სოხუმში შევარდნაძის დაკავება იგეგმებოდა, მაგრამ არძინბამ ოპერაცია შეაჩერა

სოხუმში შევარდნაძის დაკავება იგეგმებოდა, მაგრამ არძინბამ ოპერაცია შეაჩერასექტემბრის ბოლო დეკადა ოკუპირებულ აფხაზეთში ომში “გამარჯვების” ზეიმებს ეძღვნება. წელს აფხაზეთის მოვლენების 25 წლისთავია. ამის გამო ღონისძიებების რაოდენობა გაიზარდა.
ამ დღეებში აფხაზეთის ძალოვნებმა უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი შემოიღეს. ძალოვნების მთელი შემადგენლობა სოხუმშია მობილიზებული. გამკაცრებულია მიმოსვლა ენგურსა და ფსოუზე. ენგურზე ხალხს მხოლოდ განსაკუთრებული საშვებით ატარებენ. საგანგებო საშვები დაიშვება იმათთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰარი არშბამ მიმართა ადგილობრივებს და სტუმრებს, დაიცვან გზებზე მოძრაობის წესები და არ მიუსხდნენ ავტომობილის საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში.
შსს-ს თანამშრომლობს მიეცათ საეჭვო ტრანსპორტის ჩხრეკის უფლება. აფხაზეთის მილიცია შიშობს, რომ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღის არსებობა გახდება სროლის დაწყების საბაბი.
აფხაზები თოფს ქორწილებში ისვრიან. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სროლის ტრადიცია არ არსებობს. აფხაზეთში ჩამოსული სტუმრების რაოდენობაც მოკრძალებულია.
როგორც ჩანს, დეფაქტო პრეზიდენტი ხაჯიმბა საგანგებო ზომებს სხვა მიზეზით მიმართავს. აფხაზეთში ვრცელდება ხმები მოსალოდნელი რევოლუციის შესახებ. ამ ინფორმაციით, მორიგი გადატრიალება ოქტომბრის დასაწყისში მოხდება. ხალხის დიდი უკმაყოფილება არსებული სიტუაციით ამის საფუძველს იძლევა.
ოფიციალური ინფორმაციით, 30 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხაში აღარ შედის “უკვდავი პოლკის” მარში. სხვა წყაროები მარშს ისევ აანონსებენ.
30 სექტემბრის აღლუმში მონაწილეობა უნდა მიეღოთ კაზაკებს. აფხაზმა ვეტერანებმა ამის გამო მწვავე პროტესტი გამოთქვეს. მათი თქმით, კაზაკები რუსეთის იმპერიის მემკვიდრეები არიან. ეს იმპერია კავკასიის დაპყრობისას აფხაზებს ხოცავდა ან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ასახლებდა. ამიტომ, კაზაკების მონაწილეობა აფხაზეთის ეროვნულ ღონისძიებებში მიუღებელია.
ოფიციალური მონაცემებით, 30 სექტემბერს სოხუმში დრამთეატრის მოედანზე გაიმართება აფხაზ-აბაზინელთა მსოფლიო კონგრესის მიერ ორგანიზებული სადღესასწაულო ღონისძიება. ამავე დღეს სოხუმის “დინამოს” სტადიონზე კონცერტია დანიშნული. სტადიონზე უსაფრთხოების საგანგებო ზომები ტარდება.
გამოკითხული აფხაზები 25 წლის წინანდელ მოვლენებში უფრო ხშირად საქართველოს მაშინდელ ლიდერ ედუარდ შევარდნაძეს და მის რუს კოლეგა ბორის ელცინს ადანაშაულებენ. მათი მხრიდან ზოგადად ქართველების მიმართ აგრესია ნაკლებად იგრძნობა.
ომის თემაზე მიძღვნილ კონფერენციაზე გასაიდუმლოებული ფაქტები გაცხადდა. პოლკოვნიკმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ვალიკო ფაჩულიამ განაცხადა, რომ ომის დროს იგეგმებოდა ედუარდ შევარდნაძის დაკავება სოხუმში. ამ საიდუმლო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობდა სირიის არმიის გენერალ-მაიორი ტეუკეშ ნური. მას საჰაერო-სადესანტო ოპერაციების ჩატარების გამოცდილება ჰქონდა.
იმ დროს, როცა გეგმის შესასრულებლად ყალიბდებოდა სპეცდანიშნულების რაზმი, აფხაზეთის ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ ოპერაცია შეაჩერა. ამის მიზეზი გახდა სატელეფონი ზარები. არძინბას დაურეკეს ელცინმა, გერმანიის კანცლერმა კოლმა, იაპონიის ექსპრემიერმა ნაკასონემ და სხვა სხვა ლიდერებმა. მათ იხსნეს შევარდნაძე.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა