„ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა ჩემი ოჯახისთვის. ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილისთვის“ – დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

„ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა ჩემი ოჯახისთვის. ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილისთვის“ - დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებსსექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ზვიად დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ყოფილმა ხელმძღვანელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„უკანასკნელი 2 კვირა ჩემს ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული. ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა, არამხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ჩემი ოჯახისთვის. ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ამ დღეებში ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ, რისთვისაც პირველ რიგში მათ ვუხდი ბოდიშს.

მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამისთვის გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს. მზად ვარ, ვითანამშრომლო შსს-სთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცველის აპარატთან და ვამტკიცო ჩემი სიმართლე სასამართლოში. მზად ვარ, ვიდავო ჩემი პატივის, ღირსების და ჩემი შვილების უფლებების შელახვის ფაქტზე. მზად ვარ, ვიდავო ჩემი კონსტიტუციური და პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად. მე არ ვიბრძვი ვინმეს დასამარცხებლად, ჩემი ერთადერთი მიზანია, რომ გამოვლინდეს და დამტკიცდეს სიმართლე. მე გამოვდივარ იმ ფეისბუკ-სასამართლოს წინააღმდეგ, რომლის გადაწყვეტილებით, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მე გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული მათი მხრიდან. ხოლო სინამდვილეში რა იყო ამ ყველაფრის უკან, ვის ინტერესებში შედიოდა ჩემი გზიდან ჩამოცილება, ჩემი რეპუტაციის განადგურება, ყველაფერს მოგახსენებთ იმ სამართლებრივი ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელიც მე დღეს დავიწყე, არამარტო საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების პატივის, ღირსების და რეპუტაციის გადასარჩენად.“- განაცხადა ზვიად დევდარიანმა და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ზვიად დევდარიანი ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას თქმით, მის პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ ფეისბუკ-სასამართლოს მიერ ბრალდებული ადამიანის ადვოკატი ყოფილიყო.

„ეს არ არის მხოლოდ ზვიად დევდარიანის დაცვა, ჩვენ ამ კონკრეტული საქმით გვსურს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაივლოს წითელი ხაზი შანტაჟს, მუქარასა და შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას შორის. სად გადის ეს წითელი ხაზი? ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას, პირველი მივმართავ შსს-ს, რომელმაც ფაქტზე ადევნების მუხლით აღძრა საქმე, დაუყოვნებლივ მიგვიწვიოს საგამოძიებო უწყებაში. ჩვენ მზად ვართ გასაუბრებისთვის და ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურისთვის, რათა დავასაბუთოთ ჩვენი პოზიცია. მეორე- საკმაო ხანია, რაც საქმეა აღძრული და ჩვენ მოთმინებით ველოდებოდით, რომ გამოჩნდებოდნენ კონკრეტული სუბიექტები, ვინც მიმართავდნენ განცხადებით, მათი ე.წ „შელახული უფლებების“ დაცვის მოთხოვნით. მსგავსი რამ შსს-ს მოწოდების მიუხედავად არ მომხდარა. თუ ისინი არ მიდიან საგამოძიებო უწყებაში, ჩვენ თვითონ, დროის მოკლე მონაკვეთში ვამხელთ ყველა იმ პირს, ვინც გარკვეული ჯგუფების ანგაჟირების შედეგად გააკეთეს ესა თუ ის განცხადება და თვითოეულ სიტყვაზე მოვთხოვთ უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს. მესამე- ამ დღეებში ჩვენ ვაპპირებთ შევიტანოთ სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში, ზვიად დევდარიანისა და მისი ოჯახის პატივის, ღირსებისა და საქმიანი შელახვასთან დაკავშირებით. მოპასუხეები იქნებიან კონკრეტული პირები. ხაზს ვუსვამ, ჩვენ არ ვუპირისპირდებით მედიას და კონკრეტულ გაერთიანებებს, საუბარია კონკრეტულ პირებზე. მეოთხე- დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგ ჩვენ მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შელახა ზვიად დევდარიანის კონკრეტული სამართლებრივი უფლებები, რომელიც გაწერილია სისხლის სამართლის კოდექსში. ესაა პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევა, პირადი კომუნიკაციის დარღვევა და შესაბამისად ამ ინფორმაციის გადაცემა მესამე პირისთვის, იმისთვის რომ მომხდარიყო ზვიად დევდარიანის დისკრედიტაცია.

არ დავუშვებთ, რომ ე.წ ფეისბუკსასამართლოთი ესა თუ ის პირები სამართლდებოდნენ. რომ არ მიეცეს ამას სერიული ხასიათი, ძალიან საშიში ტენდენცია მიიღო ამ ყველაფერმა, ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ კონკრეტულად ზვიად დევდარიანის საქმე იქცეს იმ პრეცედენტად, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლებების, უდანაშაულობის პრეზუმპციის, პირადი მიმოწერის ხელშეუხებლობის და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევა ასე ხელაღებით დარღვევა არ ხდებოდეს.“- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ, მისი თქმით, უახლოეს დღეებში ისინი მიმართავენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და მოხდება მიმოწერის გამოკვლევა და ექსპერტიზის შედეგების შემდეგ ისინი მოითხოვენ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას იმ პირების მიმართ, რომლებიც ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში მონაწილეობდნენ.

ადვოკატი ზვიად დევდარიანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, მის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატად წარდგენას უკავშირებს, მისი თქმით, გარკვეულმა ჯგუფებმა სწორედ ამიტომ დაიწყეს ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მოქმედება.