დავით ქაცარავა – “მაია ოთინაშვილს მის ბაღში 2 შავფორმიანი ჩაუსაფრდა და იქიდან გაიტაცა”

დავით ქაცარავა - "მაია ოთინაშვილს მის ბაღში 2 შავფორმიანი ჩაუსაფრდა და იქიდან გაიტაცა"“ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი დავით ქაცარავა ცხინვალის ხელისუფლების მიერ მაია ოთინაშვილის გატაცების დეტალებზე საუბრობს.
დავით ქაცარავა:
– ეს იყო ჩასაფრება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. შავ ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანები გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაია ოთინაშვილის კუთვნილ ბაღში, იქ ფარდული დგას და იქ იყვნენ დამალულები, ჩასაფრებულები, საკმაოდ დიდი ხანი ელოდნენ.
– ეს საიდან იცით?
– სკამიც კი გააკეთეს იქ სახელდახელოდ, როგორც ჩანს, დიდი ხანი მოუწიათ ლოდინმა. ამის შემდეგ, როდესაც მაია გამოვიდა თავის ბაღში და დაიწყო კაკლის კრეფა, ის გაიტაცეს.
მაიამ გაუწია სერიოზული წინააღმდეგობა. ხელიც კი დაარტყა და წააქცია ერთ-ერთი თავდამსხმელი. მეორე ნაძირალასაც დაარტყა ხელი, მაგრამ ორმა მამაკაცმა საბოლოო ჯამში მოახერხეს მისი დატყვევება და მავთულხლართებზე ის გადაათრიეს და წაიყვანეს. აი, ეს არის გატაცების დეტალები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს.
– რას ედავებიან?
– მას წაყენებული აქვს ბრალდება, რომლის მიხედვითაც იგი თურმე ფულადი ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ, მოქალაქეებს ეხმარებოდა ე.წ. საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთაში.
უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაია სასტიკად ცემეს. მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. აი, ეს ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი! ჩვენი საზოგადოების რეაქცია ჩემთვის მიუღებელია. ეს არის დაჩმორებული და მორალურად განადგურებული ერის რეაქცია!
ასევე არანაირი განცხადება არ გაკეთებულა ერთ საგანგაშო შემთხვევაზე.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ გუშინ მთელი დღე, მეჯვრისხევი-ქერე-ოძისი, გადმოკვეთილი იყო საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან საბრძოლო ვერტმფრენებით. ქერე-მეჯვრისხევში ოთხი საბრძოლო ვერტმფრენი გადმოფრინდა რუსების, ხოლო ოძისში ორი სრული საბრძოლო აღჭურვილობით მი-24 აკეთებდა წრეებს, ოთხი-ხუთი წრე გააკეთა და შემდეგ დაბრუნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
– ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან განცხადება არ ყოფილა.
– საქმეც მაგაშია, ხმას არ იღებენ, ჩუმად არიან! სწორედ ეს არის კატასტროფა, ეს არის დანაშაული ერის წინაშე! ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ჩუმადაა.
– აცხადებთ, რომ მაია ოთინაშვილი ნაცემია. რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა დავეხმაროთ?
– რა უნდა გაკეთდეს და მთელ მსოფლიოს უნდა შევატყობინოთ, განგაში უნდა ავტეხოთ მთელი მსოფლიოს მაშტაბით. უნდა გავაჟღეროთ პროტესტი ყველა მიმართულებით სადაც ეს არის შესაძლებელი. წითელი ჯვარი იქნება თუ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, საელჩოები, მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს უნდა მივწეროთ და ასე შემდეგ. ყველა მიმართულებით უნდა შეექმნას რუსეთს დისკომფორტი.
ჩვენ კი ამ ყველაფერს ვერ ვხედავთ. მეტსაც გეტყვით, არათუ დისკომფორტს ვუქმნით, ორი დღის წინ, ერთ-ერთი ირლანდიული პაპიდან, მაკლარენის პაპი არის შარდენზე, იმისთვის, რომ ერთმა გოგონამ, მათ მიერ რუსული სიმღერის დაკვრის შემდეგ თქვა, რომ აფხაზეთი საქართველოა და რუსეთი ოკუპანტია, მასზე და მის მეგობარზე დაცვამ იძალადა, გამოაგდეს ბარიდან და მოხდა სერიოზული შეხლა-შემოხლა.
არანაირი დისკომფორტი არ ექმნება რუსეთს და, ბუნებრივია, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რასაც მოისურვებენ.
– მარტო თქვენი ორგანიზაციის პატრულირება ვერ უშველის სიტუაციას და ფაქტია, რომ ვერც შველის.
– ბუნებრივია, თევზი თავიდან ლპება. ჩვენს ხელისუფლებას არჩეული აქვს კურსი, რომელიც გულისხმობს არგაღიზიანების პოლიტიკას და რუსეთისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ოკუპირებულზე და არაოკუპირებულზე. შესაბამისად, ხელისუფლება აბსოლიტურად მზად არის ამ პროვოკაციებისთვის.
– რას ნიშნავს, მზად არის?
– არ უპასუხებს ამას. ყველაფრის უფლებას მისცემს. თბილისშიც რომ შემოვიდნენ რუსები, ამაზეც პასუხს არ გასცემენ, უკვე ასეთი შთაბეჭდილება მექმნება. აი, ეს არის ხელისუფლების პოზიცია.
მე უკვე ვოცნებობ იმაზე, რომ ერმა გაიღვიძოს და თვითორგანიზება მოახდინოს და მოახდინოს რეაგირება ამ ყველაფერზე რასაც რუსები გვიკეთებენ. ან რას ვეძახით მოსალოდნელ პროვოკაციას?! პროვოკაცია ყოველდღე ხდება. ყოველდღე იტაცებენ ჩვენს მიწებს, ჩვენს თანამოქალაქეებს. მეტი რაღა უნდა ქნან?!
არც ის არის გამორიცხული, რომ წინასაარჩევნოდ იმატოს პროვოკაციებმა და უფრო საშიში სახეც მიიღოს. ოკუპანტების მოქმედებები მკვეთრად გააქტიურებულია. იმედი მაქვს, რომ საზოგადოება გამოფხიზლდება და რაღაცა რეაგირებას მოახდენს. სხვა არაფრის იმედი არა მაქვს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა