მამუკა არეშიძე – “მამუკა ბახტაძე მარიონეტი არ მგონია” – რაზე ისაუბრეს პრემიერმა და ექსპერტებმა აგვისტოს დასაწყისში

მამუკა არეშიძე - "მამუკა ბახტაძე მარიონეტი არ მგონია" -  რაზე ისაუბრეს პრემიერმა და ექსპერტებმა აგვისტოს დასაწყისშიპოლიტოლოგი მამუკა არეშიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.
– ბატონო მამუკა, პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთნაირად არის გაკოტრებული. შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებმა ეს დაამტკიცოს ან უარყოს?
– პოლიტიკის მიმართ ზოგადად ნიჰილისტური განწყობები საზოგადოებაში არსებობს. თუმცა, გაკოტრებული ძალიან მკვახე ნათქვამია. ეს ნიშნავს, რომ არც ერთს და არც მეორეს რესურსი არ აქვს. მე კი ვფიქრობ, რესურსი მაინც არსებობს, მთავარია, ეს რესურსი პოლიტიკურმა ელიტამ, პირველ რიგში ხელისუფლებამ, გამოიყენოს, ეს უნდა ხალხსაც.
– როდესაც ოპოზიცია სუსტია და რეალური ალტერნატივა არ არსებობს, მაშინ ხელისუფლებაც არ ცდილობს, უკეთესი იყოს. დღეს რამდენად გვაქვს ეს ვითარება?
– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალ პრემიერს ნაკლებად ვიცნობ, რომელსაც მხოლოდ ერთხელ შევხვდი, მაინც მაქვს იმედი, რომ მას შეეძლება სწორი ორიენტირების არჩევა.
– თუ შეიძლება პრემიერთან შეხვედრაზე მოგვიყვეთ.
– მარტო არ ვყოფილვარ, კოლეგები მახლდნენ. საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო. უამრავ საკითხზე ვისაუბრეთ.
– კონკრეტულად რაზე ისაუბრეთ?
– იმ საფრთხეებზე და გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს. ჩემი მთავარი კითხვა იყო, თუ რატომ არ ხდება ამ გამოწვევების, საფრთხეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პოლიტიკის შემუშავება.
– პრემიერმა ბახტაძემ რჩევები, კონსულტაციები გთხოვათ?
– არა, პრემიერს არ უთხოვია, ეს შეხვედრა ჩვენი ინიციატივით მოხდა.
– გვეტყვით, ვინ იყვნენ თქვენთან ერთად?
– დიახ, რამაზ საყვარელიძე და ხათუნა ლაგაზიძე.
– ამ შეხვედრიდან რა დასკვნები გამოიტანეთ?
– ჩემდა გასაკვირად, ბევრად უფრო ინფორმირებული აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი იმ ადამიანისგან, რომელიც ახალი მოსულია ამ თანამდებობაზე. პრემიერთან ჩვენი შეხვედრა აგვისტოს დასაწყისში იყო.
– კონკრეტულად საუბარი რას ეხებოდა?
– იმ საფრთხეებზე ვისაუბრეთ, რომლებიც ქვეყნის წინაშე არსებობს. ვგულისხმობ საერთაშორისო ტერორიზმს, საზღვრებს, მთიანი რეგიონის განვითარებას, ქვეყნის საერთო სოციალურ მდგომარეობას და ა.შ.
სხვა საკითხებზეც ვისაუბრეთ, რომლებიც კონფიდენციალური ხასიათის იყო და ვთვლი, რომ კარტები არ უნდა გავხსნა. ამის უფლება არ მაქვს. მაგალითად, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
– ბოლო სკანდალურ საკითხზე, მაგალითად, კანაფის წარმოება-ექსპორტის შესახებ თუ იყო საუბარი?
– მე გითხარით, რომ აგვისტოში იყო ეს შეხვედრა.
– წინმსწრებად, სანამ საზოგადოება გაიგებდა, ხომ არ უთქვამს პრემიერს, რომ არსებობს მსგავსი კანონპროექტი, თქვენ ხომ ექსპერტის რანგში იყავით…
– არ იყო ეს საკითხი მაშინ, გაზაფხულის სკანდალი, რომელიც კლუბებთან იყო დაკავშირებული, ჩამცხრალი იყო. ბუნებრივია, ახლა ეს კითხვა მაქვს, რაში სჭირდებოდა ხელისუფლებას ამ ტიპის გამოწვევა? იმ შეხვედრაზე პრემიერს ამ კანონპროექტზე არაფერი უთქვამს.
გარდა ამისა, მე არ ვარ ყველაფრის ექსპერტი. ჩვენ ვისაუბრეთ იმ სფეროზე, რომელიც პოლიტიკურ ისლამს, საერთაშორისო ტერორიზმს შეეხება.
ზოგადად საუბარი იყო იმაზე, რაც დღეს საზოგადოების დაკვეთაა, საზოგადოების მოთხოვნაა, მაგალითად, რატომ არ ხდება წარმოების განვითარება, ენერგეტიკის განვითარება.
ამ საუბრიდან მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას აქვს ხედვა ამ მნიშვნელოვან საკითხებზე და ისე არ არის, რომ მარიონეტად დანიშნავენ კაცს და შემდეგ საქმე არ აქვს.
– პრემიერი ბახტაძე არჩევნების საპრეზიდენტო თემას თუ შეეხო?
– არა, არჩევნებს არ შევხებივართ, მაშინ ეს თემა არ იყო აქტუალური, შეხვედრა აგვისტოს დასაწყისში იყო. თუმცა, ბევრ საინტერესო საკითხზე ვილაპარაკეთ. მე იმ საკითხებზე გითხარით, რაზეც მე გავამახვილე ყურადღება და რაზეც მე დავსვი კითხვები.
– თუ აქვს პრემიერს მსგავსი კომუნიკაციის, მეტი შეხვედრის მზაობა? მაგალითად, ჟურნალისტებთან, ექსპერტების უფრო ფართო წარმომადგენლობასთან?
– ეს მზაობა ნამდვილად დავინახე. არა მხოლოდ ჩვენთან, სხვა დარგის სპეციალისტებთან შეხვედრის, მეტი კომუნიკაციის სურვილი ნამდვილად იგრძნობოდა.
– არ გამორიცხავთ შეხვედრას პრესასთან და ექსპერტებთან?
– რასაკვირველია, არ გამოვრიცხავ. თუმცა, ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული. ფართო კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროც არის.
– რას ელოდებით საპრეზიდენტო არჩევნებიდან, მეორე ტურს ელოდებით?
– ძალიან რთულია თქმა, იქნება თუ არა მეორე ტური. დღევანდელი გადმოსახედით შეიძლება იყოს მეორე ტური, მაგრამ რეალურად ძალიან ეჭვი მეპარება, რადგან ოპოზიციური ხმები გაიყოფა და შეიძლება პირველივე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა