საქმე არის შეკერილი და პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა საქალაქო სასამართლოში ვასილენკოს გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის და მისი მეუღლის მიმართ გადადგმული ნაბიჯები კონკრეტული პირის ინტერესებს ემსახურება. თუმცა, ადვოკატს არ დაუკონკრეტებია თუ ვის გულისხმობდა. სოსო ბარათაშვილმა ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რითაც გამოკითხვის პროცესში გამომძიებლები დაინტერესდნენ.
“ყველა კითხვას, რომლებიც დაისვა ანგელა ვასილენკოს მისამართით, გაეცა ამომწურავი პასუხი. შეკითხვები შეეხებოდა ვასილენკოს ფუნქციებსა და საქმიანობას ფონდში, ასევე თუ რა თანხებით და რა მიზნით მოხდა მისი მგზავრობის დაფინანსება და სასტუმროს ხარჯების დაფარვა. ანგელა ვასილენკომ გასცა პასუხი, რომ ის ფონდში ძალზედ შრომატევად საქმეს ასრულებდა. აწარმოებდა მოლაპარაკებას როგორც სპონსორებთან, ასევე მუსიკოსებთან, რომელთაც გამართეს საქველმოქმედო კონცერტები. ყველა ამ ღონისძიებაში ანგელა ვასილენკო იღებდა აქტიურ მონაწილეობას.
ამ ყველაფერს სჭირდებოდა დაფინანსება. ეს არის მგზავრობის ხარჯები, ასევე, როდესაც ჩამოდიოდნენ უცხოელი სტუმრები, ქირაობდა სასტუმროს. არანაირი გაფლანგვა აქ არ არის. მოსახლეობის მიერ შეწირული თითოეული თეთრი მოხმარდა ბენეფიციარებისათვის ბინების შეძენას. 2004-დან 2015 წლოს ჩათვლით ფონდში საქველმოქმედო ხასიათით მუშაობდა. 2016-1017 წლებში კი გარკვეული საქმიანობის საზღაურად იღებდა თანხას თვეში 2500 ლარს. საქმე არის შეკერილი და პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. საქმე უკავშირდება კონკრეტული პირების ინტერესებს, ვისაც გააჩნია საქართველოში ძალაუფლება, რომ პროკურატურაზე მოახდინოს ზეგავლენა”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს გამოძიებამ ვასილენკოს გამოკითხვა დაასრულა და ისინი უახლოეს მომავალში საგამოძიებო უწყებაში დაბარებას აღარ ელოდებიან.
ინტერპრესნიუსი

