ლევან ყიფიანი – ”ფარული ჩანაწერების გაკეთება ზაზა ოქუაშვილმა დამავალა… ფარცხალაძესთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს… სარდაფში არაფერი არ მომხდარა”

ლევან ყიფიანი - ”ფარული ჩანაწერების გაკეთება ზაზა ოქუაშვილმა დამავალა... ფარცხალაძესთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს... სარდაფში არაფერი არ მომხდარა”„ომეგა ჯგუფის“ საქმეში გარეულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ლევან ყიფიანი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ სკანდალური განცხადება გააკეთა და „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ზაზა ოქუაშვილი მაკომპრომეტირებელი ჩანაწერების გაკეთებაში დაადანაშაულა.
„მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ოჯახს იმ ვითარების გამო, რაც შეიქმნა ჩემს გარშემო.

მე ამ კომპანიაში ვმუშაობდი 2015 წლიდან ჩემი მოვალეობა იყო, დამემყარებინა კონტაქტი ხელისუფლებასთან. ჩვენ ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა, ზაზა ოქუაშვილმა ერთერთი ბოლო შეხვედრისას მითხრა, რომ რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდის უცხოელი პარტნიორებისგან და საქართველოში ბიუჯეტთან დაკავშირებით. მან დახატა სცენარი, რომ ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა შიდა მოხმარებისთვის, რითიც ის დააარწმუნებდა უცხოელ პარტნიორებს, რომ ხელისუფლება მასზე წნეხს ახორციელებდა და იმ ვალდებულებებისგან გაათავისუფლებდა, რაც მათთან ჰქონდა. მან მითხრა, რომ მივიღებდი დავალიანებას, რომელიც ჩემ მიმართ ჰქონდა, თუ ხელს შევუწყობდი ამ ჩანაწერების გაკეთებაში.

ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მასალა წავიდოდა უცხოეთში, უცხოელების დასარწმუნებლად. ამის შემდგომ მას თავზე ენგრევა მთელი ბიზნესი და ამან გამოიწვია ჩვენი შეთანხმება.

ეს არ ვიცი, ჩემი მხრიდან იყო მიამიტობის თუ დახმარების სურვილი, მე გადავწყვიტე ამ თამაშის წესების მიღება და განვახორციელეთ, მთელი უბედურება ისაა, რომ ის თურმე ამ ჩანაწერებს აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერები, რომლებიც ერთად გავაკეთეთ, ისიც დამონტაჟებულია.“- განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ყიფიანმა ფარცხალაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ზეწოლა არ დაადასტურა და გავრცელებულ ინფორმაციას შეურაცხმყოფელი სიცრუე უწოდა:

„ეს არის შეურაცხმყოფელი, ასეთი რამე არ ყოფილა, ფარცხალაძესთან მაქვს ნორმალური ურთიერთობა.“ – აღნიშნა ყიფიანმა.

ყიფიანის განცხადებით მისთვის ასევე უცნობია, თიბისი ბანკიდან გამოტანილი დიდი ოდენობით თანხის საბოლოო დანიშნულების ადგილი.