თამაზ ნავერიანი ნინია კაკაბაძის არჩევაზე – “მომიტევეთ უნებლიე შეცდომა”

თამაზ ნავერიანი ნინია კაკაბაძის არჩევაზე - "მომიტევეთ უნებლიე შეცდომა"მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი მარიამ ჯაშის შემდეგ მეორე დეეპუტატია, რომელიც საზოგადოებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო, ბოდიშს უხდის. მისი თქმით, ხმაური, რაც ამ ფაქტის გარშემო ატყდა, უმცირესობის დაგეგმილი პროვოკაციაა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

“ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საქმე გვაქვს სწორედ ასეთ აჟიოტაჟზე გათვლილ პროვოკაციულ მოქმედებასთან საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რომელიც ხელოვნურად მანიპულირებდა კანონით მისთვის მინიჭებული კვოტით. უმცირესობა ამაოდ ცდილობს ჩვენს გუნდში განხეთქილების შეტანას და ამ მიზნით თავს გვახვევს იაფფასიან დილემას: უნდა ავირჩიოთ მიუღებელი კანდიდატებიდან ერთ-ერთი და რადგან სასწორის მეორე პინაზე დგას კანონისმიერი ვალდებულება და სახელმწიფო ინტერესები, ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და ვაკეთებთ არჩევანს“, – აცხადებს ნავერიანი.

ნავერიანი განმარტავს, რომ მისთვის ცნობილი იყო კაკაბაძის დამოკიდებულება მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ, თუმცა, არ ჰქონდა მოსმენილი მისი კონკრეტული განცხადება ილია მეორის მიმართ.

“ნამდვილად არ მქონდა მოსმენილი კაკაბაძის ასე მკვეთრად გამოხატული, უტიფარი განცხადება საქართველოს ეკლესიის მეთაურის მიმართ, რომელიც სცილდება ყოველგვარი ეთიკის ჩარჩოებსაც კი და უკიდურესად შეურაცხყოფს ყველა მომრწმუნე ადამიანის უსპეტაკეს გრძნობებს.

შესაძლოა, ახლა უადგილოა ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ის მძაფრი და სულის შემძვრელი გრძნობა, რაც დამეუფლა ამ ქალბატონის ცნობილი განცხადების დაგვიანებით მოსმენის შემდეგ, აუცილებლად იქონიებდა გავლენას ჩემს გადაწყვეტილებაზე კენჭისყრის დროს. საზოგადოებას ვთხოვ, ქრისტიანული სულგრძელობით გაზომოს ჩემი ნაბიჯები და მომიტევოს უნებლიე შეცდომა“, – წერს ნავერიანი.

დეპუტატი არ აკონკრეტებს, ნინია კაკაბაძის უშუალოდ რომელი განცხადება გახდა მისი ბოდიშის მიზეზი, თუმცა სავარაუდოდ ეს ჟურნალისტის მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული პოსტია: “სამებაში პატრიარქის Birthday party-ა მგონი, დილიდან გამაყრუეს ზარებმა”, – წერდა სოციალურ ქსელში კაკაბაძე.

ამ პოსტზე მაშინ საზოგადოებას ბოდიში ჟურნალისტის ძმამ, ირაკლი კაკაბაძემ მოუხადა.

საქართველოს პარლამენტში ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებად 4 აპრილს  დაამტკიცეს.

კაკაბაძეს მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დაუჭირეს მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ოცნების დეპუტატების მიერ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა მიუღებლად მიიჩნია გედევან ფოფხაძემ და უმრავლესობის რიგები დატოვა.

იმედინიუსი