ადვოკატები აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში ადვოკატების ციხეში შესვლა გართულდა. კერძოდ, საუბარია ჩხრეკის პროცედურაზე. თუ აქამდე ჩხრეკა სპეციალურ ოთახში ტარდებოდა, ახლა ეს დაწესებულების შესასვლელშივე ტარდება. ადვოკატები ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე საუბრობენ.
აღნიშნულ საკითხზე „ახალი თაობა“ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატ დიმიტრი ნოზაძეს ესაუბრა.
_ ბატონო დიმიტრი, მოუყევით ჩვენს მკითხველს, რა შეიცვალა ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ციხეში შესვლასთან დაკავშირებით?
_ ციხეში პატიმრებთან პირველად არ შევსულვარ. შესაბამისად, უცხო თემა არ არის ეს ჩემთვის. როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შედიხარ, ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ შეგამოწმონ.
_ ეს ალბათ უსაფრთხოებიs გამო.
_ დიახ, ეს იმისთვის კეთდება, რომ ცდუნება არ იყოს ბასრი საგანი ან რაიმე სხვა აკრძალული საშუალება შეიტანო. მაგრამ, ეს ხდებოდა ყოველგვარი სტანდარტების დაცვით. არსებობს ჩვეულებრივი გასაჩხრეკი ოთახი. ეს ოთახები მანდილოსნებისთვის ცალკეა და მამაკაცებისთვის – ცალკე. ამ ოთახში ვტოვებდით ლითონის ნივთებს, სამკაულებს და ა. შ.
მაგრამ ამ ფარული ჩანაწერების შემდეგ ვითარება შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ ჩხრეკა ხდება პირდაპირ შეასასვლელში. არაა დაფარული, მანდილოსნებს როგორ ჩხრეკენ და ჩვენ როგორ.
ეს დიდ დისკომფორტს უქმნის ქალბატონებს, რომლებსაც სთხოვენ, რომ ქამარი მოიხსენი, ეს გაიხადე და ის გაიხადე… ჩვენც რა ვქნათ, მიტრიალდები, მოტრიალდები და მაინც დაინახავ, რაც სასიამოვნო არ არის. იქ არავის აქვს სურვილი, იქ გაჩერდეს, იქ მიდიხარ შენს საქმეზე, მაგრამ ასეთი რაღაცა არ უნდა ხდებოდეს.
_ არ გააპროტესტეთ?
_ კი, გავაპროტესტეთ, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. როდესაც მოვითხოვე პასუხი, ეს რატომ ხდება, როცა აქამდე არ ხდებოდა-მეთქი, მოიმიზიზეს, რომ ეს ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ხდებაო. მესმის, რომ ჩხრეკის ზომები გაამკაცრონ, მაგრამ ეს უნდა ჩატარდეს გასაჩხრეკ ოთახში და არა ყველას დასანახად. ჩვენ აუქციონზე არ გავდივართ, ადამიანები ვართ!
_ რა ქმედების განხორციელებას აპირებთ ამ მიმართულებით?
_ ადვოკატთა ასოციაციაც აპირებს გაავრცელოს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება. ყოველ შემთხვევაში ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ჩვენ თუ ჩვენს უფლებებს ვერ დავიცავთ, სხვის უფლებებს როგორ დავიცავთ?!
_ მიიჩნევთ თუ არა ამას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად?
_ რა თქმა უნდა, თავისთავად უხეში დარღვევაა, რადგან განსაზღვრულია წესები, როგორ, რა ფორმით და რა პირობებში უნდა ჩატარდეს ჩხრეკა. ეს იგივეა, ნებისმიერი ადამიანი ყველას დასანახად გააჩერო და დაუწყო ჩხრეკა.
_ ეს ყველა დაწესებულებაში ასეა თუ კონკრეტულ დაწესებულებაში გაამკაცრეს ზომები?
_ მე მერვე დაწესებულებაში მიწევს სიარული. ადრეც დავდიოდი და ახლაც დავდივარ. ადრე ჩვეულებრივ ტარდებოდა, ეს პროცედურები. ამაზე ადრე წინააღმდეგობა არავის გაგვიწევია, შევდიოდით გასაჩხრეკ ოთახში და იქ ხდებოდა. ელექტრონულადაც ტარდებოდა შემოწმების პროცედურა და ვიზუალურადაც. მაგრამ ეს არ ხდებოდა გარეთ, შესასვლელში. გასაჩხრეკი ოთახის ფუნქციაც გაუგებარია. რაღა საჭიროა მაშინ გასაჩხრეკი ოთახი.
_ სხვა ადვოკატებთანაც თუ გქონიათ კომუნიკაცია და მათაც იგივე პრობლემები აქვთ?
_ კი რა თქმა უნდა.
_ სხვა დაწესებულებებშიც იგივე ხდება თუ ეს პრობლემა მხოლოდ მერვე დაწესებულებაშია?
_ ბოლოს როდესაც ვიყავი რუსთავის დაწესებულებაში და იქ ჩვეულებრივად შევედი. იქ საჩხრეკ ოთახში ხდება ინდივიდუალურად ჩხრეკის პროცედურა. ამოწმებენ იმასაც, ფეხსაცმელში შიგნით ხომ არაფერი გილაგია. ყველას დასანახად რომ გავეჩხრიკეთ, ასეთი რამე არ ხდებოდა.
_ ანუ მარტო მერვე დაწესებულებაშია ასე?
_ ამ ჩანაწერების შემდეგ მერვე დაწესებულებაში როდესაც შევედი, მას შემდეგ სხვაგან აღარსად ვყოფილვარ. სხვა დაწესებულებებში რას და როგორ აკეთებენ, არ ვიცი.
_ საჩივარი ხომ არ დაგიწერიათ? ან უახლოეს პერიოდში ხომ არ აპირებთ?
_ საჩივარი არ დაგვიწერია. ყველამ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, მაგრამ არ დაგვიწერია საჩივარი. რამდენიმე ადვოკატი საჩივარის დაწერასაც აპირებდნენ, მაგრამ დაწერს თუ არა, არ ვიცი.
_ სხვა მხრივაც ხომ არ არის შეზღუდვა ფარული ჩანაწერების შემდეგ?
_ შესვლის მხრივ არაფერი არ გართულებულა. ციხეში პრობლემა ის არის, რომ გვიან ამოჰყავთ პატიმარი. ეს ჩანაწერებამდეც ასე იყო და ჩანაწერების შემდეგაც ასეა. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

