მამუკა ტუსკაძე: “უგულავას ხელისუფლებამ მიაღებინა 38% – უნდა გენახათ, როგორ ზეიმობდა უგულავას შტაბი”

მამუკა ტუსკაძე: "უგულავას ხელისუფლებამ მიაღებინა 38% - უნდა გენახათ, როგორ ზეიმობდა უგულავას შტაბი"ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86%, ხოლო “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა გიგი უგულავამ 38.38% მიიღო.
ჩატარებულ არჩევნებს აფასებს ვანი-ხონის პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი მამუკა ტუსკაძე.
– რას მიაწერთ, რომ გიგი უგულავამ 5 ათასი ხმა მიიღო?
– გიგი უგულავამ აშკარად მაღალი პროცენტი მიიღო. ამ წლებში ხელისუფლებამ ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინა. სოციალური მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა, დანაპირები ვერ შეასრულა, საკადრო პოლიტიკა სუსტია, ბიუჯეტი ვერ გაიზარდა, მაგრამ მთავარი დანაშაული ის არის, რომ უსამართლო ქვეყანაში უსამართლობა დარჩა და სამართლიანობა ვერ აღადგინა.
დღეს ხონსა და ვანში ხელისუფლებამ არამარტო ვერ აღადგინა სამართლიანობა, არამედ იმ უსამართლო ადამიანებს ჩამორეცხა დანაშაული და დღეს მივიღეთ 38%-იანი მთავარი ოპოზიციური ძალა გიგი უგულავას სახით, ანუ ნაცმოძრაობა იგივე ევრონაციონალური და ევროქოციონალური მოძრაობაა. ამით ჩვენ მივიღეთ უკვე დაბანილი, გასუფთავებული, დავარცხნილი ნაცმოძრაობა, რომელსაც დღეს ევრონაცები ჰქვიათ.
სოციალური პრობლემები, დასაქმება და ეკონომიკური საკითხები მოგვარებადია, მაგრამ მთავარი პოლიტიკური საკითხი რჩება მოუგვარებელი – რაც დღეს ხონსა და ვანში გააკეთეს, კატასტროფაა. ვფიქრობ, ხელისუფლებამ დროზე უნდა მოიხმაროს გონება და მიიღოს ზომები, მონახოს მესამე ძალა, რომელიც სუფთა ხელებით მოვა. შესაძლოა მათ ყველაზე მეტი გააკეთონ ქვეყნისთვის.
– უგულავას ხომ აგებინეს პასუხი ჩადენილი დანაშაულის გამო და ციხეში იჯდა?
– ამაზე პასუხი გიგი უგულავას სოფელ მათხოჯის მცხოვრებმა გასცა. 48 მილიონისთვის გიგი უგულავას 3 წელი და 7 თვე მიუსაჯეს. მას არ ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ ესეც გაუთეთრეს და მონაწილეობა მიიღო. იმ მათხოჯელი გლეხის შვილს, რომელმაც მაღაზიაში პური მოიპარა, სწორედ გიგი უგულავამ და მისმა მთავრობამ 22 წელი მისცა.
იმ მოქალაქემ, ბუნებრივია, 23 ნომერი შემოხაზა, მაგრამ პრობლემა სხვაა. გიგი უგულავამ ქალაქ თბილისის მერის პოსტზე მუშაობისას 48 მილიონი რომ მოიპარა და იმიტომ მოიპარა 48 მილიონი და იმიტომ გაათეთრა, რომ დღეს მისი ბიოგრაფია გაუსუფთავეს – თითქოსდა ნულიდან იწყებს ცხოვრებას და ახალი გეგმები და სტრატეგიები აქვს. გიგი უგულავას სტრატეგია და გეგმა იგივეა, რაც იყო 2012 წლამდე.
– რატომ ამბობთ ამას?
– მის საარჩევნო დევიზებშიც კი იკვეთებოდა მისი მიზნები, სადაც ყველგან ძალა იყო ნახსენები და მუდმივად მანიპულირებდნენ მოძალადეებზე. მათ შორის, გიგი უგულავას შტაბიდან ჩემს ტელეფონზეც განხორციელდა მუქარის ზარი. მე მემუქრებოდნენ, ვანში თუ ჩავიდოდი. მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არის.
– გიგი უგულავასაც ჰქონდა პრეტენზია, ჩემი ბანერები დააზიანეს, სახე ამოჭრესო.
– ბანერების დაზიანება და მსგავსი რაღაცეები მათი ხელისუფლების დროს ხდებოდა თუ ხდებოდა. ნაცები პოლიტიკურ ოპონენტებს ბანერებს კი არ უზიანებდნენ, აკულაკებდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რა ბანერის დაზიანებაზეა საუბარი, გიგი უგულავას არ რცხვენია, ამას რომ ლაპარაკობს? ბანერების დაზიანება მათ მიერ პროვოცირებული და მათი დადგმული შოუა. ბანერების დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. ჩემი ბანერებისთვის თითი არავის დაუკარებია.
უნდა გენახათ, რა ხდებოდა გიგი უგულავას შტაბში არჩევნების შედეგების ღამეს. გიგი უგულავას შტაბშიც აღნიშნავდნენ წარმატებას.
– რა წარმატებას?
– ისინი აღნიშნავდნენ არა გამარჯვებას, არამედ წარმატებას, რომ 29 აპრილიდან გიგი უგულავას და გიგა ბოკერია ჯალათის პოლიტიკური გუნდი 38%-ან პოლიტიკურ ძალად იქცა. ეს მათთვის იყო უდიდესი წარმატება. კარგად იცოდნენ, რომ პირველი ვერ იქნებოდა. ამ ეტაპზე “ოცნებას” ჯერ კიდევ აქვს რესურსი, რომ ნებისმიერი არჩევნები მოიგოს და მოიგო კიდევაც.
ჩვენ ხელისუფლებას და ყოველ ამომრჩეველს ვთავაზობდით მესამე ძალას. ის პროცენტები გიგი უგულავას არ უნდა წაეღო და მესამე ძალისთვის იყო განკუთვნილი, ხელისუფლებამ უზრუნველყო ის, რომ უგულავამ წაიღო 38% და არა – მამუკა ტუსკაძემ, ვთქვათ, 10%. ეს გააკეთა ხელისუფლებამ და ხელისუფლება ამის შედეგებს უახლოეს პერიოდში მოიმკის.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა