“კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა იმდენი რამე იციან, ხელს ვერავინ მოკიდებს”

"კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა იმდენი რამე იციან, ხელს ვერავინ მოკიდებს"რით განსხვავდება დღევანდელობა 90-იანი წლებისგან, ვისი მითითებით ახევენ ბიზნესმენებს ფულებს, ვის ინტერესებშია არეულობა, რატომ არ სთხოვენ პასუხს კორუმპირებულ ჩინოსნებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპების” ხელმძღვანელი ჯელალ ქიქავა ესაუბრება.
ჯელალ ქიქავა:
– ბოლო პერიოდი სულ იმას ვამტკიცებ, რომ თბილისი კორუფციის დედაქალაქად გადაიქცა. თბილისთან ერთად კორუფციის ჭაობში ჩაიძირა მთელი საქართველო. სანთლითაც რომ ეძებო, ვეღარ ნახავ ჩინოსანს, რომელიც კორუფციაში არ იყოს გასვრილი.
გასული საუკუნის 90-იანი წლები დააბრუნეს. იმ წლებისგან მხოლოდ ერთი რამ განგვასხვავებს – მაშინ “ჟიგულებით” დადიოდნენ, ახლა “ინამარკებით” დაქრიან.
კორუფცია რომ ყვაოდა, ვიცოდი, მაგრამ ამ დონეზე თუ იყო საქმე მისული, ეგ აღარ მეგონა.
– ამ დონეზე თუ იყო მისულიო, ამაში რას გულისხმობთ?
– ჩვენ ვნახეთ ჩანაწერები, სადაც ყოფილი მინისტრი მინისტრების სახელით ბიზნესმენს მანქანების გადაფორმებას სთხოვს.
– ადამიანი, რომელიც ამ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, იქნება საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა და ზემოთ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამას გამორიცხავთ?
– არც ის იცოდნენ, “ოცნების” ფონდში ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი რომ ირიცხებოდა? ძალიანაც კარგად იცოდნენ. მეტსაც გეტყვით, ასეთი სისტემაა შექმნილი და სხვანაირად ვერ იმოქმედებენ ჩინოსნები.
– ივანიშვილმა თუ იცოდა ამის შესახებ?
– როგორ არ იცოდა. ის ასეთ სისტემაშია გაზრდილი. მან რუსეთში იშოვა ფული, იცის, იქ რა როგორ არის და ასეთივე სქემა შემოიტანა საქართველოში. ამას ჯერ კიდევ მაშინ უნდა მივმხვდარიყავით, ხელისუფლებაში მოსვლიდან მესამე დღეს რომ დაიბრუნა თავისი ქონება.
– ქონებაში იმ 80 მილიონს გულისხმობთ, სააკაშვილმა რომ გაუყინა?
– 80 მილიონი არაა ქონება? მოვიდა თუ არა, პირველი ეს გააკეთა. სხვა დაზარალებულებმა დღემდე ვერ დაიბრუნეს ვერაფერი.
– ივანიშვილმა ეს 80 მილიონი კახეთში სეტყვით დაზარალებულებს მოახმარა.
– გვახსოვს ბატონო ეს ამბავი, ძალიან ბებრებიც კი არ ვართ. ფაქტია, რომ მან შექმნა ეს კორუმპირებული სისტემა. ქვეყანა დღეს კორუფციის ჭაობში იძირება.
საქართველოში 500.000 უმაღლესი განათლების ადამიანი იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა თავისი გუნდი შეკრიბა. ამ კაცის გადამრიე ფანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ის როგორ დავივიწყო, რაც კარგი გააკეთა. ამ 500.000 განათლებულიდან მიშამ განსაკუთრებულად განათლებულები მოიყვანა. ჩააბარა ხელისუფლება და შედეგიც დაიდო – საქართველო სახელმწიფოს დაემსგავსა.
მოვიდნენ თუ არა ესენი, განათლებული და გამოცდილი ხალხი გაყარეს და მათ ადგილას თავისიანები მოიყვანეს. ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი, ყველაფერზე იყიდება და მაგიტომაც ჩაეფლო დღეს საქართველო კორუფციის ჭაობში.
– “ოცნებამ” თანამდებობებზე ძირითადად პორტირებული ნაცები დანიშნა და რაკი საქმეს ვერ აკეთებენ, გამოდის, რომ არც მიშას ჰყოლია გვერდით დიდი პროფესიონალები.
– მიშას გვერდით პროფესიონალები იდგნენ, მაგრამ ნაციონალებში მეორე ეშელონიც იყო. ამათ მაღალი თანამდებობები არასდროს ეკავათ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადავიდნენ “ოცნებაში”, მიიღეს მაღალი თანამდებობები და რასაც დაემსგავსა ქვეყანა, კი ხედავთ.
ამ მეორე ეშელონს წარმოადგენდა დღევანდელი პრემიერ-მინისტრიც. ეგი თავის დროზე ნაციონალებს ფულებსაც ურიცხავდა.
– მამუკა ბახტაძემ თქვა, ჩემი ნებით არ ჩამირიცხავს ნაცებისთვის ფულიო.
– მაგან კი თქვა, მაგრამ ვინ დაიჯერა. პატარა ბოვშები არ ვართ, ეს ზღაპარი რომ დავიჯეროთ. ძალით თუ ჩაარიცხინეს ფული, აქამდე რატომ არაფერი თქვა პრემიერმა.
– პრემიერი ვახსენეთ და ყოფილ პრემიერზეც მინდა გკითხოთ. ყველა, მათ შორის “ოცნების” მხარდამჭერებიც, ელოდებოდნენ, რომ კვირიკაშვილს პროკურატურაში დაიბარებდნენ. ამ დღეებშკი ი ვიგებთ, რომ ეს კაცი იბიარდის მრჩევლად დაინიშნა. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ?
– არ მაქვს პასუხი. შექმნილი ვითარება მაგონებს ასლან აბაშიძის მმართველობის ბოლო პერიოდს. ხელისუფლება აგონიაშია. ზოგი იბიარდში დაიმალება და ზოგი სხვაგან მოძებნის თავშესაფარს.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად დაიმალება, ბიუჯეტიდან თანხების მითვისებაზე ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი.
ახლა არავინ არ ისჯება იმიტომ, რომ ხალხი არ ითხოვს ამას. ხალხი თუ გამოვიდა და კორუმპირებული ჩინოსნების დასჯა მოითხოვა, ყველა აგებს საკადრის პასუხს.
– კორუმპირებული ჩინოსნების დასჯა ხალხმა კი არა, თავად მთავრობამ უნდა მოითხოვოს.
– მთავრობა იმ შემთხვევაში გააკეთებს ამას, თუ თავად არ არის კორუმპირებული. კორუფციის ჭაობში ჩაფლული “ოცნება” ამ ნაბიჯს არ გადადგამს და თავისიანებს, რაც არ უნდა გასვრილი იყვნენ, ხელს ვერ მოკიდებს.
– ვერ მოკიდებს თუ არ მოკიდებს?
– ვერ მოკიდებს.
– რატომ ვერ მოკიდებენ? კორუმპირებული ჩინოსნის დაჭერა ხომ წინასაარჩევნოდ კარგი პიარი იქნება?
– ხალხს მოეწონება, მაგრამ ხელ-ფეხი აქვთ შეკრული. აქ ისეთი რაღაცეებია გაკეთებული, არავის არ აწყობს ამის გამომზეურება. “ომეგას” ამბებზე ხომ ხედავთ, რა ხდება. აქ სერიოზული სკანდალები იქნება. რომელიმემ პირი რომ მოაღოს, მთელ “ოცნებას” გადაიყოლებს. მაგიტომაც არ კითხავენ არავის და არც პასუხს სთხოვენ.
– ყოფილი მინისტრები, დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე, ხომ დაიბარეს დაკითხვაზე?
– მერე? დაკითხეს და გამოუშვეს. ამას გაგრძელება არ მოჰყოლია. დამნაშავე თუ არ დასაჯე, ასე პროკურატურაში დაბარებას რა აზრი აქვს.
– თქვენი აზრით, ამ ადამიანებმა პროკურატურაში რაიმე ისეთი თქვეს, რომ თავი დაანებეს?
– ალბათ. ალავიძემ, ქუმსიშვილმა, კვირიკაშვილმა ბევრი რამე იციან და მათი ალაპარაკება არავის არ აწყობს. ეს ყველაფერი ჩემგან საკმაოდ შორსაა და ამათი ქმედებების ანალიზი გამიჭირდება.
ერთი რამე კარგად ვიცი, რომ ყველა კორუფციაშია ჩაფლუილი. ამაში ხალხის ბრალიც არის.
– ხალხი რა შუაშია?
– ხალხი იმ შუაშია, რომ არჩევნებზე არ მიდის. ბუნებით მშვიდობისმოყვარე ვარ და მიმაჩნია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოხდეს. ხელისუფლებაც მშვიდობიანად ანუ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
კეთილი ვინებოთ და ვისწავლოთ არჩევნებზე სიარული. არეულობა და ღრეობები სიკეთეს არ მოგვიტანს. ამომრჩევლის 60% არჩევნებზე არ დადის. მერე გვიკვირს, რატომ არ გვივარგა მთავრობაო.
– ხალხი არჩევნებზე თუ წავა, ივარგებს მთავრობა?
– ხალხი არჩევნებზე თუ მივა, ხელისუფლება არჩევნებს ვეღარ გააყალბებს. ხალხს დიდი ძალა აქვს და მას ვერანაირი ფული ვერ მოერევა.
– თქვენ თქვით, რომ არეულობის წინააღმდეგი ხართ, მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ ის გაერთიანება, რომელსაც თქვენ მხარს უჭერთ, არეულობისთვის ემზადება.
– მაგას ხელისუფლება ამბობს. მე გეუბნებით, რომ არეულობა და შეიარაღება დაუშვებელია. “ოცნება” შეგნებულად ავრცელებს ამ ჭორებს.
– მართლა რომ დაიწყოს არეულობა?
– არეულობა თუ იქნა, იმ პროცესს ეგრევე გავემიჯნები. ძალადობის მომხრე როგორ ვიყო, როდესაც რუსთაველის გამზირზე არაერთხელ გამიპროტესტებია ძალადობა.
– აქციები თუ დაიწყო ოპოზიციამ, არც აქციებში მიიღებთ მონაწილეობას?
– აქციები არაა ძალადობა. აქციის გამართვის უფლებას ჩვენ კონსტიტუცია გვაძლევს. აქციები არც დასავლურ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
– პარლამენტის სპიკერმა ამ დღეებში თქვა, ოპოზიცია და დასავლეთი ისეა ერთმანეთთან, როგორც ვირი და კრიალოსანიო.
– ამაზე რა უნდა ვუპასუხო ირაკლი კობახიძეს. ახალგაზრდაა ჯერ და აზრზე არაა, რას ამბობს. სხვებიც მაგნაირები არიან, რაღაცას იტყვიან, მერე გამოდიან და ბოდიშების მოხდა უწევთ. აქედან გამომდინარე მათი განცხადებების კომენტირება არ ღირს.
კობახიძეზე და მისნაირ გოგო-ბიჭებზე კომენტარს კიდევ იმიტომ არ გავაკეთებ, რომ ამ ხალხს გამოცდილება არა აქვს. ხელისუფლებაში კი არიან, მაგრამ არ არიან გამოცდილები.
– ამდენი ხანი როცა წამყვან თანამდებობაზე ხარ, გამოცდილება როგორ ვერ უნდა მიიღო.
– მაღალ თანამდებობაზე ყოფნას რა აზრი აქვს, როდესაც ქვეყანას ერთი კაცი მართავს.
– ის ერთი კაცი რით ვერ დაიღალა ყველაფრის მართვით?
– ეგ არ დაიღლება. ახლა ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. არსებული ვითარების შეცვლა თუ უნდათ, მოვიდნენ არჩევნებზე. არ მოვლენ და იგივე დარჩება, მერე აღარ იწუწუნონ, რა გვჭირსო.
– ხალხის გარდა, ოპოზიციაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. ასარჩევი თუ არავინაა, რა აზრი აქვს არჩევნებზე მისვლას?
– არჩევნებში მისვლა ყველა ვარიანტში აუცილებელია. ხალხმა და ოპოზიციამ თუ არ ვიბრძოლეთ, არაფერი არ გამოვა.
– არჩევნებზე მისვლა აუცილებელიაო, ამბობთ, ამ დროს ოპოზიცია ამბობს, არჩევნები გაყალბდებაო. ამით ხალხს არჩევნებზე წასვლის მოტივაციას ხომ არ უკარგავთ?
– ამ ჭორებს ავრცელებს ხელისუფლება. მათ ინტერესებშია, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები ხალხი მივიდეს.
მეც ვამბობ, რომ “ოცნება” არჩევნების გაყალბებას აპირებს, მაგრამ ხალხი თუ მივიდა, არჩევნები ვერ გაყალბდება. გავიხსენოთ 2012 წლის არჩევნები. როდესაც ხალხი ერთ მხარეს დადგა, მაშინ ვერც დიდმა ფულმა და ხელისუფლების ძალადობამ ვერაფერი გააწყო.
– 2012 წელს ხალხის გვერდით, ივანიშვილის სახით, დიდი ფულიც იყო.
– დიდი ფულიც იყო, მაგრამ მთავარი ხალხია. მივა ხალხი არჩევნებზე, იქნება შედეგი. არ მივა და ყველაფერი იგივე დარჩება.
ახლო მომავალში ბევრი საინტერესო ამბავი გევლოდება. ბიძინა ივანიშვილი სერიოზული ფოკუსის ჩატარებას აპირებს.
– რა ფოკუსზე საუბრობთ?
– ფოკუსების მოფიქრება მაგის საქმეა და რა ვიცი, რომელ ფოკუსს აირჩევს. იმის თქმა კი შემიძლია, რომ 10 ოქტომბრისთვის მზადდება დიდი ფოკუსი. 10 ოქტომბერს ამას არ გადააცილებს.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა