ტოტალიზატორის მენეჯერს ფულს სთხოვდნენ და ოჯახზე ძალადობით ემუქრებოდნენ – პოლიციამ ზ.ფ. დააკავა

ტოტალიზატორის მენეჯერს ფულს სთხოვდნენ და ოჯახზე ძალადობით ემუქრებოდნენ - პოლიციამ ზ.ფ. დააკავაშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1971 წელს დაბადებული ზ.ფ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისის ერთ-ერთი ტოტალიზატორის მენეჯერს მუქარის წერილი გაუგზავნა და დიდძალი თანხა მოსთხოვა. ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში, ზ.ფ. მსხვერპლს ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. მოგვიანებით, ბრალდებული რამდენჯერმე მობილური ტელეფონითაც დაუკავშირდა ტოტალიზატორის მენეჯერს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულის გადახდა მოსთხოვა.

“სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ფ. თბილისში, გლდანში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მუქარის მორიგ ზარს ახორციელებდა. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანა და მობილური ტელეფონი, რომლითაც ზ.ფ. მსხვერპლს ურეკავდა და ემუქრებოდა,” – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.

რუსთავი 2