”გადადგეს დიმიტრი ქუმსიშვილი!” – სოლიდარობის აქცია თბილისში

”გადადგეს დიმიტრი ქუმსიშვილი!” - სოლიდარობის აქცია თბილისშითბილისში „აუდიტორია 115“-ის მიერ სოლიდარობის აქცია იმართება. მსვლელობა უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო და რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან დასრულდება, სადაც საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, შრომითი უსაფრთოხების კანონის გამკაცრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოლიტიკური პასუხიმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადაყენებას ითხოვენ და ასევე, მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ტყიბულის ეკონომიკური და სოციალური უზრუნველყოფის გეგმა შეიმუშაოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ლაშა ჩხარტიშვილი შრომის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ადამიანების სიცოცხლის ფასად „ფულს აკეთებს.“

– მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყენება, ერთი მხრივ, ხოლო, მეორე მხრივ, სისტემის შექმნა ახლა მაინც, რომ ხვალ და ზეგ კიდევ მრავალი ახალი მსხვერპლი არ ვიხილოთ, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

აქციის მონაწილე, თათია ქინქლაძე დასაქმებულებისთვის სახელმწიფოს უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ მოუწოდებს. მან ასევე, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შახტში დაღუპული მუშების საქმეების დროული გამოძიება მოხდეს.

აქციის მონაწილე, კონსტანტინე გურული დაღუპულთა ოჯახების მიმართ სოლიდარობას გამოთქვამს და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

დღესვე მინდელის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო ქუთაისში სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანადგომას უცხადებენ და ხელისუფლებას ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ.

გუშინ გამთენიისას მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ამ დრომდე უცნობია, შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.

რუსთავი 2