თეთრი ხმაურის მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ბექა წიქარიშვილი გუშინ შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დეტალებზე ლაპარაკობს. წიქარიშვილის თქმით, გიორგი გახარიამ აქციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ კონტრაქციის მონაწილეთა შეკავება შსს-ს უკვე უჭირდა და მათი დარბევის საფრთხე არსებობდა. ამის შესახებ ბექა წიქარიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში თქვა.
– ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან მძიმე იყო იმის ყურება, რასაც გუშინ ვუყურებდი. რეალურად იქ კრიზისული ვითარება იყო. იქ იყო პანიკაც, შიშიც, ვცდილობდით რომ ეს მუხტი ესკალაციაში არ გადასულიყო და შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა და სიმშვიდე. ეს ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა იყო.
მოლაპარაკებაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ მას უკვე უჭირდა კონტრაქციის მონაწილეების კონტროლი და ის ვერ შეინარჩუნებდა კორდონს და შესაძლოა გამხდარიყო საჭირო მათი დარბევა (კონტრაქციის მონაწილეების). ჩემთვის ეს საკმაოდ მძიმე სანახავი იქნებოდა და ამას შესაძლოა კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება მოყოლოდა. მე ვერ ვიქნებოდი მათი დარბევის მომხრე, რადგან დარბევის წინააღმდეგ დავიწყეთ ფაქტობრივად ჩვენ აქციები. უმეტესობა მათგანი შეცდომაშია შეყვანილი, – თქვა ბექა წიქარიშვილმა.
თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, თუმცა ახალგაზრდებმა სამართალდამცველების მიერ კლუბებში ძალის გადამეტების გამო აქციები იმ ღამესვე გამართეს.
პარალელურად მიმდინარეობდა კონტრაქციაც, რომელსაც მალევე ქართული მარში შეუერთდა. თხმ-ის აქციის დასრულების მიუხედავად, ნეონაცისტური ჯგუფები პარლამენტის ტერიტორიას არ ტოვებდნენ.
ამასთან, მთელი დღის განმავლობაში მათსა და პოლიციას შორის, რომელიც თეთრი ხმაურის აქციას იცავდა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა – ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა. თუმცა, პარლამენტთან კონტრაქციისას დაკავებულთა ნაწილი ხელწერილით გაათავისუფლეს.
იმედინიუსი

