შსს – ”ზურაბ ჯაფარიძე პოლიციელებს ნებაყოფლობით გაჰყვა”

შსს - ”ზურაბ ჯაფარიძე პოლიციელებს ნებაყოფლობით გაჰყვა”შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა.

როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, მას პოლიციამ ნებაყოფლობით გაყოლა შესთავაზა, რაზეც ჯაფარიძემ თანხმობა განაცხადა.

„გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე იყო შეუძლებელი. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს გაჰყვა ნებაყოფლობით. ამ ეტაპზე მისი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.