ნინო ბურჯანაძე: „მე აუცილებლად წავალ მოსკოვში… და რომ ჩამოვალ, ვნახავ როგორ დამიჭერენ“

ნინო ბურჯანაძე: „მე აუცილებლად წავალ მოსკოვში... და რომ ჩამოვალ, ვნახავ როგორ დამიჭერენ“„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე “ინტერპრესნიუსს” ვრცელ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკასა  და უმძიმეს სოციალურ ფონზე ესაუბრა.

გთავაზობთ  ინტერვიუდან მცირე ამონარიდს:

 როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლება როგორ შეიცვლება?
– ეს გადაწყვიტოს ხალხმა. მგონია, რომ რა სიტუაციაც არის ქვეყანაში, არის მოუთმენელი. არ მგონია, რომ ყველაზე ცუდად მე ვცხოვრობ საქართველოში. თუ ადამიანებისთვის არაფერს არ ნიშნავს ის, რომ ივანიშვილმა ნახევარი აჭარა მოთხარა და თავის ბაღში გადაიტანა; თუ ადამიანებისთვის არაფერს ნიშნავს, რომ სასამართლო არ არსებობს; თუ ადამიანები კმაყოფილები არიან იმით, რომ მართალია, თავში ჯოხს აღარ ურტყამენ, მაგრამ რეალურად, ქვეყნისთვის არაფერი შეცვლილა და ერთი ნაბიჯი წინ არ გადაგვიდგამს; თუ ადამიანებს არ აწუხებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 2/3 შიმშილობს და მაცივარი ცარიელი აქვს, მე როგორ გავაკეთო პროგნოზი. ძალიან დიდი ბოდიში ამას რომ ვამბობ, სწორად გამიგეთ, მე არ მშია, არ მწყურია, ელემენტარული პრობლემები არ მაქვს, მაგრამ მაინც ვიბრძვი, რომ ამ ქვეყანას რაღაცა ეშველოს და არ იყოს ასე გაუბედურებულ მდგომარეობაში. ჩემსავით თუ არა, ჩემი მეათედი ენერგია არ უნდა დახარჯოს იმან, ვისაც შია, სწყურია და დედისთვის და მამისთვის წამლის ფული არ აქვს? მარტო ჩემი ბრძოლა რომ შველოდეს ამას, არავის არ ვამადლი, მაგრამ ვერც ერთი ადამიანი და ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ამას მარტო ვერ გააკეთებს.

თუ მე დავინახე, რომ საზოგადოება იწყებს გამოფხიზლებას და კრიტიკულად უყურებს არსებულ რეალობას, როდესაც ერთმა კაცმა ქვეყანა იყიდა და ჩვენ ყველას გვიყურებს, როგორც მის მომსახურე პერსონალს, თუ ამას საზოგადოება არ შეეგუება, მე მზად ვარ რიგითი ჯარისკაცის ფუნქციაც შევასრულო. თუმცა, როცა პელე ჰყავთ, გორის „დილას“ ფეხბურთელს არ ათამაშებენ. უკაცრავად, რომ ჩემს თავზე ასე ვლაპარაკობ, მაგრამ, როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილს ასეთი გამოფხიზლება ნამდვილად სჭირდება და როგორც მე ვხედავ, პოლიტიკოსებში თავმდაბლობას დიდად ხალხი არ აფასებს.

– რაც შეეხება თქვენს რუსეთში ვიზიტს…
–  მე აუცილებლად წავალ მოსკოვში და პერიოდულად ვივლი ხოლმე . ამაში ვერ შემიშლის ხელს ვერც ის სულელური ინიციატივა, რომლის მიღებაზეც ახლა პარლამენტში ლაპარაკობენ, რომ თურმე ვინმე თუ მოსკოვში წავა და რუსეთს დაელაპარაკება შეიძლება ციხეში ჩასვან. მე ძალიან გავხალისდები თუ ასეთ კანონს მიიღებენ და ვთქვი კიდეც, რომ პირველივე დღეს ამ კანონის მიღებიდან, წავალ მოსკოვში, გავმართავ შეხვედრებს და რომ ჩამოვალ, ვნახავ როგორ დამიჭერენ.