”მოვიკლავ თავს და თქვენს ნამუსზე იყოს!” – გია თვალავაძეს და 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

”მოვიკლავ თავს და თქვენს ნამუსზე იყოს!” - გია თვალავაძეს და 5 პირს პატიმრობა შეეფარდასააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებულ 6-ვე პირს, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროს გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, შესაბამისად, მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ნათელა მამულაშვილი გადაწყვეტილებას შემდეგი რეპლიკით შეხვდა: „რატომ მაპატიმრებთ რატომ? მოვიკლავ თავს და თქვენს ნამუსზე იყოს!“

პროკურორის განმარტებით, სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იმ საფრთხეების გათვალისწინებით შეუფარდა, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობდა.

როგორც პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა აღნიშნა, სახეზე იყო მტკიცებულებების მოპოვების ხელისშეშლის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები, რის გამოც სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა. ლილუაშვილის თქმით, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს უფროსს გია თვალავაძეს ბრალი წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ხოლო დანარჩენ პირებს ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჩადენის ფაქტზე.

“სასამართლომ ექვსივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებობდა, კერძოდ, არსებობდა მტკიცებულებების მოპოვების ხელისშეშლის, მოწმეებზე ზემოქმედების და ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. პროკურატურამ ყველა ბრალდებულის მიმართ წარმოადგინა მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებით არსებობს როგორც ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ასევე მოწმეთა ჩვენებებიდა შესაბამისად სხვა მტკიცებულებებს”, – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს, პროკურორის თქმით, სახელმწიფო ბრალდება მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს.

“რაც შეეხება დანარჩენ 14 პირს, რომელთა დაკავებაც მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა, ესენი არიან იმ აფთიაქებში დასაქმებული პირები. მათი ბრალეულობის ხარისხის და კვალიფიკაციის შესაბამისად სახელმწიფო ბრალდებამ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ მათ მიმართ გამოყენებული იყოს გირაო”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

სასამართლომ უპირობოდ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა კი არა, ამას უფრო ბრძანებას დავარქმევდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული ნათელა მამულაშვილის ადვოკატმა ნათია სირაძემ განუცხადა. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ადვოკატის შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.

“სასამართლომ ყოველგვარი განმარტების და დასაბუთების გარეშე გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მან უპირობოდ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა კი არა, ამას უფრო ბრძანებას დავარქმევდი, მიუხედავად იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების არც მიზანი, არც საფუძველი და არც დასაბუთებული შუამდგომლობა პროკურატურას არ წარმოუდგენია. 63 წლის ქალს აღკვეთის ღონისძიება, როგორიც პატიმრობაა, შეუფარდეს მაშინ როცა ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, არც ვარაუდი, რომ დაიმალება, პირქით, ექვსივე ბრალდებული თანამშრომლობდა გამოძიებასთან, კეთილსინდისიერად ცხადდებოდა დაკითხვებზე, ჩვენებებს აძლევდა და მათი მხრიდან არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ნათია სირაძემ.

”მაისის შემდეგ მიდის ამ საქმეზე გამოძიება და ყველა გამოძახებისთანავე ცხადდებოდა დაკითხვაზე. რეალურია მიმალვის საფრთხე?” – ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი უფროსის, გია თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ვერ დაასაბუთებს საკუთარ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. აფციაურის თქმით, მოსამართლემ არ მიიღო მხედველობაში ბევრი გარემოება, მათ შორის ის, რომ თვალავაძეს თავდებში უდგებოდნენ.

“დღევანდელ გადაწყვეტილებას დასაბუთება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, დაუსაბუთებელი იქნება, რადგან პატიმრობის გამოყენების არცერთი საფუძველი არ არსებობდა. მას საკმაოდ ცნობილი ადამიანები უდგებოდნენ თავდებში. ამას რომ თავი დავანებოთ, დაპატიმრების არანაირი საფუძველი არ იყო. ბრალდებამ ბრძანა, რომ მიიმალება თვალავაძე. მაისის შემდეგ გამოძიება მიდის და ყველა გამოძახებაზე ცხადდებოდა დაკითხვაზე. რეალურია მიმალვის საფრთხე? – არა. ზეწოლას მოახდენსო მოწმეებზე, მაგრამ ამის ერთი მტკიცებულება ხომ უნდა იყოს? მოსამართლე არის უსამართლო”, – აღნიშნა ლალი აფციაურმა.

სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ორი დღის წინ დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.