საქართველოს პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა მეორე ვადით კენჭისყრას, მისი თქმით, ქვეყანას მნიშვნელოვანი მოვლენები აქვს გასავლელი, როგორიცაა 26 მაისის ღონისძიება და ნატოს სამიტი და ეს ღონისძიებები კამპანიაში შესული პრეზიდენტის ფონზე არ უნდა ჩატარდეს.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე არაერთი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის და ეს საქართველოს მხარდაჭერის სერიოზულ მოვლენად უნდა იქცეს:
– მე არა ვარ წინასაარჩევნო კამპანიაში, ქართული ოცნება მიტარებს ძალიან სერიოზულ წინასაარჩევნო პიარს მე მგონი და მაგით არიან დაკავებულნი, რომ ჩემი რეიტინგი აწიონ.
მე რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი მაქვს, ეს არის 26 მაისის ჩატარება, რომელიც იქნება საქართველოს მხარდაჭერის სერიოზული ღონისძიება, არაერთი ქვეყნის პრეზიდენტი მოვიწვიე პირადად. ჩამოდიან სომხეთის, ფინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, ესტონეთის პრეზიდენტები, იუნკერი ჩამოდის და სხვები. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. ამ მომენტამდე მე არ მინდა, რომ საარჩევნო კამპანია იყოს, იქ ყველა ერთად უნდა ვიყოთ მთავრობაც და მხედრობაც და არ მინდა რაიმე განხეთქილება იყოს. შემდეგ არის ნატოს სამიტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი მომენტია და ისიც არ უნდა მიმდინარეობდეს საარჩევნო კამპანიაში შესული პრეზიდენტის ფორმით. ვაპირებ თუ არ ვაპირებ, ამ დროს არ დავიწყებდი, იმიტომ რომ ერთიანი ეროვნული ღონისძიებები მაქვს ჩასატარებელი, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი უნდა დაფიქრდეს დემოკრატიის პრინციპებზე და შესაბამისი ნაბიჯი გადადგას.
– ვცდილობ, რომ შევაგონო მმართველ პარტიას, რომ დემოკრატია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კიდევ ერთი სადეპუტატო სკამი. დემოკრატია არის ხელისუფლების განაწილება და დროა, ძალიან მნიშვნელოვანია, იფიქრონ, როგორ გაანაწილებენ ხელისუფლებას.- აღნიშნა მარგველაშვილმა.

