ფაქისო მოჩოჩოკო – “ჰააგაში აგვისტოს ომის გამოძიება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია”

“ეს არაა პოლიტიკური ინსტიტუტი, ამიტომ, რაც საქართველოში ხდება პოლიტიკურად, ეს მხოლოდ ხალხის საქმეა. ჩვენი გამოძიების პროცესზე არაფერი მოახდენს გავლენას, რადგან გამოძიება ობიექტური უნდა იყოს და მხოლოდ ფაქტებსა და კანონებს ეყრდნობოდეს. პროცესი თავისუფალი იქნება პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან, რაც შესაძლოა საარჩევნოდ საქართველოში მიმდინარეობს. მტკიცებულებები, რასაც მოვიპოვებთ, იმაზეა გათვლილი, რომ კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთოს და არა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი ან ვინ რას აკეთებდა ომში. ჩვენი საქმე ინდივიდუალურ კრიმინალურ პასუხისმგებლობას ეხება, ამიტომ ვეძებთ ფაქტებსა და მტკიცებულებებს კონკრეტულ ინდივიდებზე, პოლიტიკური განცხადებები არაა რელევანტური ჩვენი მიზნებისთვის”, – თქვა ფაქისო მოჩოჩოკომ.

როგორც მან თბილისში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალი დონის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა, გამოძიების დასრულების შესახებ ჯერჯერობით ვერ გააკეთებს განცხადებას. მოჩოჩიკოს განცხადებით, აგვისტოს ომის თემაზე გამოძიება თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა.

“პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვაანალიზებთ იმ ინფორმაციას, რაც უკვე მოვაგროვეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ამავდროულად, ვხვდებით მოწმეებს და ვამოწმებთ მიღებულ ინფორმაციას, ჩვენ მივდივართ წინ და ეს გამოძიებაც მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, თუ, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები ამის საშუალებას მოგვცემს“, – აღნიშნა ფაქისო მოჩოჩოკომ.

ფაქისო მოჩოჩოკო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებს ძალისხმევას, რათა გამოძიების პროცესში რუსეთის ჩართვა უზრუნველყოს, თუმცა ჯერ უშედეგოდ.

“სამწუხაროდ, რუსეთი არაა ჩართული გამოძიების პროცესში, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარწმუნოთ ისინი, რათა ჩვენთან ერთად იმუშაონ. მაგრამ გამოძიება რუსეთის გარეშეც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა მათთან ერთად მუშაობა, რომ მოგვეგროვებინა ყველა სახის მტკიცებულება ორივე მხრიდან, მაგრამ თუ ამის ნება არ არის, მაშინ გავაგრძელებთ ძალისხმევას და ვიმუშავებთ იმ ინფორმაციით, რასაც მოვაგროვებთ”, – აღნიშნა ფაქისო მოჩოჩოკომ.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ რამდენიმე დღის წინ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოდან ამონაწერი წარადგინა. ბაქრაძის თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები არის საშიში და ზიანის მომტანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის.

იმედინიუსი