ლევან ყიფიანი – ”ფარცხალაძეს სარდაფი თუ აქვს, არც კი ვიცი…. ივანიშვილთან შეხვედრა ოქუაშვილის თხოვნით მოხდა”

ლევან ყიფიანი - ”ფარცხალაძეს სარდაფი თუ აქვს, არც კი ვიცი.... ივანიშვილთან შეხვედრა ოქუაშვილის თხოვნით მოხდა”დღეს მთავარმა პროკურატურამ ლევან ყიფიანის ჩვენება გაასაჯაროვა.

სპორტის ყოფილი მინისტრი კატეგორიულად უარყოფს ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტს.

„რაც შეეხება ჩემი და ოთარ ფარცხალაძის კონფლიქტს, მერე ამაზე მიბმულ თრილერს სარდაფთან დაკავშირებით, ეს სრული სისულელეა. ოთართან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და არანაირი კონფლიქტი, მითუმეტეს სერიოზული, არასდროს მქონია მასთან.

ეს არის ის ინფორმაცია, რაც ვიცი საქმესთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ლევან ყიფიანის ჩვენებაში.

კითხვაზე, მოწმეთა განმარტებით, 2016 წელს ლევან ყიფიანმა ოფისში მისვლისას განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე მისივე ოფისის სარდაფში ფიზიკურად გაუსწორდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა, ასევე მას სახეზე თითქოსდა ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი, რამდენად შეესაბამება აღნიშნული რეალობას, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული არანაირად არ შეესაბამება რეალობას.

„მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად მე მსგავსი საუბრები არავისთან არ მქონია. ოთარ ფარცხალაძესთან მაქვს საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა და მე მასთან არანაირი სახის კონფლიქტი არ მქონია. ჩანაწერი, სადაც მე ვსაუბრობ ავარიაზე, ხოლო ზაზა ოქუაშვილი აკონკრეტებს და საუბრობს ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, როგორც აღვნიშნე არის ინსცენირება და დადგმულია ზაზა ოქუაშვილის ინიციატივით. მისი თქმით, უცხოელი პარტნიორებისათვის გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა თუკი ჩანაწერში ვისაუბრებდით ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და შეურაცხყოფაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არანაირ კონფლიქტს, ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობას/მუქარას ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, არც მისი ოფისის სარდაფში არ ვარ ნამყოფი და ისიც არ ვიცი აქვს თუ არა საერთოდ სარდაფი. შესაბამისად არანაირი სამედიცინო დაწესებულებისათვის მე არ მიმიმართავს“, – აღნიშნულია ჩვენებაში.

მისი ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილს და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა ზაზა ოქუაშვილის თხოვნის შესაბამისად შედგა.

როგორც ყიფიანი ჩვენებაში აცხადებს, „ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა“.

„2015 წლიდან, მას შემდეგ რაც დავტოვე მინისტრის თანამდებობა, მუშაობა დავიწყე „ომეგა ჯგუფში“. ჩემს უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებთან, ინსტიტუტებთან კლიენტის ბიზნესის საქმიანობაში მხარდაჭერა, ჩემს პირად პასუხისმგებლობას და ვალდებულებას წარმოადგენდა ჯგუფში შემავალი ნებისმიერი კომპანიის ინტერესების დაცვა დანაკარგებისა და ხარჯების თავიდან აცილება.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მე ვახორციელებდი ჩემს საქმიანობას. იმ პერიოდისთვის კომპანიის საქმიანობისას პრობლემატური იყო უცხოური კომპანიების მხრიდან დემპინგური ფასები, რაც საფრთხეს უქმნიდა თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას და შესაბამისად, საფრთხე ექმნებოდა „ომეგა ჯგუფის“ საქმიანობას და დასაქმებულ მუშახელს.

ამ მიზნით მე დავაორგანიზე შეხვედრა იმდროინდელ ბიზნესომბუდსმენთან გიორგი გახარიასთან და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. გიორგი გახარია ამ პერიოდისთვის მუშაობდა ბიზნეომბუდსმენის თანამდებობაზე და მიმაჩნია, რომ იყო საკმაოდ წარმატებული თავის საქმიანობაში. მე არაერთხელ შევსწრებივარ მთავრობის სხდომებზე, როდესაც ხდებოდა გარკვეული საკითხების განხილვა, ყოველთვის იყო საუბარი, რომ გიორგი გახარია აქტიურად იყო ჩართული ყველა პრობლემატური საკითხის მოგვარებაში და ყველა შემთხვევაში იცავდა მეწარმის ინტერესებს. ამ მიზნით იგი ამყარებდა კავშირებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან და ცდილობდა მეწარმის პოზიციების მაქსიმალურად დაცვას.

რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მასთან შეხვედრა მოხდა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით. ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა. საუბარი შეეხო ზოგადად ქართულ წარმოებას და იმ პრობლემებს, რაც ქართულ თამბაქოს გააჩნდა.

გამომდინარე იქედან, რომ ყველასთვის ცნობილია ბატონი ბიძინას დამოკიდებულება ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში ქართული წარმოების მიმართ, ზაზა ოქუაშვილი სწორედ ამ მიზნით იყო ბატონ ბიძინასთან მისული. მან გააცნო საკუთარი ხედვა ქართული თამბაქოს წარმოების განვითრების შესახებ. კერძოდ, იდეა შეეხებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართული თამბაქოს გაშენებას და ზოგადად ამ დარგის აღორძინებას, რაც საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვდა, რაზეც ბატონმა ბიძინამ აღუთქვა დახმარება. კერძოდ, განუმარტა, რომ ზაზა ოქუაშვილს შეედგინა საკუთარი გეგმა და ხედვა, გაეწერა, როგორ ესახებოდა ქართული თამბაქოს განვითარება, რაც თავის მხრივ შექმნიდა დამატებით სამუშაო ადგილებს და ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას, დახმარებოდა ზაზა ოქუაშვილს.

აღნიშნულ საკითხზე და საერთო ბიზნესის განვითარებაზე იყო კიდევ საუბრები და ფაქტობრივად ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას დაგვხმარებოდა აღნიშნულ ბიზნესში. იგი ვერ უწევდა უცხოურს კონკურენციას, იყო დემპინგური ფასები. ასევე თუ სწორად მახსოვს საუბარი იყო რაღაც კრედიტთან დაკავშირებით. ცხადია, მე მქონდა პირადი დაინტერესებაც, რადგან ამ ბიზნესის განვითარების შემთხვევაში მე ვხდებოდი აღნიშნული ბიზნესის მოწილე, შესაბამისად, ამ პროექტის განვითარებისთვის არაერთხელ შევხვდი ბატონ ბიძინას პირადად“, – აღნიშნავს ყიფიანი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ლევან ყიფიანის ჩვენებაში „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის ეპიზოდზეც არის საუბარი.

„რაც შეეხება უშუალოდ თანხის ბანკიდან გატანის მომენტს 2016 წლის აპრილის თვეში, აბსოლუტურად ვერ ვხვდები, რა არის ამაში ან სკანდალური ან უკანონო.

ოქუაშვილმა მითხრა, რომ ოფშორული კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხავდა ფულს და მთხოვა, დავხმარებოდი ამ კომპანიის დირექტორატს, რომელსაც ისევ „ომეგელები“ წარმოადგენდნენ, ფულის სწრაფ „გაქეშებაში“. ეს ჩემი მოვალეობა იყო და არაფერი ექსტრაორდინალური ამ დავალებაში არ იყო.

ზოგადად, ოქუაშვილი იმ პერიოდში სულ ქეშით ოპერირებდა არამარტო პირადი ხარჯებისთვის, არამედ ბიზნესში. მახსოვს, მცხეთაში რაღაცას აშენებდა და ქეშით აფინანსებდა ხარჯების დიდ ნაწილს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ „ომეგას“ ჯგუფში შემავალი კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში შესაძლოა მომხდარიყო მისი ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმართვა.

ამავდროულად, იმ პერიოდისთვის „ომეგა ჯგუფს“ გააჩნდა დავალიანება სს „საქართველოს ბანკის“ წინაშე, რომელიც ითხოვდა სესხის დაფარვას, შესაბამისად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ანგარიშზე თანხის გამოჩენა საფუძველს მისცემდა სს „საქართველოს ბანკს“, დაეყადაღებინა ანგარიშები.

მოკლედ, 2016 წლის აპრილში, ლონდონში გამგზავრებამდე, ზაზა ოქუაშვილი შემხვდა ოფისში და მითხრა, რომ მას სჭირდებოდა თანხის ე.წ. გაქეშება“ და ვინაიდან თვითონ თბილისში არ იქნებოდა, მიმექცია ბიჭებისთვის ყურადღება, რათა პრობლემები არ შექმნოდათ. მითხრა აგრეთვე, რომ კომპანიის დირექტორებად ნიშნავდა „ომეგას“ ჩვეულებრივ თანამშრომლებს, ხაჩიშვილს და ფანქველაშვილს.

2016 წლის აპრილში, თარიღები ზუსტად არ მახსოვს, ორ ეტაპად მოხდა თანხის განაღდება, რომელიც მიიღო კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ხაჩიშვილმა.

კ.მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სს „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში მე, ნიკოლოზ ასანიძე და გიორგი ქურდაძე, დავით ფანქველაშვილი და ალექსანდრე ხაჩიშვილი მივედით. თავიდან „თიბისი ბანკის“ ოპერაციების მმართველი უარს აცხადებდა ამ ოდენობის თანხის ერთჯერადად გაცემაზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზაზა ოქუაშვილი და ზოგადად ჩვენი ჯგუფი იყო „თიბისი ბანკის“ კლიენტი, ბანკმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სწრაფად გასცეს თანხა. „გაქეშებულ“ თანხებთან მე შეხება არ მქონია და ორივე შემთხვევაში ეს ფული, რამდენადაც მახსოვს, დაბრუნდა ოქუაშვილის კუთვნილ „ბე ემ ვე“-ს ცენტრში.

ქეშის ტრანსპორტირების ორგანიზებაც ოქუაშვილმა მოახდინა (მანქანები და ასე შემდეგ), მაგრამ იმის გამო, რომ მე ფულს არ გავყოლილვარ, გადაჭრით ვერ გეტყვით, „ბე ემ ვე“-ში მიიტანეს მერე ეს თანხები, თუ მის რომელიმე სხვა ოფისში, მაგალითად „იბერიაში“, – აცხადებს ჩვენებაში ლევან ყიფიანი.