გოჩა მირცხულავა – “ქართველ მუსლიმებს არასოდეს უღალატნიათ საქართველოსთვის” – ვინ ცდილობს მეუფე დიმიტრის ხელით აჭარაში სიტუაციის არევას

გოჩა მირცხულავა - "ქართველ მუსლიმებს არასოდეს უღალატნიათ საქართველოსთვის” - ვინ ცდილობს მეუფე დიმიტრის ხელით აჭარაში სიტუაციის არევასრა პროვოკაცია იგეგმება აჭარაში, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საპატრიარქო და მეუფე დიმიტრი, ვინ უჭერს მხარს სინოდალურ მმართველობას, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.
– 29 მარტს თქვენ გაავრცელეთ სკანდალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარაში შესაძლოა საქმე რელიგიურ დაპირისპირებამდე მივიდეს. რა ხდება?
– იქედან გამომდინარე, რომ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე თემასთან, ყველა დეტალს ვერ დავაკონკრეტებ. მერწმუნეთ, თემის სენსიტიურობის გათვალისწინებით, შევეცადე მაქსიმალურად დელიკატურად და რბილად გადმომეცა სათქმელი. ამავდროულად, თავს ვიკავებ ცალკეული კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებისგან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
საქმე კი მართლა ძალიან რთულად არის – იგეგმება პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა წყაროებიდან მივიღე ინფორმაციები, გადავამოწმე ისინი და შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონში – აჭარაში იგეგმება პროვოკაცია, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
საუბარია ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე. იმ პირობებში, როდესაც არსებობდა ამ საკითხის აბსოლუტურად უმტკივნელოდ მოგვარებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალიწინებით გადაწყვეტის პრაგმატული გეგმა, მოხდა მისი იგნორირება. რაოდენ სავალალოც არ უნდა იყოს ამის აღიარება, ხელისუფლების ცალკეული ჩინოვნიკებისა თუ მაღალი თანამდებობის პირების გაუაზრებელი ქმედებების საფუძველზე ეს საკითხი ხელოვნურ ჩიხში მოექცა. შედეგად, საკითხი გახდა კონფესიების წარმომადგენელთა დაპირისპირების საგანი, რომლის პერიპეტიები ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია.
ჩვენი მოქალაქეების, ქართველი მუსლიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ საკითხს ჩამოაშორეს ყოველგვარი საგარეო საფრთხის შემცველი ფაქტორები, რაც ასევე კარგად არის ცნობილი საქართველოს ხელისუფლების, დაინტერესებული პირებისა და მით უფრო სპეცსამსახურებისთვის.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს, პრობლემას თვალი მოარიდოს და საკითხის პოლიტიკური და სამართლებლივი შემადგენელი კვლავაც ადგილობრივი თვითმმართველობის განსასჯელი და გადასაწყვეტი გახადოს.
– მაინც რა ხდება ამ მეჩეთის გარშემო? რატომ ხართ ასეთი შეშფოთებული?
– განცხადებაშიც ვთქვი და აქაც გავიმეორებ, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თემაზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა პროცესების დასაძაბად და რეგიონში დაპირისპირების პროვოცირებისთვის, რომელმაც სრულმაშტაბიანი ხასიათი უნდა მიიღოს. სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციების თანახმად, უნდა მოხდეს ქართველი მუსლიმების პროვოცირება, რასაც მოჰყვება გარკვეული განცხადებები და ქმედებები, რაც პროცესების შემდგომი ესკალაციის საბაბი გახდება.
ამიტომაც მივმართავ “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარეს ტარიელ ნაკაიძეს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს თემის წარმომადგენლების პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით. მივმართავ ყველა ქართველ მუსლიმს, ნუ გახდებიან ბრმა იარაღი ქართული სახელმწიფოს არაკეთილმოსურნეების ხელში. მივმართავ საქართველოს მოქალაქე, არაქართული ეროვნების მუსლიმებს, ნურავითარი სახით ნუ ჩაერევიან მოსალოდნელ პროცესებში.
აქვე მივმართავ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის, რომლის პროვოცირება, აღნიშნულ პროცესებში პირდაპირი თუ ირიბი ჩართვა, ასევე წარმოადგენს მავანთა გეგმის ნაწილს.
მეუფეს, კარგად მოეხსენება, რომ ცალკეულმა ძალებმა ციანიდის საქმის დროს მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწიეს პირადად მისი პერსონის დისკრედიტირებისთვის. რამდენად მიაღწიეს მიზანს, ამაზე მსჯელობა არ ღირს. ამჟამად, ნებისმიერი პერსონა თუ ადამიანების ჯგუფი, რომელიც შეეცდება მეუფის და მისი მრევლის ჩართვას რაიმე სახის დაპირისპირებაში და ამას გაამართლებს როგორც დედა ეკლესიის მოვალეობად ან მართლმადიდებლების ვალდებულებად, კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტზე მიიტანს იერიშს.
რაოდენ მყარი არგუმენტებიც არ უნდა გააჟღერონ ესკალაციის მომხრე პირებმა, მოვლენების ამ სახით განვითარების ყველა ვარიანტის მოდელირება ცხადყოფს, რომ საბოლოოდ, “ბომბი”, რომლის “აფეთქებაც” მეუფის ხელით სურთ, ქართული სახელმწიფოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული და არა პირიქით, როგორადაც ამის მოწოდებას მეუფისთვის შეეცდებიან. ან უკვე შეეცადნენ.
იმ შემთხვევაში თუ მოვლენები განვითარდება ქართული სახელმწიფოსთვის არასასურველი სცენარით, რაც ამთავითვე ცნობილია, ვის წისქვილზე ასხამს წყალს, მეუფე დიმიტრი ვერავითარ შემთხვევაში ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას ცალკეული მიზეზების და განწყობების გათვალისწინებით, რაც მისთვის კარგად არის ცნობილი და რომლის განვრცობისგან ამჯერად თავს შევიკავებ.
– რა ძალები ცდილობენ მეუფე დიმიტრის მეშვეობით ბომბის აფეთქებას, რომელიც, თქვენი თქმით, სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული? და უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი პატრიარქის ტახტისთვის დაწყებულ ბრძოლას?
– ძალიან მძიმე თემაა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვცდილობ, ვიყო დელიკატური და ამ მიმართვის არსს გაიგებს თავად მეუფე. რაც შეეხება პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლას, ამაზე ორ რამეს ვიტყვი – ერთი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტი არ გაიზრდება ვინმეზე ძალმომრეობით და მეორე – ძალმომრეობით გამარჯვებული ვერ გახდება ვერასოდეს პირველი. დღეს საერთოდ სხვა რეალობაა და ეკლესიაში ცალკეულმა პირებმა თავი დაანებონ სულელურ აზრებს, იმის გამო, რომ პატრიარქის ტახტზე ვერ ავლენ, სინოდალური მმართველობის მიმართულებით რომ წაიყვანონ პროცესები.
– სინოდალურ მმართველობას ჰყავს საპატრიარქოში მომხრეები?
– ამასთან დაკავშირებით არის ცალკეული მღვდემთავრვბის სურვილი. აქვე ძალიან საგანგაშოდ მიმაჩნია ეკლესიის შიგნით მღვდემლმთავრების დაყოფა პრორუსულ და პროდასავლურ ძალებად.
– ეს რატომ მიგაჩნიათ საგანგაშოდ?
– რეალურად, არანაირი პროდასავლური ღირებულებების მღვდელმთავრები ჩვენ არ გვყავს და ეს დაყოფა გამოიწვევს არა მხოლოდ შიდა, არამედ მრევლის დაპირისპირებასაც.
ჩვენ არ უნდა დავუშვათ და მაქსიმალურად შევასუსტოთ რუსული გავლენა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.
ისევ აჭარაში მოსალოდნელ პროვოკაციებს დავუბრუნდები და მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მეუფე დიმიტრის. მისთვის ისიც კარგად არის ცნობილი, რომ საქართველო მულტიკულტურული ქვეყნაა და ნუ დაგვავიწყდება, რომ თუნდაც თბილისის მეციხოვნენი მუდამ იყვნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ქართველ მუსლიმებს არასოდეს უღალატნიათ საქართველოსთვის და ნურც ის, რომ ისინი ამ ქვეყნის ღირსეული შვილები არიან და ვერავითარი რელიგიური კუთვნილება ვერ გაავლებს ზღვარს ჩვენს – საქართველოს მოქალაქეებს შორის. რასაკვირველია, პრობლემა ხელოვნურად არ უნდა შექმნან არც ქართველ მუსლიმთა ლიდერებმა და არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა თუ მსახურებმა.
ნურც ის დაგვავიწყდება, რომ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის თანახმად, აჭარაში 333.953 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 132.852 მუსლიმია. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულება არის, პატივი ვცეთ ჩვენი – საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მუსლიმების რელიგიურ გრძნობებს, ისევე, როგორც მათ აქვთ ვალდებულება, დიდი პასუხისმგებლობითა და პატივისცემით მოეკიდონ საქართველოს ტრადიციულ რელიგიას – მართლმადიდებლობას, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ქართული სახელმწიფოებრიობის როლი და მისია იტვირთა.
აქვე, უნდა მივმართო ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს, თავი აარიდეთ გაუაზრებელ პროცესებში ჩართვას და ნუ შეასრულებთ ქართული სახელმწიფოსთვის დამღუპველ როლს. მერწმუნეთ, ამ შეფასებაში არაფერია გადაჭარბებული. მით უფრო, რომ ამის იმედი და მოლოდინი პროვოკაციის დამგეგმავების სცენარში გაწერილია.
საქართველოს ხელისუფლების ყურადღებას მივაპყრობ იმ გარემოებას, რომ საკითხის ღირსეულად მოგვარება ამ ეტაპზეც არის შესაძლებელი და მან უნდა გადადგას კონკრეტული და დროული ნაბიჯები მის გადასაწყვეტად.
– დროულ ნაბიჯებში რას გულისმობთ, რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას?
– ბათუმის მეჩეთის პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა არსებობდა. ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი შეჰპირდა ქართველ მუსლიმებს, რომ თავად აუშენებდა მეჩეთს. რატომ არ განახორციელა ეგ პროექტი, ჩემთვის უცნობია, თუმცა ნამდვილად ცუდია, რომ განმარტებები ამის შესახებ არ გაკეთებულა.
გასაგებია, ფული მისია და სურს, დახარჯავს, სურს არა, თუმცა ეს განცხადება გაკეთებული იყო არა კერძო პირის, არამედ იმ დროისთვის პოლიტიკური ფიგურის მიერ, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას ლამობდა და მოვიდა კიდეც.
ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ რამდენიმე გონიერ ადამიანს ჰქონდა ამ საკითხის აბსოლუტურად კონსტრუქციულად და ყველა მხარისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტის გეგმა, რომელიც არ განხორციელდა და ეს ნამდვილად არ გახლავთ პოლიტიკური შეცდომა, ეს დანაშაულიც კია, იმ ვითარებაში, როცა პრობლემა დამოკლეს მახვილივით გვაქვს თავზე დაკიდებული. უფრო მეტიც, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქმე გვაქვს ჩვენს თანამოქალაქეებთან, ქართველ მუსლიმებთან,
თავიდანვე საკითხი მართლაც რომ პოლიტიზირებული იყო, საუბარი მიდიოდა აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაზე. თუმცა ქართველმა მუსლიმებმა სწორად გაიაზრეს პრობლემის არსი და ამ პროექტზე უარი ითქვა, უარი ითქვა უცხო სახელმწიფოდან, რაოდენ კეთილგანწყობილიც არ უნდა იყოს ეს სახელმწიფო ჩვენ მიმართ მიმდინარე ეტაპზე, რაიმე დაფინანსების მიღებაზე, ანუ ახალი ტაძარი ქართული ფულით უნდა აშენდეს.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ მიმართულებით ქართველი მუსლიმები მზად არიან ყოველი ლარის წარმომავლობის გამჭირვალეობაზე. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი შემდგომი სპეკულაციები.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა