გიორგი ქურდაძე – “ლევან ყიფიანი დეტალებში მიყვებოდა, როგორ ცემეს და ამაში ფარცხალაძეს ადანაშაულებდა… შუბლზე დიდი წითელი ზოლი ჰქონდა”

გიორგი ქურდაძე - "ლევან ყიფიანი დეტალებში მიყვებოდა, როგორ ცემეს და ამაში ფარცხალაძეს ადანაშაულებდა... შუბლზე დიდი წითელი ზოლი ჰქონდა"„ომეგა ორის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე, ლევან ყიფიანის ცემის ფაქტს ადასტურებს.

როგორც ქურდიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მან პირადად ნახა ნაცემი ყიფიანი და მისგან მოისმინა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება ფარცხალაძემ განახორციელა. გადაცემაში საუბრისას ქურდიანმა აღნიშნა, რომ ყიფიანის ცემა 4 მილიონი ლარის მიტანის დაგვიანებას უკავშირდებოდა, ვინაიდან „ომეგას“ ხელმძღვანელობას თავიდან ამ თანხის გადახდა არ სურდა.

მისივე განცხადებით, ამის შემდეგ ყიფიანმა დაიწყო ზეწოლა, რომ მათ იმაზე უარესს უზამდნენ, თუ თანხას არ გამოიტანდნენ. ქურდაძე ყიფიანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა, ბიძინა ივანიშვილთან უნდა მიეტანათ.

„ლევან ყიფიანი ახდენდა ჩვენზე ზეწოლას, გვაშანტაჟებდა, რომ ის ფული აუცილებლად უნდა მიგვეტანა, რადგან ჩვენი უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული – თუ ეს არ იქნება, დაგემართებათ იმაზე უარესიო, რაც მე დამემართაო. ფიზიკური შეურაცხყოფა – როგორც თვითონ ამბობდა. პირადად ჩემთან აქვს მონაყოლი, ნათქვამი, ყველაფერი დეტალებში. ყვებოდა თუ როგორ მივიდა, სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს. იმ საღამოსაც იყო მოსული, პირადად დავინახე, რომ ის მართლა ნაცემი იყო. შუბლზე ჰქონდა დიდი წითელი ზოლი და სახეზეც ეტყობოდა ნაცემი რომ იყო. ის ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა. როგორც ჩანს, ფული არ მიჰქონდა თავის დროზე და მალე უნდა მიეტანა. ის ამბობდა, რომ ეს ფული უნდა მისულიყო ბიძინა ივანიშვილთან, ეს იყო მისი სიტყვები და არა ჩემი“, – განაცხადა გიორგი ქურდაძემ.

ინტერპრესნიუსი