თენგიზ დიხამინჯია – “თუ წულუკიანს არ გაუშვებენ, სააკაშვილის ხვედრს გაიზიარებენ”

თენგიზ დიხამინჯია - "თუ წულუკიანს არ გაუშვებენ, სააკაშვილის ხვედრს გაიზიარებენ"მიმდინარე პოლიტიკური საკითხების შესახებ “ახალი თაობა” უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატ თენგიზ დიხამინჯიას ესაუბრა.
– ბატონო თენგიზ, ბოლოდროინდელი კრიზისების შემდეგ ხელისფლება გადაყენებულია. საქმე ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე მიდგა.
– შვილმკვდარი მამების პროტესტმა ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. სიგნალი და საგანგაშო ზარის რეკვა იყო, როცა მოსახლეობამ მართლმსაჯულების დანაშაულებრივი სისტემის მიმართ პროტესტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ძირითადად ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სატკივარზეა ლაპარაკი. თუმცა, მიკროფონებთან არაერთი ატირებული ადამიანი ვნახეთ.
აღმოჩნდა, რომ არიან შვილმკვდარი ადამიანები, რომელთა პატივსა და ღირსებას მართლმსაჯულება ან ფეხქვეშ თელავს, ან ნიველურებას ახდენს. სწორედ ეს არის საგანგაშო და დამაფიქრებელი. ამან უნდა გამოიწვიოს საზოგადოებაში ახალი ცნობიერების დაბადება და სამართლებრივი სისტემის დემონტაჟი. ამით იყო განპირობებული პროტესტი. შემდეგ, როცა პოლიტიკოსები და რევანშისტები ჩაერთვნენ, მიტინგი მინელდა, თუმცა, პრობლემა არ მოიხსნა. რევოლუციური გზით უნდოდათ პრობლემის გადაწყვეტა.
– ვის უნდოდა რევოლუციური გზით პრობლემის გადაწყვეტა? 
– ამსტერდამულ პოლიტიკურ ორთქლმავალს უნდოდა, პროცესები თავის სასარგებლოდ წარემართა, საზოგადოებამ ამას სწორი რეაქცია მისცა და პროცესისაგან რევანშისტი პოლიტიკოსები გარიყა. ამით საზოგადოებამ სწორად განსაზღვრა – ამან სამოქალაქო საზოგადოების დაბადება უნდა გამოიწვიოს. სამოქალაქო საზოგადოებას ფსევდო და რევანშისტი პოლიტიკოსები ვერ დაბადებენ. ეს უკვე განსაზღვრულია. სამოქალაქო საზოგადოება მაშინ შედგება თუ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის ნაპრალი ამოივსება.
– მთავრობის გადაყენება ადეკვატური ქმედება იყო? 
– მთავრობამ ჩათვალა, რომ კრიზისი გადააგორა. გამაოგნებული იყო პრემიერის განცხადება გადადგომის თაობაზე, როცა წინა დღით “ოცნების” ლიდერები აცხადებდნენ, არანაირი კრიზისი მთავრობაში არ არის, პატარა ხარვეზებია, კვირიკაშვილი და მისი მთავრობა უნდა დარჩესო. ისე გამოვიდა, ბიძინა ივანიშვილმა გუნდის გადაწყვეტილებას რევიზია გაუკეთა, რაც მათთვის ვერდიქტი იყო. მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გადახედვას.
– შეიძლება არ უნდოდათ გაეხარებინათ ე.წ. ამსტერდამული ჯგუფი და გადადგომამდე არ გაამხილეს მიღებული გადაწყვეტილება.
– ე.წ. რევანშისტების ჯგუფმა სახელმწიფო კრიზისის შექმნა თავის თავზე მიიწერა. თითქოს მათ აიძულეს მთავრობის გადაყენება. სინამდვილეში ახალგაზრდები გამოვიდნენ.
– ეგენი დღესაც იბრალებენ.
– იბრალებენ, მაგრამ დღის წესრიგი ახალგაზრდებმა შექმნეს, რომლებსაც მომავალი აქვთ. ეგ ადვილი გასაშიფრია. გამოჩნდა, რომ ახალგაზრდები და სამოქალაქო საზოგადოება “ოცნებისა” და წინა ხელისუფლების კოაბიტაციას, მათი თამაშის დამკვიდრებას ვერ შეეგუება.
– პრემიერი და მთავრობა გადასაყენებელი არ იყო? 
– კვირიკაშვილს იმხელა პრობლემები არ აქვს – ქვეყნის წინაშე დანაშაული არ ჩაუდენია, რამდენადაც თეა წულუკიანს, რომელიც არის მოთამაშე მწვრთნელის ხელშეუხებელი უნივერსალური ფიგურა. თეა წულუკიანს ისეთივე ფუნქცია ჰქონდა რეალპოლიტიკაში, როგორც სააკაშვილის დროს ადეიშვილსა და მერაბიშვილს.
“ოცნებას” შევახსენებ, რომ წინა რეჟიმის დროს თავიდან მიტინგები დაიწყო ადეიშვილისა და მერაბიშვილის გადაყენების და არა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. სააკაშვილი ვერ შეელია ადეიშვილსა და მერაბიშვილს. საბედისწერო შეცდომას დაუშვებენ, თუ წულუკიანსა და კიდევ ერთ-ორ ფიგურას თუ ვერ შეელიენ. თუ ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, სამთავრობო ცვლილებები წმინდა ბუტაფორული ხასიათის იქნება და სავალალოდ დაამთავრებენ.
– სავალალოდ როგორ?
– მიშა სააკაშვილის ხვედრს გაიზიარებენ, აბსოლუტურად.
– შექმნილი სიტუაცია თეა წულუკიანის მუშაობის შედეგი იყო?
– პროტესტი არამარტო თეა წულუკიანის, არამედ ზოგადად მართლმსაჯულებისა და ეკონომიკური კრიზისის შედეგი გახლდათ. ორივე სეგმენტი მოსახლეობაში ძალიან დიდ პრობლემას ქმნის.
– გინდათ თქვათ, რომ კრიზისი შექმნა სისტემამ, რომელიც თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში ძირეულად არ შეიცვალა?
– დიახ, მიტინგზე მე ათეული ადამიანს მოვუსმინე, რომელიც მართლმსაჯულების მსხვერპლია. მოთამაშე მწვრთნელი და “ოცნების” მთელი გუნდი წინა ხელისუფლების შექმნილი სისტემის მძევლები არიან. თეა წულუკიანის პასუხისმგებლობაა სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობაც, რომელმაც სასამართლო სისტემა ჩამოაყალიბა. შედეგად დღესაც ხელშეუხებლები არიან მურუსიძეები და ჩინჩალაძეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს დანაშაულებრივად ემსახურებოდნენ. სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის გამართული მუშაობა დამოკიდებულია იუსტიციის სამინისტროს ეფექტურობაზე.
– თეა წულუკიანის ბედი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. თუმცა, ამბობენ, რომ გააგრძელებს მუშაობას.
– ერთადერთი, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯანელიძის წასვლის საკითხია გადაწყეტილი, რომელმაც მოვლენებს დაასწრო და თქვა, რომ ახალ მთავრობაში ვეღარ ვიხილავთ. თუ ძირეული ცვლილებები არ მოხდა, იქნება ბუტაფორია.
– ისე, ჯანელიძე მაშინ უნდა გადამდგარიყო, როცა სირიამ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღიარა.
– რა თქმა უნდა. მსგავსი დანაშაულები სხვასაც მიუძღვის. საყდრისი რომ ააფეთქეს, სულ ცოტა ორი მინისტრი მაშინ უნდა გადამდგარიყო. ამის გამო პასუხისმგებლობას მთავრობის წევრები ვერ აცდებიან.
ცალკე განხილვის საკითხია მაჩალიკაშვილის ამბავი, რომელიც ყოველგვარ დანაშაულს სცილდება – ვაზაგაშვილის, გამცემლიძისა და სხვა შვილმკვდარი მამების მიმართ ჩადენილი დანაშაულობების (რომელთა შვილები წინა ხელისუფლებამ ჩახოცა ქუჩებში) არანაკლები დანაშაულია – პანკისში მძინარე ბავშვის ლიკვიდაცია მოხდა.
ამაზე უშიშროების მინისტრი აგებს პასუხს. სავალალოა, რომ მას თავისი შეგნება არ გააჩნია, არ გადადგა და ამის გამო სავალალო მდგომარეობა მივიღეთ – ფეთქებადსაშიში, ძალიან ფაქიზი რეგიონია. კლანური გადაწყვეტილებითა და კლანური კრიტერიუმებით ხდება მინისტრების შერჩევა, რაც დამღუპველია.
– ანუ მიგაჩნიათ, რომ უშიშროების მინისტრი უნდა გადადგეს?
– დიახ. ამაზე საზოგადოების წარმომადგენლები ნაირა გელაშვილი და სხვა პიროვნებები გამოდიან, რომლებსაც პოლიტიკასთან არავითარი შეხება არ აქვთ. ამ მოთხოვნით გამოდის ასევე ახალგაზრდების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ასეთი თანამდებობის პირები ჩამოსაცილებელია. კონკრეტულად, გომელაურზეა საუბარი.
– გომელაურის ჩამოცილება უშველის საქმეს?
– უშველის. გომელაური ვერ აცნობიერებს, რომ იქ პროცესებში შეიძლება ორმაგი აგენტები, ან ისეთი გადაგვარებული ადამიანები ჩაერთონ, რომ მოვლენებმა რადიკალური სახე მიიღოს, რასაც შეიძლება არასასურველი პოლიტიკური რეზონანსი მოჰყვეს. ამ ადამიანებს კატეგორიულად ვაფრთხილებ,M გამოფხიზლდნენ. პაუზა არის დანაშაული. ასეთი პაუზების გაკეთების ფუფუნება სახელმწიფოს არ აქვს. ფეთქებადსაშიში ვითარებაა.
ყველა ადამიანს აქვს თავისი შეცდომის გამოსყიდვის უფლება, მაგრამ გასათვალისწინებელია კოაბიტაციური პროცესები. დღევანდელი მეოცნებეები ნაციონალურ ჯგუფებთან აგრძელებენ დანაშაულებრივ კოაბიტაციას. მამუკა ბახტაძეს შანსები აქვს, მაგრამ ძალიან მცირე.
– რატომ ფიქრობთ ასე?
– ყველაფრის ფუნდამენტალურად შეცვლა გაუჭირდება. მაშინ ყველასგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს.
– გუნდში საუბარი ყოფილა რიგგარეშე არჩევნებზეც, თუმცა, როგორც ჩანს, უარყოფილი იქნა ეს აზრი და სააშკარაოზე არ გამოსულა. 
–  რიგგარეშე არჩევები ტარდება მაშინ, როდესაც ქვეყანა შედის ღრმა კრიზისში ეკონომიკურად, ფინანსურად, ან სოციალურ კეთილდღეობას ემუქრება დიდი საფრთხე, საჭიროა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ან დიდ ეროვნულ თანხმობას გინდა მიაღწიო. ამ შემთხვევაში “ოცნებას” რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად მოტივაციები ნამდვილად არ გააჩნია. მისი მთავარი სტრატეგიაა დროის გაწელვა და იმ დანაშაულებრივი საარჩევნო კანონის დატოვება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მაჟორიტარული სისტემის დატოვებას და მის ხარჯზე ძალაუფლების შენარჩუნებას, თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას. ცვლილებების გარეშე ნებისმიერი არჩევნები იქნება ბუტაფორია.
– სამოქალაქო საზოგადოება ამისთვის რომ არ იბრძვის?
– საზოგადოება ნამდვილად უნდა იბრძოდეს ამის შესაცვლელად. მოვუწოდებ ხელისუფლებას, მიიღოს მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების გადაწყვეტილება და ყველა პოლიტიკური სუბიექტი თანაბარ პირობებში ჩააყენოს. გასაკვირია, მაგრამ ნეოკომუნისტებმა და ეროვნულმა ძალებმა საარჩევნო კოაბიტაცია მოახერხეს.
მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებაა საჭირო. ეს ამოცანა ახალმა პრემიერმა უნდა გადაწყვიტოს. ისე ის ვერანაირი ფიგურა ვერ იქნება და ისტორია და საზოგადოება გარიყავს.
გარდა ამისა, ახალმა პრემიერმა საბანკო რეფორმები უნდა გაატაროს. ბანკები ახრჩობენ მოსახლეობას. ამას წინათ ერთმა ექსპერტმა თქვა, აღა მაჰმად ხანს არ გაუკეტებია ისეთი რამ, რაც ბანკებმა გაუკეთეს საკუთარ მოსახლეობასო. ეს თუ არ შეიცვალა, ალტერნატიული საბანკო სისტემა არ ჩამოყალიბდა და ის ადამიანები არ განიდევნენ საბანკო სისტემიდან, მანამდე იმ დანაშაულებრივი სისტემის მოქმედება გაგრძელდება, რაც აქამდე იყო.
– საბანკო რეფორმის საჭიროება სწორედ ბახტაძემ წამოწია ფინანსთა მინისტრად მუშაობის პეროიდში. უნდა ვიფიქროთ, რომ პრემიერის რანგში საბანკო სისტემის რეფორმაზე იმუშავებს.
– ბახტაძემ საზოგადოებაში წამოჭრილი პრობლემა გაიმეორა. იმიტაცია იყო თუ რეალურად აპირებს რეფორმის ჩატარებას, ამას მომავალი გვიჩვენებს. იმიტაცია და საქმის კეთება სხვადასხვა რამ არის. კონსტიტუციური რეფორმებია ჩასატარებელი.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა