თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ნარკობარიგებს არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არ გაუმარჯვიათ, პოლიციის მფარველობის გარეშე. აღნიშნულის შესახებ ხიდაშელი ფეისბუქის გვერდზე წერს.
„ქართული სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკა კლავს, აშანტაჟებს, აუბედურებს ახალგაზრდებს;
ღამის კლუბში შეიარაღებული სპეცრაზმი ძალიან საშიში და შსს-ს უსურობის დამადასტურებელი ქმედებაა; ეს სადამსჯელო ოპერაციაა, უფრო დასაშინებელი, ვიდრე კონკრეტულ დამნაშავეებთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიება, არადა გუშინ ერთი საათი გვიხსნიდნენ ის ქვეყანა აღარ ვართო; ასეთი ქმედებები კლავს პოლიციის ავტორიტეტს. მერე იძახეთ არავინ თანამშრომლობსო“, – წერს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ წუხელ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შსს-ს ცნობით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, „რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი“.

