,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს მარაზმი უწოდა.
ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე პარლამენტის არსს კლავენ.
– დღევანდელი სხდომის მთელი არქიტექტონიკა უკვე დაირღვა. ჯერ ერთი, გაგვექცა მთელი მთავრობა, პრემიერის თამადობით. შემდეგ პრეზიდენტმა მოითხოვა დისკუსიაში ჩართვა და ეს არის ბუნებრივი. დებატი ნიშნავს დისკუსიას, თუ დებატი არ იქნებოდა, მაშინ უნდა გვეთქვა, მონოტორულ რეჟიმში ვმართავთ ამ სხდომა. მე არ ვთვლი, რომ პარლამენტის პრესტიჟის შებღალვის საკითხია, რომ პრეზიდენტს მივცეთ საშუალება, პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვას, ეს არის ნორმალური. ეს არის პარლამენტის არსი, რასაც დღეს კლავს კობახიძე, კლავს მდინარაძე, კლავენ ეს პოლიტიკური ლაწირაკები. პირდაპირ ამ ტერმინს გამოვიყენებ. დღევანდელი დღე იქნება სამაგალითო დღე, როგორი პარლამენტი აღარ უნდა ჰყავდეს საქართველოს…
რაც დღეს ხდება, ეს არის მარაზმი და ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე, რომ პარლამენტი არის უზურპირებული ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ, – თქვა ინაშვილმა.
მისი თქმით, „არაფერი განსაკუთრებული დღეს პრეზიდენტს არ უთხოვია და არც მოუთხოვია”.
ინაშვილის თქმით, დღეს ხელისუფლების უზურპაცია მიმდინარეობს. ინაშვილის განცხადებით, საერთოდ, დღეს არსებული რეგლამენტი შესაცვლელია.
ნიუპოსტი

