თორნიკე შარაშენიძე – სერიოზული საფრთხეა, რომ ივანიშვილი „პოლიტიკურ საფლავში“ ჩაყვეს ფარცხალაძეს და სუბელიანს

თორნიკე შარაშენიძე - სერიოზული საფრთხეა, რომ ივანიშვილი „პოლიტიკურ საფლავში“ ჩაყვეს ფარცხალაძეს და სუბელიანსექსპერტ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალძე როგორც სოზარ სუბარის, ისე ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სავარაუდოდ, კომპრომატებს ფლობს, რის გამოც, ხელშეუხებელია. ამის შესახებ თორნიკე შარაშენიძემ ბიძინა ივანიშვილისგუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

ექსპერტის თქმით, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ბიძინა ივანიშვილიოთარ ფარცხალაძესა და მირზა სუბელიანს “პოლიტიკურ საფლავში“ ჩაყვეს.

„ამ კაცს ძალიან ცუდი სამსახური გაუწია იმან, რომ თავის დროზე პოლიტიკიდან წავიდა. იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერს გააკონტროლებდა. რაღაცები ხელიდან გაექცა და რაღაცებს, ჩემი აზრით, რეალურად ვერ აფასებს. სადაც სუბელიანს ამდენი კომპრომატი აქვს, იმუქრება, რომ გერმანიაში ტერაბაიტები აქვს, ძალიან სერიოზული კომპრომატები ექნება ოთარ ფარცხალაძესაც. ალბათ, ოთარ ფარცხალაძე სწორედ, ამ კომპრომატების გამოა ხელშეუხებელი.

სერიოზული საფრთხეა, ივანიშვილი „პოლიტიკურ საფლავში“ ჩაყვეს ფარცხალაძეს და სუბელიანს და ამიტომაც, წესით, მარტივად უნდა მოიშოროს თავიდან, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მათ რაღაც აქვთ, აბა რატომ უნდა ჩაყვეს ივანიშვილი „პოლიტიკურ საფლავში“?! ფაქტია, რომ ისინი ქვემოთ მიათრევენ და გუშინდელმა ინტერვიუმ მგონი, ივანიშვილის რეიტინგი კიდევ უფრო დასცა, რადგან ძალიან ბევრი ისეთი შეკითხვა იყო, რასაც პასუხი ვერ გასცა“, – აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

ექსპერტის შეფასებით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ დასმულ შეკითხვას ბიძინა ივანიშვილმა თავი აარიდა და ოთარ ფარცხალაძისა და მირზა სუბელიანის მსგავსი პირების მძევალი აღმოჩნდა.

„ეს კაცი მგონი, სამწუხაროდ, ამ სისტემის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც მის ხელისუფლებაში მოსვლამდეა შექმნილი და ვერ გამოდის ამ მოჯადოებული წრიდან, თვითონ აღმოჩნდა ფარცხალაძისა და სუბელიანისნაირების მძევალი. უკვე ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ვანო მერაბიშვილი საკნიდან მან გაიყვანა. ეს ხომ ძალიან სერიოზული კომპრომატია სოზარ სუბარის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუ ასეთი რაღაც არსებობს. სხვა რაღაცაც შეიძლება არსებობდეს, პრინციპში ჩვენ არ ვიცით“, – აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

მისივე შეფასებით, როდესაც მან ინტერვიუზე ჟურნალისტების 22:00 საათზე დაბარების გადაწყვეტილება მიიღო, ორი რამ გამოიკვეთა, პირველი, როგორც ჩანს, 22:00 საათზე აღარ იძინებს და მეორე – ის, რომ მას მძიმე ეთერი ელოდა.

„არც ერთი არ აღმოჩნდა მის გარემოცვაში ისეთი, ვინც ეტყოდა, რომ არ იყო ჟურნალისტების დაბარება საჭირო, რადგან უფრო მძიმე ეთერი გექნება, ვიდრე აქამდე გქონია. როგორც ჩანს, მას პირში სიმართლეს ვერავინ ეუბნება, არ დარჩა ისეთი გარშემო, ვინც სიმართლეს ეტყვის“, – აღნიშნა შარაშენიძემ.