მარგველაშვილი – “ირაკლი ქორიძის ყოფილი ცოლი ჩემი მეუღლის ბიძაშვილია და ის თვალითაც არ მინახავს”

მარგველაშვილი - "ირაკლი ქორიძის ყოფილი ცოლი ჩემი მეუღლის ბიძაშვილია და ის თვალითაც არ მინახავს"საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ 30-წლიანი მუხლით გასამართლებული ირაკლი ქორიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ისევ ნარკოდანაშაულის გამო დააპატიმრეს,  2014 წელს ნათესაური ნიშნით არ შეუწყალებია. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ირაკლი აბსანძის გადაცემაში “კვირის ინტერვიუ“ განაცხადა.

– ახლა მიმდინარეობს საუბარი ქორიძეზე, რომელზეც ამბობენ, რომ არის ჩემი ნათესავი. რეალურად ქორიძე არ მინახავს ცხოვრებაში, არც მისი ყოფილი მეუღლე არ მინახავს… ის ჩემი მეუღლის ბიძაშვილია და იმდენად არ არის კონტაქტში, რომ იმიტომაც არ მინახავს… სხვათა შორის, იცით რომელი პოლიტიკური ძალა ლაპარაკობს ნათესაობაზე? სასამართლო რომ შექმნეს, რომლის მოსამართლეც ამბობს, რომ დედა ნათესავი არ არისო და პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას მხარს უჭერდა, დღეს მე მეუბნება, რომ ჩემი მეუღლის ბიძაშვილის ყოფილი ქმარი არის ჩემი ნათესავი, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დატოვა, რა ნიშნით შეიწყალა 2014 წელს ირაკლი ქორიძე.

უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ნარკოდანაშაულისთვის 30 მარტს დაკავებული ირაკლი ქორიძის შესახებ  განაცხადა, რომ მას 2011 წელს ნარკორეალიზაციისთვის 30 წელი ჰქონდა მისჯილი და ის პრეზიდენტმა 2014 წელს შეიწყალა.

მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ქორიძის შეწყალებაზე რეკომენდაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაუგზავნა, რომელსაც იმ დროისთის ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა. ამასთან, შეწყალების კომისიის იმდროინდელი თავმჯდომარის ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, ქორიძის შეწყალებაზე პრეზიდენტისთვის კომისიის რეკომენდაცია ეფუძნებოდა იმას, რომ საქმე გამოძიებული ფაქტობრივად არ იყო და მასალებში მისი ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იკითხებოდა.

იმედინიუსი