“ქართულ ოცნებას” უკვე ყველაფერი ერთბაშად აუფეთქდა”

"ქართულ ოცნებას" უკვე ყველაფერი ერთბაშად აუფეთქდა"ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ოპოზიცია ვერ იყენებს ხელისუფლების მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომებს. ამ და სხვა თემებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას.
შოთა მალაშხია:
– ხელისუფლების შეცდომები მარტო უხეში კი არა, დანაშაულებრივია. ეს ისეთი ნაბიჯებია, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ ყველას ერთად კრავს. რამდენიმე საკითხმა ერი და ბერი გააერთიანა. “ქართული ოცნების” ლიდერების გამოსვლებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხელისუფლება აზრზე არ არის, რა ხდება. ქუჩაში ხალხს რომ არ ელაპარაკებიან, ცნობილია. ეტყობა, ეს “ელიტა” საკუთარი ოჯახების წევრებსაც არ ეკონტაქტება, თორემ მიხვდებოდა, რა ვითარებაა.
– რომელმა თემებმა გააერთიანა საზოგადოება?
– დავიწყოთ 2008 წლის ომით. რუსულ ნარატივს იმაზე, რომ ეს ომი თავის ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო, “ქართული ოცნება” 2012 წლიდან იმეორებდა. ეს განსაკუთრებით გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ხალხისთვის წინასაარჩევნოდ, როცა მმართველი პარტიის მიერ მხრდაჭერილი კანდიდატი იმავეს აცხადებს. უნდა ითქვას, რომ რუსეთისთვის ეს თემა ბოლო გაფართხალებაა.
– სანქციების გამო რუსეთი მძიმე დღეშია, მაგრამ ბოლო გაფართხალებაზე საუბარი გაზვიადებული არ არის?
– განვმარტავ. რუსეთს უზარმაზარი პრობლემები აქვს, უკრაინის, სირიის გამო. რუსეთში შიგნით პუტინს საგრძნობლად შეერყა პოზიციები. მან წააგო გუბერნატორების არჩევნები. გაყალბება უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. პუტინის ფავორიტები დაამარცხეს უბრალო ადამიანებმა.
საქართველოს წინაშე 2008 წელს ჩადენილი მძიმე დანაშაულის გათეთრება რუსეთს ძალიან სჭირდება. ამისთვის კრემლს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უნდა რენეგატი. მომავალში რუსეთის ხელისუფლებას მუდმივ სალაპარაკოდ ექნებოდა, რომ 2008 წლის ომზე მის “სიმართლეს” საქართველოშიც კი იზიარებენ. რუსეთი, რომელსაც ყველა ფრონტზე პრობლემა აქვს, საქართველოს თემას ხავსივით ეჭიდება.
– რუსეთს ამ ნარატივის გავრცელება საერთაშორისო არენაზე გამოადგებოდა. ამ ეტაპზე პუტინმა ამ საკითხზე საკუთარი ხალხის ყურადღების მიპყრობა ცადა.
– ცადა, მაგრამ ვერაფერი მოიგო. ხაბაროვსკის ან სხვა ოლქის ამომრჩეველს აწუხებს საპენსიო რეფორმა, გაჭირვება, საბანკო კრედიტები. მისთვის სულ ერთია, რა ხდება ცხინვალში და რა მოხდა ჩვენთან 2008 წელს.
– აღნიშნეთ, რომ საზოგადოება სხვა თემებმაც გააერთიანა.
– მარიხუანამ და მასთან დაკავშირებულმა ინიციატივებმა ერისა და ბერის გააფთრება გამოიწვია. პროექტის განხილვა შეჩერდა. შვილმოკლული მამების მიმართაც ძალიან უსამართლოდ იქცევა ხელისუფლება. თავიდანვე სულ იმას იმეორებდნენ, შვილმოკლული მამების აქციები პოლიტიკურიაო. როცა მოქალაქე სისტემის მსხვერპლი ხდება და ამას აპროტესტებ, ეს თავისთავად პოლიტიკური აქცია გამოდის. თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის სპეცოპერაციას შეეწირა. ამ ოპერაციის მეთაური, სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის მოადგილე გოგაშვილი თავისიანებს არ ინდობს და სხვას დაინდობდა?
– თავისიანებს არ ინდობს?
– გოგაშვილმა, როცა ბევრი ფული არალეგალურად იშოვა, ქონების დიდი წილი თავისი ცოლისდის სახელზე გააფორმა. არადა, ეს ქალი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და თავს კერვით ირჩენს. ნათესავი გაწირა და მაჩალიკაშვილს რას უზამდა? ამ შვილმოკლულ მამებს ხელისუფლება ემუქრება კიდეც.
– უკმაყოფილებაა საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც თავს მგზავრების გადაყვანით ირჩენს. მათ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე სთხოვენ ტაქსების თეთრად გადაღებვას, რაც მათ ძვირი უჯდებათ. წვრილმანია, მაგრამ ამ ყოფითმა საზრუნავმა პროტესტი გამოიწვია.
– ეს არ არის წვრილმანი იმ ადამიანისთვის, რომელიც დილით გამოდის იმ იმედით, რომ დღის სამყოფ პურის ფულს იშოვის. ამ ადამიანისთვის ყოველი ლარია მნიშვნელოვანი. მას შეიძლება ავტომანქანის გადაღებვის ფული არ ჰქონდეს. “ქართულ ოცნებას” ყველაფერი ერთბაშად უკვე აუფეთქდა. ამას ყოველთვის ვვარაუდობდი.
– ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს. მარიხუანის კულტივაციასაც მიუბრუნდებიან.
– ამ ხალხისაგან ეს არ არის გასაკვირი. ეს ადამიანები მარტო ფულის მოხვეჭაზე არიან გადასული. თუ ადრე ბიძინა ივანიშვილი მარტო “ქართუს” მფლობელი იყო, ახლა ქვეყანას განაგებს. მისთვის არ არის საინტერესო, ვინ რას იტყვის მასზე და იმაზე, რას დათესს თავის ბოსტანში.
ასეთი აღვირახსნილი სიტუაცია საქართველოში არ მახსოვს. ივანიშვილისთვის პროტესტი გაუგებარიცაა. ის მიჩვეულია, რომ გარემოცვაში მყოფი მონები ყველაფერს “უპრავებენ”. ეს გარემოცვა ხალხს უკიდურესად აღიზიანებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამ მხრივ სხვებს გადაამეტა. ქვეშევრდომები მარიხუანის მოყვანისთვისაც მზად არიან. ადრე მათ ტაში დაუკრეს საყდრისის აფეთქებას. 11-მა ქართველმა რენეგატმა, ე.წ. ექსპერტმა იგნორირება გაუკეთა უცხოელი მეცნიერების დასკვნებს საყდრისის უნიკალურობის შესახებ და მონაწილეობა მიიღო დანაშაულში. ახლა მიესალმებიან მარიხუანის პლანტაციებს. ივანიშვილის შპს-ში ამით ვინმე თუ დაზარალდება და ბევრი განარკომანდება, მერე რა? მთავარია, შპს-ს დირექტორი უფრო გამდიდრდეს.
– გამოდის, რომ გაუთვალისწინებელი მოვლენები მოსალოდნელია?
– რასაკვირველია. ამ ხელისუფლების ბუნება არ იცვლება. რაც უნდა გადააკეთონ 2008 წლის ომზე გაკეთებული განცხადებები, მეორე დღეს იგივე წამოსცდებათ. ხან ერთი იტყვის, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ხან – მეორე.
ამ არჩევნების დაკნინებაც უნდათ. საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანია. საზოგადოებამ ზნეობრივი არჩევანი უნდა გააკეთოს. იმ ექსპერტებმა კი, რომლებიც ოპოზიციაზე ირონიულად საუბრობენ, იმაზე იფიქრონ, რომ საქართველოში მოუწევთ ცხოვრება და “ოცნებას” ყველა უზნეობა არ უნდა მოუწონონ.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა