“მოქალაქე ითხოვდა, სახლში მივალ, წამალს დავლევ და გამოვალო, რაზეც პატრულმა უარი უთხრა… ადამიანი ცუდად გახდა და გარდაიცვალა ადგილზე” – რა მოხდა ბათუმში

"მოქალაქე ითხოვდა, სახლში მივალ, წამალს დავლევ და გამოვალო, რაზეც პატრულმა უარი უთხრა… ადამიანი ცუდად გახდა და გარდაიცვალა ადგილზე” - რა მოხდა ბათუმში7 ოქტომბერს ბათუმში ახალსოფლისკენ მიმავალი ავტომანქანა საპატრულო პოლიციამ გააჩერა გადასამოწმებლად.

მოსახლეობის თქმით, მძღოლმა საპატრულოს თანამშრომლებს სთხოვა, გაეშვათ, რომ სახლში მისულიყო და წამალი დაელია, რაზეც მას უარი უთხრეს და მოკლე ხანში მოქალაქე გარდაიცვალა.

მოსახლეობა მომხდარზე პასუხისმგებლობას საპატრულოს ეკიპაჟს აკისრებს. ახალსოფლის ხიდთან მოსახლეობამ მაგისტრალი გადაკეტა. ისინი საპატრულო პოლიციის მოქმედებას აპროტესტებდნენ.

“სახლში ბრუნდებოდა ახალგაზრდა კაცი ავტომანქანით და პატრულმა გააჩერა გადამოწმების მიზნით. მოქალაქე ითხოვდა, სახლში მივალ, წამალს დავლევ და გამოვალო, რაზეც პატრულმა უარი უთხრა… ადამიანი ცუდად გახდა და გარდაიცვალა ადგილზე”- უთხრა “ბათუმელებს” ახალსოფელში მცხოვრებმა გოჩა სურგულაძემ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, თუმცა ოჯახის მოთხოვნით იგი რეფერალურ ჰოსპიტალში გადაასვენეს.

შსს-მ მომხდარზე ასეთი განცხადება გააკეთა:

„მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბათუმში, ახალსოფელში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით მსუბუქი ავტომობილი შეაჩერა. მანქანის მძღოლი, 1957 წელს დაბადებული ა.ლ. ალკოტესტით შემოწმდა. დადგინდა, რომ ფხიზელი მართავდა საჭეს, რის შემდეგაც მძღოლმა ავტომანქანით გადაადგილება განაგრძო.

დაახლოებით 15-20 წუთში მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დახმარებისთვის მიმართეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ“ – აღნიშნულია შს სამინისტროს წერილობით კომენტარში, რომელიც „ბათუმელებს“ პრესსამსახურმა მოაწოდა.

ბათუმელები