“სამინისტროს კითხვები გაუჩნდა ალბათ მიმართავენ შესაბამის ზომებს…”- რა შედეგით დასრულდა ძიუდოისტების შეხვედრა გიორგაძესთან

"სამინისტროს კითხვები გაუჩნდა ალბათ მიმართავენ შესაბამის ზომებს..."- რა შედეგით დასრულდა ძიუდოისტების შეხვედრა გიორგაძესთანძიუდოისტებსა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს შორის 2 საათიანი შეხვედრა დასრულდა.

სპორტსმენებმა მინისტრთან საუბრისას ყურადღება გაამახვილეს იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც ძიუდოს ფედერაციაშია, მათ შორის ნეპოტიზმზე და იმ საკადრო ცვლილელებზე, რომელიც დავით ქევხიშვილის გადაწყვეტილებით განხორციელდა.

შეხვედრის დასრულების შემდგომ სპორტსმენები და მინისტრი შეთანხმდნენ, რომ სიტუაცია კრიტიკულია.

როგორც გაირკვა, სამინისტრომ ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე მოკვლევა დაიწყო.

“თვითონ სამინისტროს კითხვები გაუჩნდა და ისინი ალბათ მიმართავენ შესაბამის ზომებს,“ -აცხადებენ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები.

„გავიარეთ ის დეტალები და ის პრობლემები, რაც რეალურად არსებობს და რაც მართლაც ხელჩასაჭიდია ნებისმიერი ორგანოსთვის, ვინც ამით დაინტერესდება. თვითონ სამინისტროს, უშუალოდ, კითხვები გაუჩნდა და ისინი ალბათ მიმართავენ შესაბამის ზომებს… დაანონსებისგან თავს შევიკავებ რაიმე აქციის კუთხით, ვიმსჯელებთ ბიჭები ერთად, შევჯერდებით ერთ აზრზე და როგორი ფორმაც უფრო უკეთესი იქნება, ისეთ ფორმებს მივმართავთ შემდგომში გაგრძელების კუთხით,“ – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

თავად მიხეილ გიორგაძე, ვითარებაში გასარკვევად რამდენიმე დღე ითხოვა.

„საკითხი ძალიან მწვავედ დგას და ის საკითხები, რაზეც სპორტსმენებმა ისაუბრეს, სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. ორი დღე არ ვიქნები საქართველოში, თუმცა დავალებები უკვე გავეცი ამა თუ იმ საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით. დაბრუნების შემდეგ კიდევ გვექნება შეხვედრა, რათა საკითხის განხილვა მოხდეს. კონკრეტული გადაწყვეტილებები დღეს არ მიგვიღია და არც დაპირებები გაგვიცია“, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.