ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საარჩევნო შტაბის უფროსი აშოტ რაისიანი თავდამსხმელებმა ხელკეტებით სცემეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
თვითმხილველები “რუსთავი2”-თან საუბრისას ჰყვებიან, რომ შტაბში ხელკეტებით შეიარაღებული რამდენიმე პირი შევარდა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა.
მათივე განცხადებით, თავდამსხმელები “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან. გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრები ამბობენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი არჩევნების შედეგები გახდა.
აღნიშნულ საკითხს მმართველი გუნდის წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა:
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არჩევნების პირველი ტურის დამთავრების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მიდიან ძალიან ბევრგან, ძალიან უხეშ პროვოკაციაზე, როგორც ჩანს მათ მოახერხეს რეალიზება გარკვეული პროვოკაციის, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებით დადგინდება ყველაფერი, ხელის დაფარებას ნამდვილად არავიზე ვაპირებთ, ამიტომ ჩვენს მომხრეებსაც მოვუწოდებთ, გარკვეული გამძლეობა გამოიჩინონ და ამ პროვოკაციებს არ აჰყვნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რომელიც ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
ამასთან, უწყებამ განცხადებაც გაავრცელა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა დღეს ახალქალაქში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს, ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან, რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველები ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათი ოთხი მხარდამჭერი სასტიკად არის ნაცემი.
„ჩვენს შტაბს თავს დაესხა ჯგუფი, ენზელ მკოიანის ძმის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ვაშაძემ.

