“ჩავხოცოოოთ”, „ღორებივით დავკლაააათო”, ამ ხალხში ღმერთის ნატამალი არ იყო” – დათო გორგილაძე

მწერალი დათო გორგილაძე 12-13 მაისის აქციების შედეგებს ეხმაურება.
“მოდით, გავაანალიზოთსავით:
1. გუშინ მარტივი მექაინიზმის ხაფანგი იყო. ზედმეტად მარტივი საიმისოდ, რომ მასზე წამოგებულიყავი. და, აი, რატომ: წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ შსს მინისტრი. ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ითხოვს თქვენს გადადგომას იმის გამო, რომ დიდი ალბათობით თქვენი ბრძანებით (სხვა ამხელა მასშტაბის სპეცოპერაციას მწვანე შუქს ვერ აუნთებდა) კლუბში შეიჭრა ავტომატიანი ხალხი იმ ადამიანების დასაჭერად, რომლებიც რამდენიმე საათით ადრე, უკვე დაკავებული ჰყავდათ. კითხვებს გისვამენ, პასუხები -არ გაქვს. რა უნდა გააკეთო? აგროვებ იმ ხალხს, რომელთა მოგროვებაც იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე გრიშა ონიანისთვის ბადრი შუბლაძის გინება. მათი დახმარებით ალყაში აქცევ შენს მოწინააღმდეგეებს და ნელ-ნელა ძაბავ სიტუაციას. და სწორედ მაშინ, როცა ვითარება ყველაზე კრიტიკული ხდება, შენ მიდიხარ ადგილზე როგორც მხსნელი და ეუბნები შენს მოწინააღმდეგეებს: ჩვენც დავუშვით შეცდომები და თქვენც. ახლა არგუმენტების დრო არ არის. მე დეტალურად გამოვიძიებ იმ ბრძანების დეტალებს, რომელიც მე თვითონ გავეცი და პირობას გაძლევთ, რომ ნარკოპოლიტიაც გადაიხედება. დროზე მიპასუხეთ, ფიქრის დრო არ არის, ის ხალხი გავეშებულია. ცოტაც და მათი დაკავება გაგვიჭირდება. იფიქრეთ ახალგაზრდებზე, ნუ ფიქრობთ მხოლოდ საკუთარ თავზე.
2. მეორე მხრივ, რთულია აქციის ორგანიზატრების გამტყუნება, მათი დადანაშაულება. ნერვების თამაშია, ორკების ურდო გემუქრება, მხოლოდ საკუთარ თავზე არ გრძნობ პასუხისმგებლობას. რთულია, მოკლედ.
3. საინფორმაციო ომი, პირწმინდად წაგებულია. ამ მხარეს (რომელსაც საკუთარ თავსაც მივაკუთვნებ), არ ჰქონდა ჩამოყალიბებული პრიორიტეტები და მესიჯები. მოლაპარაკებებში ერთი მარტივი წესი არსებობს: თუ ითხოვ ყველაფერს, სავარაუდოდ ვერაფერსაც ვერ მიიღებ. მგონია, რომ მოთხოვნა შსს მინისტრის გადადგომა არ უნდა ყოფილიყო – ეს უბრალოდ არარეალური გახლდათ. მოთხოვნა უნდა ყოფილიყო ადეკვატური – თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ის მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას და მიიღო გადაწყვეტილება (კი ვიცით, ვინც მიიღო, მაგრამ უარყოფს და მაშინ გაათავისუფლოს სხვები – ვინ ასრულებდა).
4. ვერ მოხერხდა მკაფიოდ ჩამოყალიბებულიყო, რომ ის ხალხი, ვინც იქ იდგა, არ იცავდა„ ბარიგებს” (კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მკვლელი წამლის შეგნებულად გამყიდველებს მოვუტყან მომავალი).
5. 3 საათზე მივედი აქციაზე. 5-ზე გავედი საქმეზე და მგონი 7-სკენ დავბრუნდი. აღარ შემიშვეს. ღამის 1-ელ საათამდე ვიდექი ორკების გარემოცვაში და რასაც ჩემი ყურები ისმენდა, შეუძლებელია გადმოსცე. ისიც კი მიკვირს, ამდენი ზიზღი როგორ შეიძლება დაიტიოს ტანმორჩილი ადამიანი სხეულმა. „ჩავხოცოოოთ”, „მაგათი დედის ცოლ-შვილს შევეციიი” (არ გეშლებათ, გინებაში ნახსენებია დედის ცოლ-შვილი), „ღორიებივით დავკლაააათ”. ამ ხალხში ღმერთის ნატამალი არ იყო. ღმერთისგან ასე დაცლილი ადამიანები მე არასოდეს მინახავს.
6. თავისუფლება გარდაუვალია. უბრალოდ, ჩათვალეთ, რომ ძველი კომპიუტერი გვაქვს და დიდხანს იტვირთება.”