს რამდენიმე დღის გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ჟენევის დისკუსიის მონაწილეები ძალის გამოუყენებლობაზე დეკლარაციის მიღებას გეგმავენ.

– მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ არანაირ დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება. ეს იქნება ზეპირი დეკლარაცია, თუ იქნება საერთოდ. დიპლომატიური პროცესი არ დამთავრებულა და როდის დამთავრდება, ძნელია საუბარი, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული. თუკი გამოცხადდება ზეპირი დეკლარაცია, მხოლოდ იმისთვის, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების იმპლემენტაცია დაიწყოს, რომელსაც ხელი მოაწერა მაშინდელმა რუსეთის პრეზიდენტმა, – განაცხადა ზალკალიანმა.

„ამიერკავკასიას ზეპირი მშვიდობისთვის ამზადებენ“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია   რუსულმა  „კომერსანტმა“. გაზეთი წერს, რომ საქართველოს საკითხზე შექმნილი ჟენევის დისკუსიის მონაწილეები ძალის გამოუყენებლობაზე დეკლარაციის მიღებას გეგმავენ.

ქართული ოპოზიცია ძალის გამოუყენებლობაზე დეკლარაციის შესაძლო მიღებას აკრიტიკებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ამბობს, რომ ჟენევაში ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხელმოწერილი დოკუმენტის ან დეკლარაციის მიღება არ იგეგმება, ეს მხოლოდ ერთობლივი განცხადება შეიძლება იყოს.

“იყო ლაპარაკი იმაზე, თითქოს ჩვენ ხელს ვაწერთ რაღაც შეთანხმებას აფხაზებთან, ოსებთან. გაკეთდა სხვადასხვა სახის განცხადებები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან”, – განაცხადა დონდუამ.

იმედინიუსი