შსს – ”მერაბ მორჩაძემ მოწმეს ჩვენების შესაცვლელად თანხა გადასცა”

შსს - ”მერაბ მორჩაძემ მოწმეს ჩვენების შესაცვლელად თანხა გადასცა”შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზრიშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებების შესახებ ილაპარაკა. მისი ბოლო თქმით, დამატებით მოპოვებული მტკიცებულებებით, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია ორი პირი: მერაბ მორჩაძე და მირზა სუბელიანი.

მირზა სუბელიანი ახლახან დააკავეს, ხოლო მერაბ მორჩაძე – 8 ივნისს.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მ.კ.-ზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს – ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებს – მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მ.კ.-ს მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მ.კ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი.

მერაბ მორჩაძე მ.კ.-ს ასევე დაჰპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.

შედეგად, 2018 წლის აპრილში სასამართლოში ჩვენების მიცემისას, გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, მ.კ.-მ განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს ხელში დანა არ დაუნახავს”, განაცხადა ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა.

8 ივნისს, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე, გამოძიებით მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დააკავეს 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.

მერაბ მორჩაძე ფიგურირებს მოზარდებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეში, როგორც ერთ-ერთი ფიგურანტის ბიძა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი 31 მაისსგამოაცხადა. რასაც დაზარალებული მხარის პროტესტი მოჰყვა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.  დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

იმავე დღეს, პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. რომელმაც მუშაობა 8 ივნისს დაიწყო.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე გამოძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიბრუნა და მას მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დააკავეს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი.

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა. მისი სახელი დანაშაულიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

იმედინიუსი