ვისი დავალებით მოსთხოვა ვანო ჩხარტიშვილმა პატრიარქს გადადგომა

ვისი დავალებით მოსთხოვა ვანო ჩხარტიშვილმა პატრიარქს გადადგომაცოტა ხნის წინ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა პატრიარქს გადადგომა ურჩია.

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ამ საკითხზე ”ახალ თაობას” ესაუბრა.

– ცოტა ხნის წინ მეუფეები მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძესთან ვერ შევიდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატრიარქს ვანო ჩხარტიშვილის პირით მოსთხოვეს გადადგომა.
– როგორც განმარტეს, რამდენიმე დღის წინ, მატროსოვზე მეუფეები ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შევიდნენ. მამა გიორგისთან მათი შეხვედრა 25 ივლისს შედგა.
რაც შეეხება პატრიარქისთვის წაყენებულ მოთხოვნას. ადრე მე თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რომ როცა ილია II-მ მოსაყდრის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, ის გარკვეული შანტაჟის ქვეშ იმყოფებოდა. ამ შემთხვევაში პოლიტიკურ და საეკლესიო შანტაჟს ვგულისხმობდი.
რამდენიმე თვის წინ პატრიარქმა მკვეთრი სიგნალი მოგვცა. მაგრამ ყოვლისმცოდნე და ყველაფრის გამაანალიზებელი ქართული საზოგადოება ვერ მიხვდა, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი პატრიარქმა.
მოსაყდრის დანიშვნა რომ იძულებითი ნაბიჯი იყო, ეს სინოდის ბოლო სხდომაზეც გამოჩნდა. ჩვენ გვყავს მოსაყდრე, რომელსაც აქვს გახსნილი კონვერტის ფუნქცია. ამდენი ხნის მანძილზე პატრიარქს არც კი უთქვამს, მოსაყდრეს მემკვიდრედ ვასახელებო.
– თქვენ შანტაჟის თემა ახსენეთ და ვინ აშანტაჟებდა პატრიარქს?
– ეს შანტაჟი ღიად მოდიოდა რუსეთის პატრიარქ კირილისგან. ამაში მონაწილეობდა ილარიონ ალფეევი. აფხაზეთის ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხი დააყენეს შარშან შემოდგომაზე დღის წესრიგში.
მაშინ იყო ასეთი დათქმა, რომ შეიქმნებოდა ერთობლივი კომისია. ამ კომისიაში ქართულ მხარესაც უნდა ჰყოლოდა თავისი წარმომადგენელი. პატრიარქი რომ არ შეეწუხებინათ, ერთ ერთი ეპისკოპოსის დასახელება გადაწყდა. კონკრეტული მინიშნება გაკეთდა მეუფე შიოზე.  ეს იყო მოსაყდრეზე წინასწარი მოთხოვნა.
პატრიარქმა ყველაფერი სწორად გათვალა და საზოგადოებას პირდაპირ უთხრა, ა, ბატონო, იძულებული ვარ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღო.
მან ისიც გვითხრა, რომ მას ეკლესიის შიგნით ჰქონდა საკმაოდ რთული ვითარება და ამიტომაც გახდა იძულებული, მოსაყდრე დაესახელებინა.
მაშინ საზოგადოება ვერ მიხვდა, მაგრამ ახლა ნათლად ჩანს, თუ რას ემსახურებოდა პატრიარქ კირილის და დუგინ-ვასაძის გეგმა – მათ შიო დაასახელებინეს მოსაყდრედ.
მერე უკვე ჩხარტიშვილი მივიდა საპატრიარქოში და პატრიარქს ურჩია, გადამდგარიყო. ზოგი ამბობს, რომ ბიზნესმენმა ეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით გააკეთა. ამ მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმები.
– რატომ ვერ დაეთანხმებით?
– იმიტომ არ დავეთანხმები, რომ ვიცი, რაც ხდება. ჩხარტიშვილი ილია II-ს ივანიშვილის დავალებით არ შეხვედრია.
– აბა რატომ ახსებენ ივანიშვილის გვარს?
– ვიღაცას ეს შესაძლოა ქულების დასაწერად უნდა, მაგრამ არაა სიმართლე. ივანიშვილს საკმარისად აქვს პოლიტიკური ცოდვები და ამის აკიდება არაა საჭირო
იმ ხალხს, ვისაც სჯერა, რომ ჩხარტიშვილი ივანიშვილის დავალებით მოქმედებდა, ვურჩევ, დაფიქრდნენ, თუ რა კავშირია ჩხარტიშვილსა და ვასაძეს შორის. კარგი იქნება, თუ სხვა მომენტებსაც დაუფიქრდებიან.
– მაგალითად, რას?
– რითი უნდა ეიძულებინათ ჩხარტიშვილი, მისულიყო პატროარქთან და საკმაოდ მკრეხელური მისია შეესრულებინა. ამ მკრეხელურ მისიას, როგორც უკვე ვთქვი, წინ უსწრებდა პატრიარქის მოსაყდრედ მეუფე შიოს გამორჩევა. ეს იყო ზეწოლა რუსეთიდან. ამას ჩვენი საპატრიარქო ღიად არ დაადასტურებს, მაგრამ ყველაფერი ისედაც ნათელია.
ზოგჯერ ყველაფრის თქმა საჭირო არ არის. პატრიარქმა თავისი ნაბიჯით გვითხრა, რომ განსაცდელში იყო არა მხოლოდ თვითონ, არამედ მთელი ქართული ეკლესია.
იმასაც ამბობენ, რომ მოსაყდრის დანიშვნაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ვიღაც პერსონა შეიძლება იყო ჩართული, მაგრამ სისტემური გადაწყვეტილება რომ იყო. ამას ვერ დავიჯერებ. ეს არის პირდაპირ რუსული ხაზი. ამ ხაზის გამტარებელი არის საპატრიარქოსთან დაახლოებული ვასაძე და მოსაყდრე შიო. მათთან ერთად არის ჩხარტიშვილიც.
– და ეს ვანო ჩხარტიშვილი ვინაა ამისთანა, პატრიარქთან რომ მიდის და გადადექიო, ეუბნება. მართალია, ბევრი ფული აქვს, მაგრამ ეს რამეს ნიშნავს?
– ჩხარტიშვილი თავისი გავლენებით საპატრიარქოში მიღებული პერსონაა. მას ვასაძე-დუგინთან სერიოზული კავშირები აქვს, ასევე კავშირები აქვს რუსულ ბიზნესწრეებთან. აქედან გამომდინარე ძნელი მისახვედრი არაა, თუ რატომ გაბედა მან პატრიარქთან ასეთი მკრეხელური მისიით მისვლა.
 – თქვენი აზრით, ახლა საპატრიარქოში მოვლენები როგორ განვითარდება?
– საზოგადოებამ უკვე იცის, რომ მოსაყდრე არ არის აპრიორი მომავალი პატრიარქი. ამიტომ მოვუწოდებ მეუფე შიოს, როცა პატრიარქის არჩევნებამდე მივა საქმე საერთოდ არ მიიღოს ამაში მონაწილეობა.
ახლა ის მაფიქრებს, ვინ არის საპატრიარქოში პრორუსული კადრი, ვისზეც ვასაძე-დუგინი და კირილი გააკეთებენ არჩევანს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა