სოსო ცინცაძე – “მერაბიშვილის შეწყალება ჭკვიანური ნაბიჯი იქნება”

სოსო ცინცაძე - "მერაბიშვილის შეწყალება ჭკვიანური ნაბიჯი იქნება"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ვანო მერაბიშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, ვანო მერაბიშვილის ავადმყოფობის ირგვლივ კვლავ გაურკვევლობაა. უდოს კომისია განიხილავს მის ვადამდე გამოშვების საკითხს. ასევე ნაციონალური მოძრაობა, ადვოკატები პრეზიდენტ მარგველაშვილისგან ითხოვენ შეწყალებას. რამდენად წავა ამაზე მარგველაშვილი?
– არა, პრეზიდენტი მარგველაშვილი მერაბიშვილს არ შეიწყალებს. ისე, რასაკვირველია, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ნებისმიერი პატიმრის შეწყალება დიდსულოვნების საკითხია. არ მგონია, რომ მერაბიშვილი ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. გარდა ამისა, კარგი იქნებოდა, თუ ხელისუფლება ავტორიტეტული სამედიცინო დასკვნით განამტკიცებდა თავის პოზიციას, რადგან არავის არ უნდა მიეცეს მანიპულირების შესაძლებლობა. ეს არ არის უბრალო ამბავი, აქ ხელისუფლებას ორმაგად მართებს გაფრთხილება.
პირველ რიგში, ხელისუფლებამ ისეთი სამედიცინო დასკვნა უნდა წარმოადგინოს, რომელშიც ვერავინ შეიტანს ეჭვის, რომელსაც მთელი მოსახლეობა ენდობა. ეს არის საჭირო იქიდან გამომდინარე, რომ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება, რაც კიდევ ერთი მანიპულაციის შესაძლებობაა. არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას ესეც ძვირად დაუჯდეს.
– რას გულისხმობთ?
– იმ ინტერპრეტაციებს, რომლებიც უკვე მოჰყვა, რომლებზეც ადვოკატები საუბრობენ, რომ მოწამლეს. ამიტომ ვამბობ, რომ არც ერთი კითხვა არ უნდა დატოვოს აქ ხელისუფლებამ. ადვოკატებს თუ დავუჯერებთ, უკვე სასიკვდილოდ არის განწირული, სასჯელაღსრულების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ სამედიცინო შემოწმება გაიარა და არაფერი მსგავსი არ დაუდგინდა. ამიტომ, საჭიროა ჯანდაცვის სამინისტრომ აიღოს თავის თავზე მთელი კონტროლი ამ საკითხის და სწორედ ამ უწყებამ უნდა გამოსცეს ოფიციალური დოკუმენტი.
თუ ეს დოკუმენტი უდოს კომისიას შესაძლებლობას მისცემს, რომ უდო მერაბიშვილს შეეხოს, მაშინ ეს ერთგვარად დიდსულოვნების ჟესტი იქნებოდა. ევროპაში, ამერიკაში მერაბიშვილზე გაცილებით საშიში დამნაშავეები შეუწყალებიათ. რატომ აკეთებენ ამას ღირსეული, დემოკრატიული სახელმწიფოები? იმიტომ აკეთებენ, რომ ისინი წინ იყურებიან და იმ დამნაშავეზე მაღლა დგებიან, ადამიანს შანსს აძლევენ. მით უფრო, როდესაც პატიმრობის სამი მეოთხედი გასულია და წელიწადნახევარი დარჩა თავისუფლებამდე.
მე ვფიქრობ, რომ ამ ჟესტს გარე სამყაროც, ჩვენი მეგობრები ევროპაშიც და ამერიკაშიც დააფასებდნენ და ქვეყნის შიგნითაც მმართველ პარტიას რაღაც ქულებს შესძენდა.
– თუ პირიქით?
– შესაბამისი განმარტებით არ მგონია, რომ უკურეაქცია მოჰყვეს. ქართველი ხალხი, ჩვენი საზოგადოება მაინც მიმტევებელი საზოგადოებაა. მაგალითად, როდესაც გიგი უგულავა გამოვიდა ციხიდან, არავითარი უკურეაქცია ამას არ მოჰყოლია.
– რამდენად მოსალოდნელია, რომ მერაბიშვილი პოლიტიკურად გააქტიურდეს?
– ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი ხელსიუფლების შიგნით განიხილებოდეს.
– წარმოადგენს თუ არა “ოცნებისთვის” მერაბიშვილი პოლიტიკურ საფრთხეს?
– არა! დღეს უკვე მერაბიშვილს თავისუფლებაზე არავითარი პოლიტიკური დივიდენდი არ აქვს. პარტიას შექმნის ახალს, ახალ ნაციონალურ მოძრაობას ჩაუდგება სათავეში თუ რა?! რა გავლენა აქვს დღეს მერაბიშვილს ისეთი, რომ საფრთხეს წარმოადგენდეს ხელისუფლებისთვის?! მერწმუნეთ, არავითარი.
არასდროს ის არ ყოფილა პოპულარული ლიდერი, ხალხის საყვარელი ლიდერი, რომ ვიღაცას კიდევ ახსოვდეს მისი სიყვარული. თუ ამხელა გავლენა აქვს კიდევ მერაბიშვილს, რომ ის გამოვა თუ არა, პოლიტიკურ პარტიას შექმნის ან რაღაცა ისეთ პოლიტიკურ მანევრს გააკეთებს, რომ ამით საფრთხეს შეუქმნის ხელისუფლებას, ერთი წლის შემდეგ რომ გამოვა, ვერ გააკეთებს?!
მერაბიშვილი უკვე აღარ წარმოადგენს პოტენციურ პოლიტიკურ ფიგურას, მე არ ვფიქრობ, რომ მერაბიშვილს ამის რესურსი გააჩნია. ამიტომ ვამბობ, რომ პრაგმატული თვალსაზრისით ხელისუფლებისთვის ჯობია, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს.
ხომ არაფერია გამორიცხული, ვთქვათ, ეს დაავადება მართლაც სერიოზული აღმოჩნდა და ამ შემთხვევაში ხომ არ არის გამორიცხული, რომ ცუდად დასრულდეს ეს ავადმყოფობა, ღმერთმა დაიფაროს. მაშინ ხელისუფლება გაცილებით უარეს დღეში აღმოჩნდება, ვიდრე მისი შეწყალებით შეიძლება აღმოჩნდეს. ეს უკვე ცუდად იმოქმედებს მის იმიჯზე საერთაშორისო არენაზე.
რატომ უნდა აიტკიოს ხელისუფლებამ აუტკივარი თავი, როდესაც შეიძლება დიდსულოვნება გამოიჩინოს, უდო შეეხოს და სათანადო ახსნაც მოაყოლოს ამ ყველაფერს, მაშინ არავითარი პრობლემა არ იქნება.
– თუ ასეა, მარგველაშვილმა რატომ არ უნდა შეიწყალოს?
– ეს უკვე სხვა საკითხია, აქ უკვე პოლიტიკა შემოდის. მარგველაშვილმა სწორედ რომ არ უნდა შეიწყალოს. მას ისედაც აბრალებენ, რომ ნაციონალების ინტერესებს ატარებს და ხომ წარმოგიდგენიათ, ამ შემთხვევაში რა მოხდება.
– ხელისუფლებას პირდაპირ საკრიტიკო თემას მისცემს?
– ეს ძალიან რბილად ნათქვამია, არათუ საკრიტიკო თემას მისცემს, ეს იქნება პირდაპირ მგლის ხახაში ჩავარდნა. ამას არასდროს არ გააკეთებს მარგველაშვილი. ერთი, ჭკვიანია და მეორე, რაც მთავარია, ის არ ფიქრობს, რომ უნდა შეიწყალოს, მან უკვე თქვა, რომ მერაბიშვილს არ შეიწყალებს. ეს უნდა გააკეთოს უდოს კომისიამ და არა – მარგველაშვილმა.
– მით უფრო პრეზიდენტობის მიწურულს?
– რასაკვირველია. ეს მას პოლიტიკურადაც დააზიანებს. მერე რა, რომ ის პოლიტიკურ კარიერას ასრულებს. მე ვიტყოდი, ამ ეტაპზე ასრულებს. არავინ არ იცის, მომავალში რა იქნება და სად იქნება მარგველაშვილი.
ერთიც არის – დეკანოზ მამალაძეზე ადრე რომ შეიწყალოს, ამას საზოგადოება ვერ გაიგებს.
– დეკანოზი უნდა შეიწყალოს?
– მე ვთვლი, რომ უნდა შეიწყალოს, აქ მას ბევრად მეტი საფუძველი აქვს, რომ შეიწყალოს.
– შეიწყალებს?
– ვფიქრობ, რომ დეკანოზ მამალაძეს შეიწყალებს. პრეზიდენტმა თქვა, რომ დეკანოზთან დაკავშირებით დოკუმენტების შეგროვება და შესწავლა მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ ამით მან გარკვეული მინიშნება, ერთგვარი გზავნილი გაუშვა.
ერთ თვეზე მეტია დარჩენილი პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე და თუ შეწყალების კომისია მოასწრებს და სურვილის შემთხვევაში მოასწრებს, დიდი ალბათობით შეიწყალებს კიდეც, მაგრამ თუ კომისიამ არ წარუდგინა და რეკომენდაცია არ მისცა, მაშინ მე გამიჭირდება იმის თქმა, რომ ეს შეწყალება მარგველაშვილმა თავის თავზე აიღოს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა