მაკედონიაში რეფერენდუმი ჩაიშალა

მაკედონიაში რეფერენდუმი ჩაიშალა30 სექტემბერს მაკედონიაში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელზეც მოსახლეობას ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით საკუთარი არჩევანი უნდა გაეკეთებინა.

თუმცა, როგორც Euronews-ი იუწყება, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო რეფერენდუმი ვერ შედგა. კერძოდ, პლებისციტზე აქტივობამ მხოლოდ 34% შეადგინა, კონსტიტუციის თანახმად კი, ეს მაჩვენებელი 50%-მდე უნდა იყოს.

მედიის ცნობით, რადგან რეფერენდუმი მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა, ხელისუფლება ქვეყნისთვის სახელის გადარქმევაზე უარს არ იტყვის.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მაკედონიის პრემიერმინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა, რომ თუ ხმების დათვლის შემდეგ პასუხი „დიახ“ უფრო მეტი აღმოჩნდება, ქვეყნის სახელი მაინც შეიცვლება, მიუხედავად დაბალი აქტივობისა.

ქვეყნის ახალი სახელწოდების შესახებ შეთანხმებას ხელი საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა, მაკედონიის პრემიერმინისტრმა ზორან ზაევმა და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა 17 ივნისს მოაწერეს.

მაკედონიის სახელწოდების შესახებ კამათი 1991 წელს იუგოსლავიიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო. ახლა, როდესაც მაკედონია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას გეგმავს, მისი სახელწოდება კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

იმედინიუსი