”თამარ ჟვანია სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის” – ცესკო-ს თავმჯდომარეს ვადა 1 თვეში ეწურება

”თამარ ჟვანია სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის” - ცესკო-ს თავმჯდომარეს ვადა 1 თვეში ეწურებაარჩევნები და ფარული ჩანაწერების ახალი სერია – ოპოზიციამ ამჯერად საოლქო კომისიის სხდომების ვიდეომასალა გაასაჯაროვა.

კადრებში კარგად ისმის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის, წესით, პოლიტიკურად ნეიტრალური თანამშრომლები, თბილისიდან წინასწარ მიღებულ მესიჯებს სიტყვა-სიტყვით იმეორებენ. ე.წ. მესიჯბოქსი, კომისიის წევრებს, თამარ ჟვანიას მითითებით მიუვიდათ; ამ წერილით, საარჩევნო კომისიის წევრებს ევალებათ, არ დაუშვან კომისიის დამოუკიდებელი კანდიდატების დანიშვნის პროცესში, სხდომაზე მათთან გასაუბრება. გზავნილში მითითებულია კანონის ის პუნქტები და სავარაუდო პასუხები, რომლითაც გასაუბრებაზე უარი უნდა დასაბუთდეს.

სკანდალური შინაარსის გზავნილები, ოპოზიციის შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის განკუთვნილ კვოტას “ქართული ოცნების” წევრების ცოლები და ახლობლები იკავებენ.

ოპოზიცია ამბობს, რომ ახალი ჩანაწერებით დგინდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის და სახეზეა საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების კონკრეტული ფაქტები. თამარ ჟვანიას ვადა ერთ თვეში ეწურება, ის ამ თანამდებობაზე ახალი ვადით, ახალმა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს და ”ოცნების” უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს, ამიტომ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სახეზეა დიდი გარიგება-საარჩევნო ადმინისტრაცია ”ოცნების” კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავებს და სანაცვლოდ ხელშეუხებლობის და ახალი ვადით დამტკიცების გარანტიას მიიღებს.

რუსთავი 2