მანანა საღლიანი: “შევაკვდები, მაგრამ სვანეთს არ გავანადგურებინებ”

მანანა საღლიანი: "შევაკვდები, მაგრამ სვანეთს არ გავანადგურებინებ"სვანეთის მოსახლეობა დიდი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. მათმა პროტესტმა ამ ეტაპზე შედეგი გამოიღო და მესტიაჭალაჰესის მშენებლობა დროებით შეჩერებულია. სვანებს საბოლოო გამარჯვებამდე კიდევ ბევრი ბრძოლის გადატანა მოუწევთ. ისინი ამბობენ, რომ სიცოცხლის ფასად დაიცავენ თავიანთ კუთხეს.

ამ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მანანა საღლიანია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხზე რამდენიმე მძიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული და გადაადგილება უჭირს, არც ერთი აქცია არ გაუცდენია. ხელოვნური მუხლით, ჯოხზე დაყრდნობილი მიდის ყველგან, სადაც სვანეთის დასაცავად იკრიბებიან.

მანანა საღლიანი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ სვანეთის დასაცავად ხელში იარაღსაც აიღებს. მიიჩნევს, რომ თავისი კუთხის დაცვით, მთელ ქვეყანას იცავს.

რას ითხოვენ სვანები, რა მზაკვრული გეგმა დგას ამ ჰესების უკან, ვინ და რატომ შეიყვანა სვანეთში სპეცრაზმი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მანანა საღლიანი ესაუბრება.

– სვანების პროტესტმა შედეგი გამოიღო და მესტიაჭალაჰესის მშენებლობა დროებით შეჩერებულია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოსახლეობამ გაიმარჯვა?

– საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. მშენებლობა მხოლოდ დროებით არის შეჩერებული. მაგდა გულედანის თავგანწირვა რომ არა, არ ვიცი, ეს რითი დამთავრდებოდა.

მაგდას შესახებ ყველამ იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რა გააკეთა ამ გოგომ. 7 თვის ფეხმძიმე გზაზე დაწვა და სპეცრაზმსა და სპეცტექნიკას გზა გადაუღობა. მან თავის და ბავშვის სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში და ეს თავისი კუთხის გადასარჩენად გააკეთა.

მისმა თავგანწირვამ ყველაზე იმოქმედა. ისინიც მიხვდნენ, რომ ჩვენ არაფრის ფასად უკან არ დავიხევდით და იძულებულები გახდნენ, უკან დაეხიათ. კოლონა შეჩერდა და ჩვენ რამდენიმე დღე მოვიგეთ.

– რა საჭირო იყო სვანეთში სპეცრაზმის შემოყვანა?

– ეგონათ, სპეცრაზმით დაგვაშინებდნენ. ეგონათ, რომ სპეცრაზმის დანახვაზე გავიქცეოდით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გზა გადავკეტეთ და სპეცტექნიკას და ცემენტით დატვირთულ მანქანებს გადაადგილების უფლებას არ ვაძლევდით. ამათ სპეცრაზმი გამოიძახეს, მაგრამ სულ ტყუილად – ვერ შეგვაშინეს.

მინდა ყველამ კარგად გაიგოს, სვანეთი არ დაიტბორება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ბრძოლა იქნება ბოლომდე. ამ საქმეს შევაკვდებით.

ის ხალხი, ვინც მესტიაჭალაჰესის უკან დგას, მოლაპარაკებებს გვთავაზობს. უნდა გაიმართოს შეხვედრა, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი. დეტალურად იქნება საუბარი იმაზე, თუ რა საფრთხეს შეიცავს სვანეთში და ზოგადად საქართველოში გიგანტური ჰესების მშენებლობა.

მათი მოთხოვნაა, რომ ეს შეხვედრა 11 აპრილს გაიმართოს, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით. ამ დროისთვის მესტიაში ექსპერტების აყვანას ვერ შევძლებთ. ექსპერტები ამბობენ, რომ სვანეთში გიგანტური ჰესების აშენება დაუშვებელია.

ჩვენი აზრით, ეს შეხვედრა სადღაც 17 აპრილისთვის უნდა გაიმართოს. ამ დროისთვის ყველა ადგილზე იქნება და თავის სათქმელს იტყვის. მოსახლეობის პოზიცია იგივეა – სვანეთს არავის ავაოხრებინებთ.

– რამდენი ჰესის აშენება იგეგმება სვანეთში?

– 58 ჰესის. ეს იცით რას ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ სვანეთი აღარ იარსებებს. აღარ იარსებებს ის სვანეთი, რომელსაც საქართველოსთვის არასდროს უღალატია. ის სვანეთი უნდა აოხრდეს, რომელმაც თავის ქვეყანას ასეთი კულტურული მემკვიდრეობა შემოუნახა.

ამ ყველაფერს საუკუნეების მანძილზე ვიცავდით და ახლა ვიღაცას უნდა ერთაბაშად ააოხროს ყველაფერი. არ გამოუვათ, მთელი სვანეთი ფეხზე დგას. პირადად მე თავს შევაკლავ ამ ამბავს. მშვიდობიანი ადამიანი ვარ, მაგრამ სვანეთის დასაცავად იარაღს ავიღებ ხელში და ასე დავიცავ ჩემს კუთხეს. ამით ჩემს სამშობლოსაც დავიცავ.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ აქ მარტო ჰესების მშენებლობაში არ არის საქმე. ვიღაცა ბევრ ფულს გააკეთებს, მაგრამ ამის უკან დიდი მზაკვრული გეგმაც დგას. მოსახლეობისგან დაცლილი სვანეთი საქართველოს ინტერესში არ უნდა იყოს. ეს ჩვენს მტერს აწყობს. და ვიღაც ამ მიზნის მიღწევაში მტერს ძალიან ეხმარება.

– ფიქრობთ, რომ სვანეთის დაცლაა გადაწყვეტილი?

– მარტო სვანეთის არა. ნახეთ რა ხდება სხვა საზღვრისპირა რეგიონებში. ყველგან იგივე ვითარებაა. ახლა იფიქრეთ, ვის უნდა, რომ საზღვრისპირა რეგიონები დაიცალოს. ეს ჩვენი მტრის ინტერესებშია. საქართველოს მთიანეთს ვერაფერი მოუხერხეს. ვერ შემოაღწიეს და ახლა ამ ჰესებს ამოფარებულებს სურთ მიზნის მიღწევა. ეს არის ძალიან მზაკვრული გეგმა.

– საზღვრისპირა რეგიონების დაცლა მართლა საეჭვოა, მაგრამ ჰესების მომხრეები ამბობენ, საქართველოს დენი ხომ სჭირდება და ამით ხსნიან ახალი ჰესების აშენების აუცილებლობას.

– სად არის დასკვნა, რომ საქართველოს ახლავე სჭირდება დამატებით ელექტროენერგია. მესმის, რომ 21-ე საუკუნეა და ცივილიზაციას ბევრი დენი სჭირდება. ცივილიზაციაზე და თანამედროვე ცხოვრებაზე თუ მელაპარაკებიან, თავად რატომ იქცევიან ველურებივით.

ჩვენ, სვანები ვამბობთ, რომ საქართველოს სჭირდება ელექტროენერგია. ამ ელექტროენერგიის მიღება შეიძლება მზის ენერგიით, ქარი არის ენერგიის უზარმაზარი წყარო. ამის გარდა შეიძლება მცირე ჰესების აშენებაც. მთელი ევროპა ასე იღებს ელექტროენერგიას.

ესენი რას აკეთებენ? გიგანტურ ჰესებს აშენებენ და იმ მეთოდებით მუშაობენ, რა მეთოდებიც წინა საუკუნეში გამოიყენებოდა. ახლა მითხარით, ვინაა ჩარჩენილი წარსულში – ჩვენ თუ ეგენი?!

იმასაც კარგად ვხედავთ რომ სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებენ. შარშან ზაფხულში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა და რაც ჰესისთვის ჰქონდათ გაკეთებული, ყველაფერი წალეკა. ამან მაინც ხომ უნდა შეაჩეროს.

– ეს ვერ შეაჩერებს. მდინარე თერგმა რამდენჯერმე წაიღიო ამათი აშენებული ჰესი, მაგრამ არ გაჩერდნენ.

– ვიცით, რომ არ გაჩერდებიან და არც ჩვენ არ გავჩერდებით. სვანეთს და საქართველოს არ ავაოხრებინებთ.

– მოდით სპეცრაზმს დავუბრუნდეთ, დატოვეს მათ მესტია?

– დატოვეს, მაგრამ როცა დასჭირდებათ, ისევ შემოიყვანენ. სპეცრაზმის. ჩვენ არ გვეშინია. 31 მარტის აქციის შემდეგ, ჩვენ შორის შედგა მოლაპარაკება, რომ კოლონა თავის სპეცრაზმიანად და სპეცტექნიკიანად იქედან გავიდოდა. მათ ერთი მოთხოვნა ჰქონდათ, საშუალება მიგვეცა ცემენტი ჩამოეცალათ.

– მიეცით ამის საშუალება?

– მივეცით. ცემენტი ჩამოცალეს და წავიდნენ.

– ცემენტი თუ ჩამოცალეს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაბრუნდებიან და შეეცდებიან ჰესის აშენებას.

– ჰესს ვერ ააშენებენ. ეს ცემენტი დაწყებული მშენებლობის დასაკონსერვებლად დასჭირდებათ. ჩვენ დათმობაზე არ წავალთ და გვჯერა, რომ კიდევ უფრო ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება. რაც მეტი ვიქნებით, მით უფრო მალე მივაღწევთ მიზანს.

გუშინ, 4 აპრილს თბილისშიც გამართეთ აქცია. ამ აქციის მიზანი რა იყო?

– მოგეხსენებათ, რომ წლების წინ, სტიქიისგან დაზარალებული სვანები სხვადასხვა რაიონებში ჩაასახლეს. ახლა სხვაგან ცხოვრობენ, მაგრამ მესტია მათთვისაც ისევე მტკივნეულია, როგორც მესტიაში დარჩენილებისთვის. მათ სვანეთში აქციაზე ამოსვლა ვერ მოახერხეს და გვთხოვეს, თბილისში გამართულიყო შეხვედრა. ეს ხალხიც ჩვენს გვერდით არის.

ამ დღეებში რაჭველები მოაწყობენ საპროტესტო აქციას. ამ აქციაში ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. საქართველოს მოსახლეობა გიგანტური ჰესების წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს ჩვენს ქვეყანას გაანადგურებს. განსაკუთრებული პრობლემები ექმნება მთას. მთა ყოველთვის ფარივით იცავდა საქართველოს. მთა თუ დაცალეს, ჩათვალეთ, რომ საქართველო იოლად ჩაუვარდება ხელში ვიღაცებს.

დიდი ბრძოლა იქნება სვანეთისათვის. იმის იმედი ნურავის ექნება, რომ ჩვენ რაიმე შეგვაჩერებს. არც სამსახურების დაკარგვა გვაშინებს და არც სხვა რამე.

– ვინმემ დაკარგა სამსახური?

– მაია კახიანმა და ნარგიზ ნიგურიანმა. ერთი სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელი იყო, მეორე კულტურის სამსახურის უფროსი. იმ ხალხს, ვინც მათ ადგილზე მოიყვანეს, სამსახურიდან ჩემი გაშვება დაავალეს, მე ღონისძიებათა ორგანიზატორი ვარ. სვანეთის დასაცავად ბრძოლა არ გვაპატიეს.

მივმართავ ცენტრალურ ხელისუფლებას, სანამ დროა გააჩერონ მესტიის მერი და მისი მფარველი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე. მათ სვანეთი გაყიდეს და ამ ღალატს არავის ვაპატიებთ.