“ნეტგაზეთმა” მოიპოვა ქვითრების ასლები, სადაც ასახულია, რომ მოქალაქე ალექსანდრე ხაჩიშვილმა TBC ბანკიდან, ახლად დარეგისტირებულ კომპანია “ოლიმპუსის” ანგარიშიდან, ჯამში, დაახლოებით 4 მილიონი ლარის ეკვივალენტი მიიღო დოლარში.
ქვითრები “ომეგა ჯგუფის” გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა მოგვაწოდა. ჯერჯერობით დაუდასტურებელია დოკუმენტების ავთენტურობა.
ქვითრების თანახმად, პირველი ტრანზაქცია — 1მლნ აშშ დოლარი — 2016 წლის 21 აპრილის საღამოს 8-ის 22 წუთზეა შესრულებული. მეორე ტრანზაქცია (781 000 აშშ დოლარი) კი- მეორე დღეს, 22 აპრილს 12:25 საათზე.
ანგარიშის მფლობელად ქვითარზე მითითებულია კომპანია “ოლიმპუსი”, რომელიც 2016 წლის 19 აპრილსაა რეგისტრირებული. “ოლიმპუსის” 100%-იანი წილის მესაკუთრედ მითითებულია კორპორაცია უაიდპოინტ ინვესტმენტს ინკ, რომელიც ოფშორულ ზონაში, პანამაშია რეგისტრირებული.
როგორც აღდგომელაშვილი გვიხსნის, TBC ბანკს არ ჰქონდა უფლება ეს თანხა გაეცა. აღდგომელაშვილის თანახმად, საქართველოში მოქმედი საბანკო რეგულაციების მიხედვით, “როდესაც კომპანია და მისი ანგარიში იხსნება, ბანკი ანგარიშის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში,უნდა დარწმუნდეს ამ ანგარიშზე მოხვედრილი თანხების წარმომავლობაში, კომპანიის წარმომავლობაში”… მისი თქმით, ინფორმაცია “საბოლოო ბენეფიციარამდე მონიტორინგს ექვემდებარება ბანკის მხრიდან”.
აღდგომელაშვილის თქმით, გადაცდომა ისაა, რომ TBC ბანკს არ ჰქონდა მიღებული დოკუმენტები, საიდანაც უნდა გაეგო, თუ ვინ იდგა “ოლიმპუსის” მფლობელი ოფშორული კომპანიის უკან — ვინ იყო საბოლოო ბენეფიციარი — და ამ დოკუმენტების ქონის გარეშე დაუშვა თანხის გაცემაზე ავტორიზაცია. საჭირო დოკუმენტები, მისი თქმით, ბანკმა მხოლოდ მაისის შუა რიცხვებში მიიღო.
პირველი ქვითარი უჩვენებს 2016 წლის 21 აპრილს საღამოს 8-ის ნახევრისთვის 1 მლნ აშშ დოლარის გამოტანას.
მეორე ქვითარი უჩვენებს 2016 წლის 22 აპრილს დღის 1-ის ნახევრისთვის 781 000 აშშ დოლარის გამოტანას.
ნეტგაზეტი

